საქმე №ბს-1169(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ს. ღ-ი, თ. თ-ა, ზ. კ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირები - იბა „...“, „იბა დ...“, ტ. ბ-ე, ვ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ღ-მა, თ. თ-ამ და ზ. კ-ემ 2017 წლის 6 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 27 მარტის №97399 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 აგვისტოს №1424476 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 22 ოქტომბრის №1526491 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ’’, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №1897278 ბრძანების ბათილად ცნობა ,,მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ" და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 20 დეკემბრის №1-2583 ბრძანების ბათილად ცნობა ,,ზ. კ-ის, თ. თ-ასა და ს. ღ-ის წარმომადგენლების ა. ხ-ის, ა. ა-ისა და ქ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე".
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „..." და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „დ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ ტ. ბ-ე და ვ. ს-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ღ-ის, თ. თ-ასა და ზ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ღ-მა, თ. თ-ამ და ზ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩნებით ს. ღ-ის, თ. თ-ასა და ზ. კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ღ-მა, თ. თ-ამ და ზ. კ-ემ, რომლებმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ (ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ) გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, კონკრეტულად კი ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით „განაშენიანებული ტერიტორიების ქალაქთმშენებლობითი განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობის-სიმჭიდროვის ზრდა) დასაშვებია, მხოლოდ არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში“.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონები, რომელიც გამოიყენა. ის სამართლებრივი აქტები, რომლებსაც სასამართლო დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, არ აუქმებს და არ ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვალდებულებას და ამ ვალდებულების შესრულება არ შეიძლება გამართლებულ იქნეს სასამართლოს მიერ მითითებული სამართლებრივი აქტებით.
კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ ყოფილა განხილული არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის შესაბამისობის ან გაუმჯობესების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთი დოკუმენტები არ არსებობს, თუმცა სასამართლომ მოახდინა აღნიშნული გარემოების იგნორირება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ს. ღ-ის, თ. თ-ასა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი ზ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი,დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ს. ღ-ისა და თ. თ-ას მოთხოვნის ნაწილში ს. ღ-ის, თ. თ-ასა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ღ-ისა და თ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტებით დაინტერესებულ პირებს დაუდგინდათ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო მოსარჩელეთა მიერ აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად მიეთითა მათი საკუთრების უფლების შელახვისა და ქუჩის დავიწროების ფაქტის შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შენობის აშენების ფაქტის დასადასტურებლად წარდგენილ იქნა მოწმეთა ჩვენებები, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას და საჭიროებს საკითხის დამატებით გამოკვლევას ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მათ მიერ მითუთებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, კერძოდ, სადავოდ ქცეული აქტების მოქმედებასა და სავალი გზის შევიწროებას შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირისა და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით შეზღუდული სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადასტურეს მათ მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი მათი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, აქედან გამომდინარე, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ღ-ისა და თ. თ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება;
3. კასატორებს - ს. ღ-სა (პ/ნ ...) და თ. თ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ 13.08.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით ამირან წაქაძის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე