Facebook Twitter

№ბს-1101(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 19 აპრილს ე. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ასა და სს „...ის“ მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ას განცხადებით მიმართა სს „...ამ“ 2013 წლის 22 ნოემბერს გაცემული №2ბ/6151-13 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც აღსასრულებლად მიექცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... გამზ, 1 შესახვევი №1/... გამზ. №19, ბინა №23, ს/კ .... აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო №14062654 სააღსრულებო საქმის წარმოება, რომლის მიხედვითაც იძულებით აღსასრულებლად მიექცა მის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ბინა. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, ვალდებულების შესრულების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია, მაგრამ აღნიშნული უნდა მოხდეს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის უფლებების დაცვით. მოსარჩელის მითითებით, იძულებითი აუქციონის დაწყების წინ ქონების შეფასება განხორციელდა შეგნებულად დაბალ ფასში, რაც ხელს აძლევს კრედიტორს დაბალ ფასში უზრუნველყოს აუქციონის მეშვეობით ქონების შეძენა, მაშინ როცა საბაზრო ღირებულებით მისი რეალიზაციის შემთხვევაში ვალდებულების ზემოთ არსებული თანხა მესაკუთრეს დაუბრუნდება. კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალისტის მიერ ქონება შეფასდა 25 000 ლარად, მაშინ როდესაც მისი საბაზრო ღირებულება წარმოადგენდა 45 000 ლარს. აღნიშნული კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უძრავი ქონების შემფასებლის - ე. ბ-ის მიერ 2017 წლის 11 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხეზე ქმედების განხორციელების დავალდებულება, კერძოდ: უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისში, ... გამზირი, 1 შესახვევი №1/ ... გამზირი №19, ბინა №23 (ს/კ ...) შეფასება განხორციელდეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის მიერ.

მოსარჩელემ ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით ეთერი ჩაფიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A14062654 სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სს „... ბანკი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისთვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით ე. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ქუთაისი, ... გამზ, 1 შესახვევი №1/... გამზ. №19, ბინა №23, ს/კ ...) შეფასების განხორციელების დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A14062654 სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25.7 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მე-8 პუნქტის მიხედვით, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო არ არის, რომ ე. ჩ-ის მიმართ აღსრულება დაწყებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე.

ე. ჩ-ე (მოსარჩელე, რომელიც აღსრულების პროცესში მოვალეს წარმოადგენს) არ ეთანხმება მისი კუთვნილი, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების შეფასებას.

პალატის მითითებით, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და პროცედურები დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ №21 ბრძანებით. იძულებითი აუქციონის ამ ბრძანებით დადგენილი წესით გამართვა გამორიცხულია სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის გარეშე, რადგან შეფასების აქტში ფიქსირებულ ქონების საბაზრო ღირებულებას მნიშვნელობა აქვს აუქციონის გამოცხადებისას საგარანტიო თანხის განსაზღვრისათვის (მუხ.1),ფასის მატების ბიჯის ღირებულებისათვის (მუხ.2), აუქციონზე ქონების საწყისი ფასის განსაზღვრისათვის (მუხ.3).

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.1 მუხლით ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. 47.2 მუხლით, თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. 47.4 მუხლით, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ე. ჩ-ის მიმართ იძულებითი აღსრულება წარმოებს მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იძულებითი აუქციონით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო აღმასრულებელმა ნ. კ-ამ მიმართა უძრავ/მოძრავი ქონების შემფასებელ ე. ბ-ეს მოვალე ე. ჩ-ის კუთვნილი უძრავი ქონების შეფასების მიზნით. ე. ბ-ის მიერ 2017 წლის 11 იანვარს გაიცა უძრავი ქონების შეფასების ანგარიში, რომლის შესაბამისად, ე. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ... გამზ, 1 შესახვევი №1/... გამზ. №19, ბინა №23, ს/კ ..., საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 25 000 ლარს. ე. ჩ-ემ (მოსარჩელემ) მიმართა შპს „ა...ს“ (ლიცენზია ..., სერტიფიკატი ...) ქ.ქუთაისში,... გამზ. 1 შესახვევი №1/... გამზ. №19, ბინა №23-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ....) შესაფასებლად. 2017 წლის 28 თებერვლის №3 ქონების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნით, უძრავი ნივთის ღირებულება, ადგილმდებარეობისა და საბაზრო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა 45043 ლარით.

სასამართლოს განმარტებით, რომ სააღსრულებო წარმოების მიზანს წარმოადგენს აღსასრულებელი აქტების სწრაფად და რეალურად აღსრულება. ამ მიზნის მისაღწევად, აღმასრულებელი ახორციელებს იძულებით აღსრულებას კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღსრულების მიზანი (სწრაფად და რეალურად აღსრულება) გულისხმობს სააღსრულებო მოქმედების კანონის ზუსტი დაცვით განხორციელებას სააღსრულებო წარმოების მონაწილეთა უფლებების უზრუნველყოფით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17. 7 მუხლის შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ისეთ ძირითად უფლებებს, როგორიცაა საკუთრება, საცხოვრებლის უფლება და სხვა, აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი - წარმოების მონაწილეთა კანონით დაცულ პოზიციებს შორის აუცილებელი ბალანსი, ხოლო თავის მხრივ, სასამართლომ უნდა განახორციელოს ეფექტური სასამართლო კონტროლი სააღსრულებო წარმოებაზე.

პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ დაცულია კანონის მოთხოვნა - მას მიმართული აქვს უძრავ/მოძრავი ქონების შემფასებლისთვის აუქციონის წესით სარეალიზაციო ქონების შესაფასებლად, როგორც ამას მოითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.2 მუხლი (თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი), ხოლო ე. ჩ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ მან გამოიყენა ხსენებული კანონის 47.4 მუხლით (სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში) მინიჭებული უფლება და სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარადგინა ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ დოკუმენტი. მოგვიანებით მის მიერ წარმოდგენილი შპს „ა...ის“ დასკვნა კი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო მონაცემებს - ფინანსური ანგარიშგების მომზადება ყველა არსებითი ასპექტის შესაბამისად. ამდენად, აპელანტის პრეტენზია ქონების ღირებულების არამართებულად განსაზღვრის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

კასატორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარი დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს ასეთი რწმენა მოპასუხეების სასარგებლოდ ჩამოუყალიბდა, რისი ნათელი დადასტურებაცაა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ აუდიტის დასკვნას, რომლითაც შეფასებულია სადავო ქონება და დაეყრდნო სააღსრულებო ბიუროს მიერ შეფასებულ დოკუმენტებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება მის მიერ სასამართლოში წარდგენილი აუდიტის დასკვნის შეფასებისაგან. გამომდინარე აქედან, რადგანაც საქმეში იყო ორი განსხვავებული შეფასება, სრულიად სამართლიანად, კანონის დაცვით ითხოვდნენ სადავო ქონებაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ჩატარებას, რაზეც როგორც პირველი ინსტაციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი. კასატორის მითითებით, „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ კუთვნილებაზე ან მის ფასზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს, იმ გარემოებას, რომ იგი არ ეთანხმება მისი კუთვნილი, იძულებითი აღსრულების წესით რეალიზაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების შეფასებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე. მითითებული კანონის 47.1 მუხლის თანახმად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის - ე. ჩ-ის მიმართ იძულებითი აღსრულება წარმოებს მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის იძულებითი აუქციონით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო აღმასრულებელმა ნ. კ-ამ მიმართა უძრავ/მოძრავი ქონების შემფასებელ ე. ბ-ეს მოვალე ე. ჩ-ის კუთვნილი უძრავი ქონების შეფასების მიზნით. ე. ბ-ის მიერ 2017 წლის 11 იანვარს გაიცა უძრავი ქონების შეფასების ანგარიში, რომლის შესაბამისად, ე. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ... გამზ, 1 შესახვევი №1/... გამზ. №19, ბინა №23, ს/კ ..., საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 25 000 ლარს. ე. ჩ-ემ (მოსარჩელემ) მიმართა შპს „ა...ს“ (ლიცენზია ..., სერტიფიკატი ...) ქ.ქუთაისში,... გამზ. 1 შესახვევი №1/ ... გამზ. №19, ბინა №23-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ....) შესაფასებლად. 2017 წლის 28 თებერვლის №3 ქონების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნით, უძრავი ნივთის ღირებულება, ადგილმდებარეობისა და საბაზრო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა 45043 ლარით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ დაცულია კანონის მოთხოვნა - მას მიმართული აქვს უძრავ/მოძრავი ქონების შემფასებლისთვის აუქციონის წესით სარეალიზაციო ქონების შესაფასებლად, როგორც ამას მოითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.2 მუხლი, ხოლო ე. ჩ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ მან გამოიყენა აღნიშნული კანონის 47.4 მუხლით მინიჭებული უფლება და სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარადგინა ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ დოკუმენტი. მოგვიანებით მის მიერ წარდგენილი შპს „ა...ის“ დასკვნა კი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო მონაცემებს - ფინანსური ანგარიშგების მომზადება ყველა არსებითი ასპექტის შესაბამისად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე მ. გ-ეს 17.12.2018წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. ჩ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება;

3. ე. ჩ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. გ-ის მიერ 17.12.2018წ. №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი