#ბს-1449(კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 7 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გ. ბ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ქუჩა #101ა (ს/კ ...) ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ, შენობა #1/1-ის 80,08 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს გ. ბ-ი. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ #003284015 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #101ა-ში (ს/კ #...) მდებარე შენობა #1/1-ში არსებული 80,08 კვ.მ-ის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე შეადგენს 160 ლარს, ხოლო 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შეადგენდა 120 ლარს.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გაფრთხილების წერილები (19.05.2015 წლის #7/29311; 17.06.2015 წლის #7/36113; 15.10.2015 წლის #7/60689), რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე - 288 ლარის, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 160 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - ი/მ „გ. ბ-ს“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე - 120 ლარის, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 160 ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული „2012“ წლის ნაცვლად, მიეთითა „2014“ წელი, შესაბამისად, აღნიშნული ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოპასუხეს - ი/მ „გ. ბ-ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე - 120 ლარის გადახდა, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 160 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა სადავო გახადა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნაწილის, 80.08 კვ.მ ფართის, რომელიც ირიცხება საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე, არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი და მისი გამოყენება სამეწარმეო საქმიანობისთვის.
სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #101ა-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო უძრავი ქონების, დაზუსტებული ფართობი: 818.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ #..., პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2005 წელს 7 იანვარს შპს „...ის“ სახელზე; რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის შედეგად, უძრავ ნივთზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა შპს „თ...ი“, შემდგომ 2014 წლის 20 ოქტომბერს უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 7 ოქტომბრის ბრძანება. პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 აგვისტოს #... წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათზე ჩანაწერი შენობა 1-ის (ფართით...) შესახებ მითითებით განხორციელებული არ არის. შესაბამისად, რეესტრმა განაცხადა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს სასამართლოს მის დაინტერესებაში (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #101ა-ში, საკადასტრო კოდით #..., მდებარე შენობა-ნაგებობა #1-ს (ფართი 80,08 კვ.მ) არსებული ინფორმაცია.
პალატამ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრიდან სადავო უძრავი ქონების 2014 წლის 20 ოქტომბრის ამონაწერზე, სადაც უძრავი ნივთის აღწერილობაში არ არის მოცემული 818 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების დეტალური ჩამონათვალი. ასევე, გ. ბ-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2015 წლის მაისის თვის ბოლოდან იგი აღარ სარგებლობდა სადავო ფართით, ხოლო მანამდე ფართის მესაკუთრესთან მას გაფორმებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2015 წლის დეკემბრამდე. სასამართლოს მითითებით, გ. ბ-ის 2017 წლის 7 თებერვლისა და 16 თებერვლის განცხადებებით დგინდება, რომ მან მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც დააფიქსირა, რომ დაინტერესებულია სადავო ფართით ქორეოგრაფიული ანსამბლის სამეცადინოდ და ითხოვა საკითხის გადასაწყვეტად შეხვედრა. დამატებით კი, სააგენტოს აცნობა, რომ მშობლებმა უარი განაცხადეს სამეცადინოდ ბავშვების მოყვანაზე სათანადო პირობების არარსებობის გამო და ამ მიზეზით 2016 წლიდან შეწყვეტილი აქვთ მუშაობა.
პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ 2017 წლის 24 მაისის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივ ბარათზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 7 თებერვლის და 16 თებერვლის განცხადებების საფუძველზე, განხორციელდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #101ა-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამატებითი მოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გ. ბ-ი აღარ სარგებლობდა აღნიშნული ფართით. აქვე მითითებულია, რომ იგივე ფართი დაკავებული აქვს და დღემდე სარგებლობს ი/მ შ. ო-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ ი/მ გ. ბ-ი არამართლოზმიერად სარგებლობდა სახელმწიფო ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა სარგებლობის უფლება მოპოვებული მესაკუთრისაგან - სახელმწიფოსგან, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა, იმის მიუხედავად თუ რომელ არაუფლებამოსილ პირთან ექნებოდა გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერში, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის გრაფაში მითითებულია - „შენობა-ნაგებობები“, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (818 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული ყველა შენობა-ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამონაწერში დაფიქსირებული არ იქნებოდა შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე წარმოადგენს ამავე მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს.
კასატორის მოსაზრებით, მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად ვერ ჩაითვლება გ. ბ-სა და შპს „თ...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა გ. ბ-ისთვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2014 წლის 20 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე - 288 ლარის, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 160 ლარის გადახდის დაკისრების საკითხი.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #101ა, ს/კ #..., შენობა #1/-1-ში მდებარე 50 კვ.მ ფართის მართლზომიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა გ. ბ-ი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს შპს „თ...სა“ და გ. ბ-ს შორის 2013 წლის 10 დეკემბერს გაფორმებულ #6 საიჯარო ხელშეკრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის „სახელწმიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები გ. ბ-ზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის დაკისრებისა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #101ა-ში, საკადასტრო კოდით #..., რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა #1/-1-ზე (სადაც მართლზომიერი საფუძვლებით დაკავებული ჰქონდა 50 კვ.მ ფართი გ. ბ-ს) სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტი; ამასთან, გ. ბ-ს გააჩნია სადავო ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2015 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 მაისის #43840 სამსახურებრივი ბარათით კი დგინდება, რომ გ. ბ-ი აღარ სარგებლობს აღნიშნული ფართით. ასევე დგინდება, რომ იგივე ფართი დაკავებული აქვს და დღემდე სარგებლობს ი/მ შ. ო-ე, რომელთან მიმართებითაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, მიმდინარეობს არამართლზომიერად სარგებლობასთან დაკავშირებული პროცედურები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი