Facebook Twitter
საქმე №ბს-470(კ-19) 23 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ბ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ბ-მა 2017 წლის 17 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 11 ოქტომბრის №MES 2 17 01244031 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დ. ბ-ის სასარგებლოდ „აუ“ №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება №3/7761-17 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 11 ოქტომბრის №MES 2 17 01244031 გადაწყვეტილება, დ. ბ-ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თბილისის სახელმწიფო კომერციის ინსტიტუტის მიერ 1995 წელს გაცემული, დ. ბ-ის კუთვნილი „აუ“ №... (სარეგისტრაციო №...) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2006 წლის 13 ივლისსა და 2007 წლის 13 ივლისს ცვლილებები შევიდა; კოდექსს დაემატა რამდენიმე დებულება, რომლებიც ხაზს უსვამდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს და სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები დასაბუთებული უნდა იყოს. შეჯიბრებითობის პრინციპი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი უზრუნველყოფს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს კანონის წინაშე მოქალაქეების თანასწორობის პრინციპს: „მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად (2006 წლის 13 ივლისის საკანონმდებლო ცვლილება). სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას ზედამხედველობას უწევს საკასაციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნოს იმავე ან სხვა შემადგენლობით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლი). გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება, თუ ის: არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (2006 და 2007 წლებში შეცვლილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი). იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, რითაც უხეშად დაირღვა აღნიშნული საერთაშორისო აქტის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. კერძოდ, როგორც პირველი ინსტანციის, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების თანახმად, დ. ბ-ს მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ვინაიდან დ. ბ-მა ჩააბარა უმაღლეს კომერციულ სასწავლებელში (კოლეჯში), რომელიც 1992 წლამდე არ ახორციელებდა უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას, ამასთანავე, რადგან არ არსებობს სათანადო არგუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის შესაძლებლობა, არ არსებობდა მოსარჩელის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების ფაქტობრივი საფუძველი. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. დ. ბ-მა 1987 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის …ის რაიონის მე-11 საშუალო სკოლის კურსი დამაკმაყოფილებელი ყოფაქცევით. დ. ბ-ი ჩაირიცხა თბილისის უმაღლესი კომერციული სასწავლებლის/კოლეჯის/ დირექტორის 1991 წლის 23 ივლისის ბრძანებით, 1991-1992 სასწავლო წლის მისაღების გამოცდების ჩაბარების შედეგად, ამავე სასწავლებელში/კოლეჯში/ დღის დასწრებულ განყოფილებაზე, სასურსათო საქონლით ვაჭრობის კომერსანტ-ორგანიზატორის სპეციალობაზე. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N10) თბილისის სახელმწიფო კომერციის ინსტიტუტის კომერციული საქმიანობის მენეჯერის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ დ. ბ-ს მიენიჭა ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით მის სახელზე 1995 წლის 30 ივნისს გაიცა „აუ“ N... წარჩინების დიპლომი (სარეგისტრაციო N...). საქართველოს სსრ სახალხო განათლების და საქართველოს სსრ ვაჭრობის სამინისტროების 1990 წლის 6 თებერვლის კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საბჭოთა ვაჭრობის ტექნიკუმი გადაკეთდა უმაღლეს კომერციულ სასწავლებლად/კოლეჯად/. საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს მიერ 1990 წლის 12 თებერვალს დამტკიცდა თბილისის უმაღლესი კომერციული სასწავლებლის/კოლეჯის/ დროებითი დებულება. დებულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომერციულ სასწავლებელში მიღება ხორციელდება საშუალო სპეციალურ დაწესებულებებში მიღების წესების შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კოლეგიის 1991 წლის 12 დეკემბრის N2 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 19 მარტის N340 დადგენილებით, თბილისის უმაღლესი კომერციული კოლეჯის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კომერციის ინსტიტუტი. საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის 1992 წლის 20 იანვრის N09 ბრძანებით დამტკიცდა რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში 1992 წლის მიღების წესები. წესების პირველი პუნქტის თანახმად, რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქენი.
საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრის 1992 წლის 15 სექტემბრის N358 ბრძანებით დამტკიცდა უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის ტიპიური დებულება. დებულების თანახმად, უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც იქმნება მოწინავე საშუალო სპეციალური სასწავლებლის ბაზაზე, ეწოდება კოლეჯი, სადაც კადრების მომზადება შეიძლება განხორციელდეს ორ საფეხურად: I საფეხური - სპეციალისტთა მომზადება საშუალო სპეციალური განათლებით; II საფეხური - ამაღლებული დონის კვალიფიკაციის სპეციალისტთა მომზადება/უმცროსი ინჟინერ-მექანიკოსი და სხვა/. უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში სწავლების ყოველი საფეხური პროფესიული თვალსაზრისით დასრულებულია, რაც კურსდამთავრებულს შესაბამისი პროფესიით ან სპეციალობით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის ვადა განისაზღვრება პროფესიის, სპეციალობის სირთულით და შეიძლება გაიზარდოს საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით. უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის/ლიცეუმის, კოლეჯის/ მოსწავლეებს, რომელთაც შეასრულეს შესაბამისი სწავლების სრული კურსის ყველა მოთხოვნა, მიეცემათ დადგენილი ნიმუშის დიპლომი. ამასთან, უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებს უფლება აქვთ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი სასწავლებლის მონათესავე სპეციალობაზე შემცირებულ ვადებში; გადასვლის წესს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი სასწავლებელი.
სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა“ და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში“ ვერ იქნა მოძიებული ის სამართლებრივი აქტები (ან მათი ასლები), რომლებითაც განსაზღვრული იყო 1990-1995 წლებში საშუალო პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა. ამდენად, მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, მათი სამართლებრივი შეფასების გარეშე, კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, განსახილველ შემთხვევაში ცენტრმა სადავო საკითხი კომპლექსურად არ გააანალიზა და შესაბამისი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოების დროს მოპოვებულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ დ. ბ-ი 1991 წელს ჩაირიცხა თბილისის უმაღლეს კომერციულ სასწავლებელში (კოლეჯში). შესაბამისად, დ. ბ-მა საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი (პირველი კურსი) გაიარა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოძიებული საარქივო დოკუმენტაციისა და თბილისის კომერციის ინსტიტუტის (კოლეჯის) სამართალმემკვიდრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვერ დადგინდა სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ცენტრს მისცემდა შესაძლებლობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის აღიარებულად ჩაეთვალა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის ნაწილი. შესაბამისად, ვერ დადგინდა საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, უმაღლესი განათლების მიზნებისათვის სწავლის პერიოდის და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარების თაობაზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელის კუთვნილი საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითაც უხეშად დაირღვა „წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში - წესი) იმ ნორმათა იმპერატიულად დადგენილ შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია დიპლომის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა და ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ფაქტობრივ - სამართლებრივი წინაპირობები.
კასატორის მოსაზრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც დ. ბ-მა მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა დ. ბ-ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს სათანადო უფლებამოსილების გარეშე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის გათვალისწინების ფაქტი, როდესაც საქმიანობის რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციობირებას.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლოდ დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის“ ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები დ. ბ-ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითაც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს. ამ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. შესაბამისად, ეს სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელევანტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ეხმიანება კონკრეტულ მიზანს. სასამართლომ ამგვარი მსჯელობით მოახდინა თავად კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არასწორი ინტერპრეტაციის დემონსტრირება. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნეს კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირებადი, საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სურვილის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას. სააპელაციო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითაც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს. ამ მოცემულობით, გაუგებარია რა მიზანს ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მითითება კანონიერების პრინციპით ადმინისტრაციული ორგანოს ბოჭვასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველის ნაწილის დარღვევას - აქტის გამოცემას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც არასწორია და ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონდარღვევით, მიკერძოებული გადაწყვეტილების გამოტანას.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლო, გადაწყვეტილებაში უთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე" (შემდგომში - წესი), როგორც მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედ ერთ-ერთ სახელმძღვანელო დოკუმენტზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა ქვეყანაში დოკუმენტის ნამვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება. ზემოაღნიშნული წესი განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ხსნებული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. „წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება კი წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული წესის მოქმედების პირობებში ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე, როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით. სწორედ, „წესის“ შესაბამისი რეგულაციებით იხელმძღვანელა ცენტრმა დ. ბ-ის მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს. საქმის სამართლიანი განხილვის პროცესთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიები ფორმალური შინაარსისაა და მათი საფუძვლიანობა არ დასტურდება სამართალწარმოების მასალებით და საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შედეგი შეესაბამება დარგის მარეგულირებელ მატერიალურ კანონმდებლობას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო კომერციის ინსტიტუტის მიერ დ. ბ-ის სახელზე 1995 წელს გაცემული „აუ“ №… (სარეგისტრაციო №…) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დ. ბ-მა თბილისის უმაღლეს კომერციულ სასწავლებელში (კოლეჯი) სწავლა დაიწყო 1991 წელს 1991-1992 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების ჩაბარების შედეგად. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი №10) თბილისის სახელწიფო კომერციის ინსტიტუტის კომერციული საქმიანობის მენეჯერის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ დ. ბ-ს მიენიჭა ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, დ. ბ-ის სახელზე 1995 წლის 30 ივნისს გაიცა „აუ“ №... წარჩინების დიპლომი (სარეგისტრაციო №...). საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის დროს ინსტიტუტი წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ სათანადო წესით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველად მითითებულია, რომ ვერ იქნა მოძიებული ის სამართლებრივი აქტები (ან მათი ასლები), რომლებითაც განსაზღვრული იყო 1990-1995 წლებში საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სწავლის დასრულებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს ადასტურებს თბილისის სახელწიფო კომერციის ინსტიტუტის მიერ 1995 წელს დ. ბ-ის სახელზე გაცემული „აუ“ №... წარჩინების დიპლომი, რომლის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაცია ან გავლილი სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ცენტრი ვალდებულია ნამდვილობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს აღნიშნულის თაობაზე. ამდენად, ის გარემოება, რომ ცენტრის მიერ ვერ იქნა მოძიებული მოსარჩელის მიერ გავლილი სწავლის პერიოდის სახელმწიფოს მიერ აღიარების თაობაზე ინფორმაცია, არ აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას საერთოდ უარი უთხრას დ. ბ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დ. ბ-ის მიერ მოპოვებული განათლების მიღების უფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გარემოება, რადგან საქმეში დაცული მტკიცებულებების კანონით დადგენილი წესით გამოკვლევის შედეგად დასტურდება, რომ მოსარჩელემ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში დაასრულა სწავლა და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1995 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი №10) თბილისის
სახელწიფო კომერციის ინსტიტუტის კომერციული საქმიანობის მენეჯერის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ დ. ბ-ს მიენიჭა ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაცია და მის სახელზე 1995 წლის 30 ივნისს გაიცა საგანმანათლებლო დოკუმენტი - „აუ“ №... წარჩინების დიპლომი (სარეგისტრაციო №...), რომლის მიმართ მოარჩელის კანონიერი ნდობის არარსებობის თაობაზე კასატორის მიერ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ დასაბუთებას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და დარგის მარეგულირებელი ნორმების უგულებელყოფით წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება სწავლის შედეგის დეფაქტო გაბათილებაა და ის გარემოება, რომ ვერ იქნა მოძიებული ის სამართლებრივი აქტები (ან მათი ასლები), რომლებითაც განსაზღვრული იყო 1990-1995 წლებში საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა, არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირისათვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და სამსახურში დასაქმების მოპოვებული უფლების შეზღუდვის საფუძველი, ამასთან, აღნიშნული გარემოება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საფუძვლად დაედოს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმას, თუ კასატორი დაასაბუთებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან დასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული მოსარჩელის უფლების დაცვის გარემოებების არსებობა. ამასთან, თბილისის სახელწიფო კომერციის ინსტიტუტის მიერ დ. ბ-ის სახელზე გაცემული „აუ“ №... დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს და აღნიშნული აქტის გამოცემაზე უარით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არათანაზომიერია და ვერ გადაწონის ის ინტერესი, რომელზეც კასატორი მიუთითებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 15.03.2019წ. №02523 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე