Facebook Twitter

№ბს-1339(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 31 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „...ის“ მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2014 წლის 3 დეკემბრის შემოწმების აქტით შესწავლილი იქნა სს „ზ…ი“ (ამჟამად სს „...ი“) პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა და პირობები, რომელიც აღიარებული იქნა კლინიკის წარმომადგენლის, დირექტორის მიერ აქტზე ხელმოწერით. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2014 წლის 26 დეკემბრის №02/103201 წერილით სოციალური მომსახურების სააგენტოს ეცნობა შესწავლის შედეგები, რომელიც უკავშირდებოდა პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობას და პირობებს.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილების 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით: ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა)შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი და 9) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან უხარისხოდ, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 6 მაისის №04/31589 და №04/31590 წერილებით მოთხოვნილი იქნა დაკისრებული საჯარიმო თანხის გადახდა, რაც დღემდე არ არის შესრულებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სს „...ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3358,47 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი მოპასუხე - სს „...ის“, მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა. საქალაქო სასამართლომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებით გამოკვლევის გარეშე, სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს და მოპასუხის მოსაზრების სრულად გაზიარებით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ ჯ. ჯ-ას მიმართ სამედიცინო მომსახურება ჩატარებულია სრულყოფილად, ასევე რა გარემოებებზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი მასზედ, რომ პაციენტის დაყოვნება სტაციონარში არ აღემატებოდა 24 სთ-ს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ჯ. ჯ-ა 10 წუთიანი ინტერვალით სს „ზ...იდან“ ბინაზე გაწერის შემდგომ (03.09.14წ. 16:30სთ.) მოთავსებულია შპს „ა...ი“ (03.09.14წ. 16:40სთ), რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ შეუსაბამობებზე. ასევე ვერ დგინდება, თუ რის საფუძველზე მიიჩნია პაციენტ ს. მ-ასთვის „მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება სრულად.

სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, აქტიურ სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია საქმის სრულყოფილი და კომპლექსური განხილვისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის საფუძველზე, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის საქალაქო სასამართლოს უნდა დაედგინა, პაციენტ ჯ. ჯ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება იყო თუ არა სტაციონალური და სრულყოფილი, ხოლო პაციენტ ს. მ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება რამდენად იყო არასრული. ამ გარემოებების შესწავლა კი, სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო შეზღუდული არ იყო მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, შემოწმების აქტით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას. პალატის მითითებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეები თავიანთ პოზიციებს ამყარებენ ისევ თავის მიერ შექმნილი მტკიცებულებებით (მაგ: ს.ფ. 97, 19-49), სწორედ ამგვარ ვითარებაში გააჩნდა სასამართლოს ინკვიზიციურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის - ალტერნატიული, ობიექტური მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ განუხორციელებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისგან, რომელიც ერთგვაროვანია სამივე ინსტანციის სასამართლოში.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარეს დადგენილი წესის მიხედვით არ გაუსაჩივრებია რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით. ასევე, სასამართლოს მიერ დარღვეულია ინკვიზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. ამასთან, არ არსებობს სამედიცინო განათლების მქონე კომპეტენტური ექსპერტის დასკვნა, რომელიც გააბათილებს რეგულირების სააგენტოს შესაბამისი შემოწმების აქტს სამედიცინო შემთხვევების მომსახურების ხარისხის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ის გარემოება, რომ ჯ. ჯ-ას მიმართ სამედიცინო მომსახურება ჩატარებულია სრულყოფილად, ასევე რა გარემოებებზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი მასზედ, რომ პაციენტის დაყოვნება სტაციონარში არ აღემატებოდა 24 სთ-ს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ჯ. ჯ-ა 10 წუთიანი ინტერვალით სს „ზ...იდან“ ბინაზე გაწერის შემდგომ (03.09.14წ. 16:30სთ.) მოთავსებულია შპს „ა...ში“ (03.09.14წ. 16:40სთ), რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ შეუსაბამობებზე. ასევე ვერ დგინდება, თუ რის საფუძველზე მიიჩნია პაციენტ ს. მ-ასთვის „მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის“ კომპონენტის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება სრულად.

სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის საქალაქო სასამართლოს უნდა დაედგინა, პაციენტ ჯ. ჯ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება იყო თუ არა სტაციონალური და სრულყოფილი, ხოლო პაციენტ ს. მ-ასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება რამდენად იყო არასრული. ამ გარემოებების შესწავლა კი, სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო შეზღუდული არ იყო მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, შემოწმების აქტით, მას თავად შეეძლო, ამგვარი საკითხის გადასაწყვეტად მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მხარეები თავიანთ პოზიციებს ამყარებენ ისევ თავის მიერ შექმნილი მტკიცებულებებით (მაგ: ს.ფ. 97, 19-49) და სწორედ ამგვარ ვითარებაში გააჩნდა სასამართლოს ინკვიზიციურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის - ალტერნატიული, ობიექტური მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11.12.2018წ. №36114 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.12.2018წ. №36114 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი