Facebook Twitter

№ბს-1364(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 23 დეკემბერს თ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2016 წლის 17 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი ქონების, მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელი ..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 6 მაისი №... და №... გადაწყვეტილებებით თ. ლ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ლ-მა გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში იმ მოტივით, რომ სადავო ნაკვეთებზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, სიღნაღის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სოფ. ...ის ...ის ყიდვა-გაყიდვის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა უკვე ერთვოდა მის განცხადებას, ამასთან, მისი მხრიდან სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტი ასევე დასტურდებოდა საჯარო რეესტრში საკადასტრო აზომვითი ნახაზების წარდგენით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისათვის №..განცხადების დაკმაყოფილებისა და განცხადებაში მითითებული უძრავი ნივთის განმცხადებლის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით თ. ლ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 06.05.2016 წლის გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.06.2016 წლის გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 06.05.2016 წლის გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.06.2016 წლის გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს კახეთის რეგიონალურ ოფისს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს თ. ლ-ს დაურეგისტრირდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სიღნაღის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა „პ“ N10/44 საკუთრებაში გადაცემული სიღნაღის რაიონ სოფელ ...ში არსებული უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 17 თებერვალს თ. ლ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა მის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი ქონების, მდებარე სიღნაღის რ/ნ, სოფელი ..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 6 მაისის №... და №... გადაწყვეტილებებით თ. ლ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მიზნით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

2016 წლის 30 მაისს თ. ლ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (06.05.2016წ) და №... (06.05.2016წ.) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ივნისის №... და 2016 წლის 14 ივლისის №... გადაწყვეტილებებით ორჯერ გადაიდო თ. ლ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება.

2016 წლის 3 ნოემბრის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით თ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სიღნაღის რაიონული განყოფილების მიერ 1995 წლის 5 ოქტომბერს გაცემული N10/44„პ“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან დგინდება, რომ თ. მ. ლ-ის საკუთრებას წარმოადგენს სიღნაღის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის სოფ. ...ის ...ი 1700 კვ.მ. საკუთრების უფლების საფუძველია 1995 წლის 3 ოქტომბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება N10 და მიღება-ჩაბარების აქტი.

1995 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სიღნაღის რაიონულ განყოფილებასა და ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის სოფ. ...ის ...ოს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელს თ. ლ-ს მ/პ პირს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ თ. ლ-მა შეიძინა სიღნაღის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ...ო 200 დოლარად.

1995 წლის 17 მაისის სახელმწიფო ქონების მართვის სიღნაღის რაიონული განყოფილების №8 გადაწყვეტილებით, საპრივატიზაციო ობიექტის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების შესაბამისად, ქ. სიღნაღის ინდბინათმშენებლობის ...ის ...ოს ერთადერთ მ/პ პირს თ. მ. ლ-ს მიეცა პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება, ობიექტის გასაყიდი ფასი შეადგენდა 200 აშშ დოლარს.

პალატის მითითებით, 1995 წლის 8 ივნისის კომისიის აქტით დგინდება, რომ პრივატიზირებული ...ოს ტერიტორია 1700 კვ.მ, რაზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობები, მფლობელობაში გადაეცა თ. მ. ლ-ს.

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 11 აგვისტოს წერილიდან დგინდება, რომ სანოტარო არქივში ინახება დოკუმენტი ნოტარიუს ნ. ლ-ის მიერ 1995 წლის 3 ოქტომბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების თაობაზე (რეესტრის №...). ამასთან, ნოტარიუს ნ. ლ-ის სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია მითითებული სანოტარო აქტის გაუქმების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის №6/36501 წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სიღნაღის რაიონული განყოფილების წარმომადგენელსა და სიღნაღის ინდ.ბინათმშებენლობის სოფელ ...ის ...ოს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელს - თ. მ. ლ-ს შორის 1995 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა სიღნაღის რაიონის სოფელ ...ის ...ო, თუმცა საპრივატიზებო დოკუმენტაციაში სოფელ ...ის ...ოს შრომითი კოლექტივის წევრების ვინაობის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის. საპრივატიზებო დოკუმენტაციაში ასევე დაცულია ზემოხსენებული განყოფილების 1995 წლის 17 მაისის №8 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით თ. ლ-ს, როგორც სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის სოფელ ...ის ...ოს ერთადერთ მ/პ-ს მიეცა უფლება პირდაპირი შესყიდვის წესით შეეძინა ზემოხსენებული ...ო. ვინაიდან საპრივატიზებო დოკუმენტაციაში პრივატიზებული უძრავი ნივთის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების შემცველი ინფორმაცი დაცული არ არის სააგენტო ვერ იმსჯელებს თ. ლ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №4/55810 წერილიდან დგინდება, რომ იკვეთება შეუსაბამობა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სიღნაღის რაიონული განყოფილებასა და ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის სოფელ ...ის ...ოს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელ თ. მ. ლ-ს შორის 1995 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებულ მონაცემებს შორის.

1995 წლის 6 ოქტომბერს გაცემული ტექნიკური პასპორტით სიღნაღის რაიონ სოფ. ...ში არსებული ...ისა და 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელად მითითებულია თ. მ. ლ-ი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მე-2 პუნქტი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი

სააპელაციო პალატის განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. ამავე საკანონმდებლო აქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიღებული გადაწყვეტილებით თ. ლ-ის მიერ მოპოვებული საკუთრების უფლება (აღნიშნულის გამაქარწყლებელი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოებს არ წარმოუდგენიათ) გახადა ილუზორული და გააუქმა იგი, ფაქტობრივად ჩამოართვა მესაკუთრეს ქონება. ამასთან, აღნიშნული ქმედების განხორციელებისას არ არსებობდა არც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და არც კანონით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევას არ აქვს გამართლება და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს შეილახა მოსარჩელის საკუთრების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, საქმეს ერთვის სიღნაღის სპეციალიზირებული უბნის უფროსის მიერ 1995 წლის 25 მაისს გაცემული ცნობა №8, რომლითაც დასტურდება, რომ თ. მ. ლ-ი არის ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის უბანში შემავალი სოფ. ...ის ...ოს ერთადერთი მატერიალური პასუხისმგებელი პირი.

კასატორის მითითებით, საქმეშია ასევე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სიღნაღის რაიონული განყოფილებასა და თ. მ. ლ-ს - მ/პ პირის, როგორც შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელს შორის 1995 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის გაფორმების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი და „პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულება. ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოს მყიდველები შეიძლება ყოფილიყვნენ მისი მუშაკები, რომლებიც ამ მიზნით ქმნიდნენ ამხანაგობას, ხოლო „პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების დანართი №1-ით დამტკიცებული „პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ“ დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტის პირდაპირი მიყიდვა ხორციელდებოდა მხოლოდ მუშაკთა მიერ შექმნილ ამხანაგობაზე, რომელიც აერთიანებდა ობიექტში მომუშავეთა 50%-ზე მეტს.

კასატორის განმარტებით, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ კი მიუთითა, რომ პრივატიზებული ...ოს ტეროტორია 1700 კვ.მ, რაზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობები, მფლობელობაში გადაეცა ფიზიკურ პირს - თ. მ. ლ-ს. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი და „პრივატიზების პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულება, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებაც, რამეთუ საკუთრების უფლება შეიძინა არა თ. ლ-მა, როგორც ფიზიკურმა პირმა, არამედ ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის სოფ. ...ის ...ოს შრომითი კოლექტივის ამახანაგობამ.

კასატორის განმარტებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლომ გამოიყენა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტია 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით. სასამართლომ მიუთითა, რომ ტექნიკური პასპორტით, მომზადებული 1995 წლის 6 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფ. ...ში არსებული ...ისა და 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელად მითითებულია თ. მ. ლ-ი, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის სწორი განმარტების პირობებში ნათლად დგინდება, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში უფლება აღრიცხულია 1994 წლის შემდეგ და შესაბამისად, ნორმის სწორი განმარტების შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მართლზომიერი მფლობელობის უფლება, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეში არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში მფლობელად აღრიცხული პირი არ წარმოადგენდა სათანადო სუბიექტს, რომელსაც გადაეცა საკუთრების უფლება.

კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა და განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას ზედდების არსებობის გამო, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგნედა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამასთან ერთად, კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა ამავე კანონის 26-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით ათვალისწინებული სხვა საფუძვლები. კასატორის მითითებით, აღნიშნულ შემთხვევაში რეგისტრირებული საკუთრების უფლება სადავოდ არ ყოფილა გამხდარი, შესაბამისად, სიღნაღის სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის გამოყენების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მითითებული ნორმა ეხება საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას და განსაზღვრავს რეგისტრირებული უფლების გაუქმების საფუძვლებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ - თ. ლ-მა სარეგისტრაციო სამსახურში ვერ წარადაგინა სადავო უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს თ. ლ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტები წარმოადგენენ თუ არა სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით და ამ საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1995 წლის 17 მაისის სახელმწიფო ქონების მართვის სიღნაღის რაიონული განყოფილების №8 გადაწყვეტილებით, საპრივატიზაციო ობიექტის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულების შესაბამისად, ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის ...ის ...ოს ერთადერთ მ/პ პირს - თ. მ. ლ-ს მიეცა პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება, ობიექტის გასაყიდი ფასი შეადგენდა 200 აშშ დოლარს.

1995 წლის 8 ივნისის კომისიის აქტით დგინდება, რომ პრივატიზირებული სადურგლო საამქროს ტერიტორია 1700 კვ.მ., რაზედაც განლაგებულია შენობა-ნაგებობები, მფლობელობაში გადაეცა ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის ...ის ...ოს ერთდაერთ მ/პ პირს - თ. მ. ლ-ს.

1995 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სიღნაღის რაიონულ განყოფილებასა და ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის სოფ. ...ის ...ოს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელ ერთადერთ პირს - თ. ლ-ს შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ. ლ-მა შეიძინა სიღნაღის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ...ო 200 დოლარად. ასევე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სიღნაღის რაიონული განყოფილების მიერ 1995 წელს გაცემულია №10/44„პ“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად, თ. მ. ლ-ის საკუთრებას წარმოადგენს სიღნაღის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ქ. სიღნაღის ინდ.ბინათმშენებლობის სოფ. ...ის ...ი 1700 კვ.მ.

ამასთან, ტექნიკური პასპორტით, მომზადებული 1995 წლის 6 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონ სოფ. ...ში არსებული ...ისა და 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელად მითითებულია თ. მ. ლ-ი. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში ინახება დოკუმენტი ნოტარიუს ნ. ლ-ის მიერ 1995 წლის 3 ოქტომბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების თაობაზე (რეესტრის №...). ამასთან, ნოტარიუს ნ. ლ-ის სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია მითითებული სანოტარო აქტის გაუქმების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს თ. ლ-ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, მოსარჩელეს უდასტურდება საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მას უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მე-2 პუნქტი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს და კვლავ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიღებული გადაწყვეტილებით თ. ლ-ის მიერ მოპოვებული საკუთრების უფლება გახადა ილუზორული და გააუქმა იგი, ფაქტობრივად ჩამოართვა მესაკუთრეს ქონება. ამასთან, აღნიშნული ქმედების განხორციელებისას არ არსებობდა არც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და არც კანონით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევას არ აქვს გამართლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი