Facebook Twitter

საქმე Nბს-309(კს-19) 16 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარები - გ. ჯ-ე, ი. ო-ი-ჯ-ე (კანონიერი წარმომადგენელი გ. ჯ-ე) (მოსარჩელები)

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჯ-ემ და ი. ო-ი-ჯ-ემ (კანონიერი წარმომადგენელი გ. ჯ-ე) 2016 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 14 ნოემბრის N1-2172 ბრძანების, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 აგვისტოს N690 ბრძანებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 აგვისტოს N777 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, გ. ჯ-ის და ი. ო-ი-ჯ-ის (კანონიერი წარმომადგენელი გ. ჯ-ე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 14 ნოემბრის N1-2172 ბრძანება გ. ჯ-ის და ი. ო-ი-ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 აგვისტოს №777 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაჰბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს, რაც დადასტურებულია ორგანიზაციის მიერ სასამართლო გზავნილზე დასმული ბეჭდით (ტ.1, ს.ფ. 307). ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა 2019 წლის 11 იანვარს, რაც დადასტურებულია სააპელაციო საჩივარზე დასმული სასამართლოს ბეჭდით (იხ. ტ.1, ს.ფ. 325).

ვინაიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 27 დეკემბრიდან და ამოიწურა 2019 წლის 09 იანვარს, 24 საათზე. შესაბამისად, 2019 წლის 11 იანვარს შეტანილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატამ მიიჩნია გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად და დატოვებულ იქნა განუხილველად;

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2019 წლის 31 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას, თუ რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში თუ სასამართლო 10 დღის განმავლობაში არ იმსჯელებს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხზე. შესაბამისად, აღნიშნული ურთიერთობის დასარეგულირებლად ანალოგიის წესით გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 445-ე მუხლის მე-3 ნაწილი. აღნიშნული მუხლი ეხება სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს, რომლის თანახმადაც თუ მოსამართლე 5 დღის ვადაში არ იმსჯელებს სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე სარჩელი ავტომატურად მიღებულად ითვლება. ამავე კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უდავო გარემოებაა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 11 იანვარს, ხოლო სასამართლოს აღნიშნული სააპელაციო საჩივარი ზემდგომ სასამართლოში უნდა გადაეგზავნა 5 დღის ვადაში, არაუგვიანეს 2016 წლის 16 იანვრისა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხზე უნდა ემსჯელა არაუგვიანეს 2018 წლის 26 იანვრისა (შაბათ-კვირის გათვალისწინებით 28 იანვარი). სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხზე არ უმსჯელია კანონმდებლობით გათვალისწინებულ 10 - დღიან ვადაში, რის გამოც, ანალოგიის პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულად ითვლება და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

განსახილველ საქმეზე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 27 დეკემბრიდან და ამოიწურა 2019 წლის 09 იანვარს, 24 საათზე ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 11 იანვარს, ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებულ მოსაზრებებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 369-ე 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე