Facebook Twitter

საქმე ბს-469(უს-19) 16 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი,

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ კ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსრულების პოლიცია

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 30 ოქტომბერს კ. ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსრულების პოლიციის მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და აღსრულების პოლიციას აეკრძალოს აღსრულების განხორციელება, კერძოდ, კ. ხ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს.კ. ... მდებარე ქ. თბილისში, .... N..., ბინა 73) კ. ს-ის გამოსახლება. მოსარჩელემ ასევე, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და საქმის საბოლოო განხილვამდე აღმასრულებელ რ. გ-ას წარმოებაში არსებული N18028594-004/001 სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა.

2018 წლის 05 ნოემბერს მოსარჩელე კ. ს-ის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მიმართა სასამართლოს, დააზუსტა მოპასუხეთა წრე, მოპასუხედ მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია და მოითხოვა მოპასუხეს აეკრძალოს აღსრულების განხორციელება, კერძოდ, კ. ხ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს.კ. ..., მდებარე: ქ. თბილისში, ... ..., ბინა 73) კ. ს-ის გამოსახლება.

2018 წლის 14 ნოემბერს კ. ს-ის წარმომადგენელმა თ. გ-მა ასევე დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხედ მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსრულების პოლიცია და მოითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართალურთიერთობის არარსებობის დადგენა. ასევე უზრუნველყოფის სახით მოითხოვა მოპასუხისათვის აღსრულების განხორციელების აკრძალვა, კერძოდ, კ. ხ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს.კ. ... მდებარე ქ. თბილისში, ... №..., ბინა 73) კ. ს-ის გამოსახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებაით კ. ს-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 18 იანვარს კ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. რ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი გამოსახლების პროცესის შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა განუხილველად იქნა დატოვებული, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა და 2019 წლის 18 იანვარს მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა იმავე საგანზე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი გამოსახლების პროცესის შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 18 თებერვალს 17:52 საათზე კ. ს-ის წარმომადგენელმა თ. გ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქმის საბოლოო განხილვამდე აღმასრულებელ რ. გ-ას წარმოებაში არსებული N18028594-004/001 სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით კ. ს-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ როდესაც სასამართლოს მიერ საქმეზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობები.

2019 წლის 20 თებერვალს კ. ს-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კ. ს-ის გამოსახლების აკრძალვა. აღნიშნული განცხადება, განსახილველად გაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2019 წლის 21 თებერვალს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით კ. ს-ს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც მხარეს დაევალა მოთხოვნის დაზუსტება. კერძოდ, განცხადების ავტორს სასამართლოსთვის უნდა მიეთითებინა 2019 წლის 20 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, თუ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წინაშე აყენებდა შუამდგომლობას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2019 წლის 22 თებერვალს კ. ს-ის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, სადაც მხარემ მიუთითა, რომ არ ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებას და ითხოვდა კ. ს-ის ნაწილში გამოსახლების შეჩერებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით კ. ს-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის შუამდგომლობა დაყენებული იყო იმავე საგანზე და მოთხოვნაც გამომდინარეობდა იმავე საფუძვლიდან, რაზეც მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ განცხადებებში. ანალოგიური შინაარსის განცხადებები კი განხილულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი გამოსახლების პროცესის შეჩერების თაობაზე, დარჩა განუხილველად, რაც არ გასაჩივრებულა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა კ. ს-ს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგან სახეზე იყო სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2019 წლის 26 თებერვალს წარდგენილ იქნა კ. ს-ის განცხადება-თხოვნა, რომელიც თავისი შინაარსის მიხედვით სააპელაციო პალატამ მიიჩნია 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე წარდგენილ საჩივრად, რადგან კ. ს-ი აღნიშნული განცხადებით არ ეთანხმებოდა სადავო ბინიდან მის გამოსახლებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებას, რომლითაც მხარის განცხადება გამოსახლების შეჩერებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განჩინებით კ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. .

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ს-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, იგი სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად და გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განმცხადებლის მიერ წარდგენილია დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე, ასევე განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი გავლენა გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით კ. ს-ის განცხადება გამოსახლების შეჩერებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, რადგან, მხარე კვლავ ითხოვდა სასამართლოსგან გამოსახლების შეჩერებას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ განცხადებებში, რომელთა თაობაზეც სასამართლომ იმსჯელა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი გამოსახლების პროცესის შეჩერების თაობაზე, დარჩა განუხილველად;

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უკავშირდება სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით კ. ს-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ საქმეზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობები, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 20 თებერვალს წარდგენილი მოსარჩელის შუამდგომლობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კ. ს-ის გამოსახლების აკრძალვის თაობაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეზე ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევას, რამდენადაც საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით კ. ს-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რომეელიც არ გასაჩივრებულა. ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 20 თებერვალს წარდგენილი და 22 თებერვალს დაზუსტებული მოსარჩელის შუამდგომლობა დაყენებული იყო იმავე საგანზე და მოთხოვნაც გამომდინარეობდა იმავე საფუძვლიდან, რაზეც მოსარჩელე მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ განცხადებებში, რომლებიც არაერთგზის განხილულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ იძულებითი გამოსახლების პროცესის შეჩერების თაობაზე, დარჩა განუხილველად; ამასთან საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად ვერ იქნა მითითებული იმ კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას ან შეუძლებლობას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, რაც გამოიწვევდა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვალს კ. ს-ის სარჩელზე მიღებულია გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე .

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ს-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 194-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლისა და 2019 წლის 6 მარტის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე