საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-412(კ-19) 29 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ვ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ნ. ა-ი, დ. ა-ე
მოსარჩელე - ს. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. მ-მა 2017 წლის 23 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. ა-ი, დ. ა-ე და ვ. ა-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-მა და დ. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ს. მ-ისა და დ. ა-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე პირს - ვ. ა-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, იგი საქმის განხილვის შედეგს სადავოდ არ ხდიდა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კი უცვლელად დარჩა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართული საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „ნახტომისებური კასაციის“ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, პირდაპირ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვა არ დაიშვება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ ს. მ-მა და დ. ა-ემ გაასაჩივრეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში არ არსებობს სოლიდარული ვალდებულება. ვ. ა-ეს საკუთარი ინტერესების დასაცავად სააპელაციო სასამართლოსათვის თავად უნდა მიემართა. წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს სადავოდ არ ხდიდა. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების გარეშე კი, ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე