Facebook Twitter

#ბს-1554(2კ-18) 28 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. შ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 27 იანვარს შ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2016 წლის 17 თებერვალს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე შ. შ-ის წარმომადგენელმა გაზარდა სარჩელი და მოითხოვა: 1. შ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის ბრძანების ბათილად ცნობა და თანადებობაზე აღდგენა; 2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო ბრძანებით გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ არსებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება; 3. მოსარჩელე შ. შ-ის დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება; 4. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 10000 ლარის ოდენობით; 5. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანი ანაზღაურების დაკისრება 30000 ლარის ოდენობით; 6. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება. გაზრდილი მოთხოვნები მოსარჩელემ 2016 წლის 14 მარტს წარმოდგენილი შუამდგომლობით დააზუსტა, რომლითაც დისკრიმინაციული მოპყრობით გამოწვეული მატერიალური ზიანის 10000 ლარის და ასევე მიუღებელი შემოსავლის ზიანისათვის 2000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მარტის განჩინებით შ. შ-ის სარჩელიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, ხელფასის შემცირებით განპირობებული მიუღებელი თანხის ანაზღაურების, საშვებულებო თანხის ანაზღაურების, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე წარმოებად გამოიყო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, 30000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების, 10000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და 2000 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები; შ. შ-ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, 30000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების, 10000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღურებისა და 2000 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით შ. შ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა სადავო აქტის შეჩერების თაობაზე განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით აღიძრა დავა განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით, შ. შ-ის სარჩელისა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმე - შ. შ-ის სარჩელისა გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა 1. შ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანების ბათილად ცნობა და შ. შ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე აღდგენა; 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანებით გათავისუფლებამდე კუთვნილ თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ მიღებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად დამდგარი დანაკლისის ანაზღაურების დავალება; 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შ. შ-ის სასარგებლოდ 2012-2016 წლებში გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების ნატურით ანაზღაურების დაკისრება; 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შ. შ-ის სასარგებლოდ ხელფასის დანაკლისისა და შვებულების ანაზღაურების დაყოვნებით მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების დაკისრება წლიურად გადასახდელი თანხების 10%-ის ოდენობით; 5. შ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის #1762180 ბრძანების ბათილად ცნობა; 6. შ. შ-ის დამსაქმებლის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება და შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შ. შ-ისათვის დისკრიმინაციული მოპყრობით მიყენებული მორალური ზიანის - 30000 ლარის, მატერიალური ზიანის - 10000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის - 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრება; 7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შ. შ-ის სასარგებლოს ადვოკატის ხარჯის - 2400 ლარის, სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული ხარჯის - 7000 ლარის, სანოტარო აქტის - მინდობილობის მომზადების ხარჯის - 30 ლარის, სასამართლოში მასალების წარდგენისათვის ცელულოზის ქაღალდის შეძენისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის, სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების ასლების მომზადების ხარჯის - 20 ლარის, მტკიცებულებათა მოძიებისათვის გაწეული ხარჯის - 20 ლარის, მათ აკინძვაზე გაწეული ხარჯის - 10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისათვის საფოსტო გზავნილებზე გაწეული ხარჯის - 30 ლარის, საფოსტო კავშირისათვის მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული ხარჯის - 10 ლარის, სასამართლოში გამოცხადებისას ტრანსპორტირების ხარჯის - 10000 ლარის, ასევე, სასამართლოში გამოცხადებისა და შესაბამის პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული ხარჯის - 200 ლარის, სასამართლოში მოცდენილი დროის გამო 3000 ლარისა და საბანკო დაწესებულებიდან ანგარიშის ბრუნვის ისტორიის მიღების ხარჯის - 30 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... სასოფლო პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობრივ სარგოსა და საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობრივ სარგოს შორის სხვაობის გამო 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანებით საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... სასოფლო პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად დანიშვნიდან ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული დანაკლისის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით შ. შ-ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანებით პოლიციის უფროსი ლეიტენანტი შ. ა. შ-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე შ. შ-ეს თანამდებობრივი სარგო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე კუთვნილ სარგოზე ნაკლები ოდენობით დაენიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის #1762180 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ წესზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 53-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, შ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება და სხვა თანამდებობაზე დანიშვნა საამისოდ შ. შ-ის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების მისაღები მახასიათებლების გამოკვეთისა და შ. შ-ის თანხმობის ან/და მისი წინასწარი ინფორმირებულობის პირობებში შეიძლებოდა განხორციელებულიყო, თუმცა ამგვარი გარემოებების არსებობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მასალებით არ დასტურდება და არც მოპასუხის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი პოზიციით ყოფილა დასაბუთებული. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე და გაუმართლებლად ზღუდავს შ. შ-ის შრომით უფლებას.

ამასთან, პალატის მითითებით, შ. შ-ის მიმართ უკანონო აქტით შრომითი უფლების შეზღუდვის მიუხედავად, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოპასუხის ქმედება ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციულად, ვინაიდან დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მოსარჩელის მტკიცება არასაკმარისად ჩაითვალა შესაბამისი ვარაუდის შექმნისთვის. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მტკიცება არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანებით შ. შ-ეს შრომის უფლება დისკრიმინაციული მოტივით შეეზღუდა გ. ო-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით მონაწილეობის გამო.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განაჩენით ვერ დგინდება, რომ შ. შ-ემ გ. ო-ის საქმეზე მისცა ისეთი სახის ჩვენება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლოა გასჩენოდა ინტერესი ამის გამო გაენთავისუფლებინა სამსახურიდან და გადაეყვანა სხვა განყოფილებაში. უფრო მეტიც, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი შ. ა. შ-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის #2902652 ბრძანებით, ხოლო გ. ო-ის მიმართ განაჩენი გამოტანილია თითქმის 2 წლის შემდეგ - 2017 წლის 7 ნოემბერს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ დაახლოებით 2 წლით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ ეცოდინებოდა, თუ რა სახის ჩვენება შეეძლო შ. შ-ეს მიეცა მომავალში და წინასწარ ვერ დასჯიდა მომავალში ჩვენების შესაძლო მიცემის გამო, რომლის შინაარსიც შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე შ. შ-ემ არ უარყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მის მიმართ არც ჩვენების მიცემამდე და არც ამის შემდეგ რაიმე სახის თუნდაც სიტყვიერი ზეწოლა გ. ო-ის სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა/არმონაწილეობასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1762180 ბრძანებით მოპასუხემ თავისივე 2015 წლის 28 დეკემბრის №2902652 ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა და შ. შ-ე იმ თანამდებობაზე აღადგინა, რომლიდან გათავისუფლების გამოც სასამართლოში დავას აწარმოებდა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, 2016 წლის 15 ივლისის №1762180 ბრძანება შ. შ-ეს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ ინტერესი დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამაც მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1762180 ბრძანების მოქმედების პირობებში არ არსებობს დავის საგანი თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომლის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სადავო ბრძანებით გათავისუფლებამდე კუთვნილ თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ მიღებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად დამდგარი დანაკლისი.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საჯარო მოხელის მიერ ყოველწლიურად ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შ. შ-ეს თანამდებობიდან გადაყვანის გამო შეეზღუდა კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტი 2015 წლის 28 დეკემბერს არის გამოცემული და ძალაში იყო 2016 წლის მაისამდე, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება 2012-2016 წლებში შვებულების გამოყენების შეზღუდვის განმაპირობებელ აქტად, დასახელებული აქტისგან დამოუკიდებლად შრომითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს კი სარჩელი არ შეიცავს.

მიუღებელი ხელფასის გადახდის დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ, დავის საგანია გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და ამ აქტის გამოცემით მიუღებელი ხელფასის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან და მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან, რის გამოც შესაბამის დრომდე მოპასუხეს ვერ დაეკისრება გადახდის დაყოვნებისათვის კანონით განსაზღვრული თანხის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადასტურა მოპასუხის უკანონო ქმედება მოსარჩელის მიმართ 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანების გამოცემის თვალსაზრისით და გააბათილა მითითებული ბრძანება, რაც მეტყველებს მასზე, რომ მოპასუხეს ეკისრება ამ ბრძანების გამოცემით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, თუმცა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით მტკიცება საქალაქო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია საკმარისად შესაბამისი გარემოების დადგენისათვის. რაც შეეხება მორალურ ზიანს, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი ანაზღაურების საფუძვლად მითითებული დისკრიმინაციული მოპყრობა, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

ამასთან, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნია, რომ საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება კონკრეტული ხარჯების მოცულობა, რისი გაღებაც შ. შ-ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში მოუხდა. პალატის მითითებით, აღნიშნული ხარჯების მტკიცებისას მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით, რომელიც ბუნდოვან და ურთიერთსაწინააღმდეგო მითითებს შეიცავს და მოკლებულია დამაჯერებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. კასატორის მითითებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. ბრძანების 28-ე მუხლის შესაბამისად, თანამდებობრივი გადაადგილება, სამინისტროს მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია: სამსახურებრივი დაწინაურებისას, სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანისას, საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პირადი განცხადებით (ატესტაციის შედეგების შესაბამისად, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად), დადებული დისციპლინური სახდელის გამო. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება სრულად ითვალისწინებდა სამსახურეობრივი საჭიროების გამო თანამშრომლის სამსახურეობრივ გადაადგილებას, შესაბამისად, სამინისტრო ცალსახად მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით გაწერილი საფუძვლების შესაბამისად, რის გამოც, კასატორი სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი უპირველესად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმე 2018 წლის 27 აპრილის სხდომაზე განხილულ იქნა ისე, რომ ხსენებული სხდომის თაობაზე კასატორს (აპელანტს) არ მიუღია შეტყობინება საქმის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, რაც ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დისკრიმინაციის დადასტურებასთან მიმართებაში. კასატორის მითითებით, მოცემულ საქმეზე არასწორად გადანაწილდა მტკიცების სტანდარტიც.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოწმის დაკითხვა/გამოკითხვის რეგულაციებზე და აღნიშნავს, რომ მან როგორც მოქმედმა პოლიციელმა პროკურატურის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა დაცვის მხარის ადვოკატს, რაზედაც შედგა გამოკითხვის ოქმი და წარედგინა პროკურატურას, რასაც შემდგომში ქრონოლოგიურად მოჰყვა მისი დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გადაყვანა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მტკიცებას მასზედ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენიდან თითქოს ვერ დგინდება თუ რა სახის ჩვენება მისცა მან და აღნიშნავს, რომ განაჩენიდან ირკვევა, რომ მან გ. ო-ის სასარგებლო ჩვენება მისცა ჯერ დაცვის მხარის ადვოკატს, ხოლო იგივე დაადასტურა სასამართლოში. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას თითქოს იგი ... სასოფლო პოლიციის განყოფილებაში დანიშნულ იქნა 2015 წელს, ხოლო გ. ო-ის მიმართ განაჩენი კი 2017 წელს არის გამოსული და აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე 3 წლით ადრე იქცა დაცვის მოწმედ და გამოიკითხა, შედგა გამოკითხვის ოქმი, რაც წარედგინა პროკურატურას გ. ო-ის სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვამდე და ბუნებრივია, განაჩენის გამოტანამდე იყო ცნობილი მისი დამოკიდებულება და ქმედებები ბრალდების მხარისათვის. ამდენად, კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ თითქოს ვერ დგინდება არის თუ არა მისი გადაყვანა დაკავშირებული გ. ო-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა რა მოტივი დაედო საფუძვლად მის გადაყვანას.

კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო აქტით, თბილისიდან ახალქალაქის სოფელში სამუშაოდ იძულებით გამოსაცხადებლად ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, უკანონო გადაყვანის თანმდევი საჭიროებებისათვის ხარჯების გაწევის ფაქტი (ტრანსპორტირება, ბინა, კვება) პრეზუმირებულია მის სასარგებლოდ, კანონით საამისოდ დადგენილი გასამრჯელოს არსებობის გამო.

კასატორის მითითებით, მის გადაყვანას საფუძვლად არ უდევს არანაირი დასაბუთება, გადაუდებელი საჭიროება, იურიდიული გამართლებულობა ან რაიმე სამართლებრივი საფუძველი. მინისტრის ბრძანების შესრულებისათვის იგი მოულოდნელად დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ თბილისიდან 300 კილომეტრით დაშორებულ სამსახურში ახალქალაქის რაიონის სოფელში უნდა გამოცხადებული ყოველდღიურად, იმ პირობებში, როდესაც მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ბინა ან რაიმე სადგომი და დამსაქმებელმა არ უზრუნველყო სამსახურებრივი ბინით ამ დასაქირავებელი ბინის ქირისთვის თანხის ანაზღაურებით. მას არ გააჩნდა არც სამსახურებრივი და არც პირადი სატრანსპორტო საშუალება და სამსახურში გამოცხადებისთვის 5 საათი უნდა ემგზავრა. ამასთნ, მას ჰქონდა ენობრივი ბარიერი მოსახლეობასა და თანამშრობლებთან. ასეთ პირობებში, მან მაინც შეასრულა მის მიმართ მინისტრის მიერ გამოცემული უკანონო ბრძანება და იძულებით სამუშაოდ გადავიდა ახალქალაქის პოლიციის ... სასოფლო განყოფილებაში. კასატორის მოსაზრებით, რეალურად იგი დასჯილ იქნა დაცვის მხარესთან მოწმედ გამოსვლის გამო და ის დაექვემდებარა დისკრიმინაციას. ყოველივე აღნიშნულით კი სამინისტრომ მას მიაყენა მორალური ზიანი, რაც ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს. კასატორი ასევე ითხოვს იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მან გასწია ტრანსპორტირებისათვის და ბინის დაქირავებისათვის.

კასატორი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას სახელფასო დანაკლისის ანაზღაურების ნაწილში და მიუთითებს, რომ თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს უკანონოდ განთავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის ზუსტი და კონკრეტული ოდენობა. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სადავო 2016 წლის 15 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის, დანაკლისი ხელფასის ანაზღაურების დაყოვლებით დამდგარი მიუღებელი შემოსავლის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და გამოუყენებელი ყოველწლიური შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ ადვოკატის დახმარებისათვის განკუთვნილი თანხის მოცულობას.

ამასთან, კასატორმა - შ. შ-ემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით საკასაციო ეტაპისათვის მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრებისა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. შ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. შ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის - შ. შ-ის მითითებას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალი სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. გამოუცხადებელ და საქმეში ახალჩაბმულ პირებს ახალი სასამართლო სხდომის დღე ეცნობებათ ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს, და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა გადაწყვეტილება, განმარტავს მისი გასაჩივრების წესსა და ვადას. სხდომის თავმჯდომარე ან მოსამართლე ასევე უფლებამოსილია, განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის სხდომას, რომლითაც გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2018 წლის 27 აპრილს, ესწრებოდა როგორც აპელანტი - შ. შ-ე, ასევე მისი წარმომადგენელი, ამასთან, 2018 წლის 27 აპრილს გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმე 2018 წლის 27 აპრილის სხდომაზე განხილულ იქნა ისე, რომ ხსენებული სხდომის თაობაზე კასატორს (აპელანტს) არ მიუღია შეტყობინება საქმის განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრავს, რომელიც შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი). აღნიშნული წესის მიხედვით, სამინისტროში სამსახურს საფუძვლად უდევს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და გამჭვირვალობის პრინციპები (მე-3 მუხლი).

მითითებული წესის 28-ე მუხლი შემდეგ რეგულაციებს ადგენს: 1. სამინისტროს მოსამსახურის გადაყვანა ზემდგომ, თანაბარ და დაბალ თანამდებობაზე დასაშვებია: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ა1) სამინისტროს მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება); ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებისას; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; დ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ე) პირადი განცხადებით (პატაკი); ვ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად; ვ1) სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოსამსახურეთა შეფასების წესის შესაბამისად; ზ) დადებული დისციპლინური სახდელის გამო. 2. თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს სამინისტროს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას. 3. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს სამინისტროს მოსამსახურის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით. 4. სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. ამავე წესის 29-ე მუხლის მიხედვით: 1. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხდება სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ: ა) სამუშაოდ ტერიტორიულად სხვა ადგილას ან/და სხვა სტრუქტურულ დანაყოფში, ტერიტორიულ ორგანოში, საქვეუწყებო დაწესებულებაში ან სსიპ-ში არა უმეტეს 6 თვისა; ბ) სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კანონით მათთვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სხვა სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა, ტერიტორიულად სხვა ადგილას, მუშაობის რეჟიმის შეცვლით, თუ სამინისტროს მოსამსახურის პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია დაკისრებული სამუშაოს შესრულებისათვის. 2. სამინისტროს მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნით.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნულ ნორმებსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით მართებულად მიიჩნიეს, რომ შ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება და სხვა თანამდებობაზე დანიშვნა საამისოდ შ. შ-ის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების მისაღები მახასიათებლების გამოკვეთისა და შ. შ-ის თანხმობის ან/და მისი წინასწარი ინფორმირებულობის პირობებში შეიძლებოდა განხორციელებულიყო, თუმცა ამგვარი გარემოებების არსებობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მასალებით არ დასტურდება და არც მოპასუხის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი პოზიციით ყოფილა დასაბუთებული. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე და გაუმართლებლად ზღუდავს შ. შ-ის შრომით უფლებას.

შ. შ-ის მიმართ უკანონო აქტით შრომითი უფლების შეზღუდვის მიუხედავად, სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ მოპასუხის ქმედება ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციულად, ვინაიდან მოსარჩელის მტკიცება არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2902652 ბრძანებით შ. შ-ეს შრომის უფლება დისკრიმინაციული მოტივით შეეზღუდა გ. ო-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სახით მონაწილეობის გამო. საკასაციო სასამართლოს მითითებით, დამსაქმებლის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში დისკრიმინაციად არ ფასდება, არამედ, საამისოდ უნდა არსებობდეს გარემოები, რომელიც რომელიმე ნიშნით მსხვერპლის უკანონო გამორჩევაზე მიუთითებს.

დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი.

მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1762180 ბრძანებას, რომლითაც მოპასუხემ თავისივე 2015 წლის 28 დეკემბრის №2902652 ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა და შ. შ-ე იმ თანამდებობაზე აღადგინა, რომლიდან გათავისუფლების გამოც სასამართლოში დავას აწარმოებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ 2016 წლის 15 ივლისის №1762180 ბრძანება შ. შ-ეს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ ინტერესი დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის №1762180 ბრძანების მოქმედების პირობებში კი არ არსებობს დავის საგანი თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე შ. შ-ეს თანამდებობრივი სარგო ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე კუთვნილ სარგოზე ნაკლები ოდენობით დაენიშნა. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სადავო ბრძანებით გათავისუფლებამდე კუთვნილ თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ მიღებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად დამდგარი დანაკლისი. აღნიშნულ ნაწილში კასატორის - შ. შ-ის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... სასოფლო პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობრივ სარგოსა და საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ...განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობრივ სარგოს შორის სხვაობის გამო 2015 წლის 28 დეკემბრის N2902652 ბრძანებით საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... სასოფლო პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად დანიშვნიდან ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული დანაკლისის ანაზღაურება. შესაბამისად, ცალსახად და არაორაზროვნად განისაზღვრა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და პერიოდი.

სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შ. შ-ეს თანამდებობიდან გადაყვანის გამო შეეზღუდა კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აქტი 2015 წლის 28 დეკემბერს არის გამოცემული და ძალაში იყო 2016 წლის მაისამდე, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება 2012-2016 წლებში შვებულების გამოყენების შეზღუდვის განმაპირობებელ აქტად; დასახელებული აქტისგან დამოუკიდებლად შრომითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს კი სარჩელი არ შეიცავს.

მიუღებელი ხელფასის გადახდის დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ თანხის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ, დავის საგანია გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და ამ აქტის გამოცემით მიუღებელი ხელფასის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ სადავო თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან და მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან, რის გამოც შესაბამის დრომდე მოპასუხეს ვერ დაეკისრება გადახდის დაყოვნებისათვის კანონით განსაზღვრული თანხის გადახდა.

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 413-ე მუხლებზე მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს დავა მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილში. საქმის მასალებით არ დასტურდება კონკრეტული ხარჯების მოცულობა, რისი გაღებაც შ. შ-ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს ... პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე სამსახურის პერიოდში მოუხდა. რაც შეეხება მორალურ ზიანს, არ არსებობს მისი ანაზღაურების საფუძვლად მითითებული დისკრიმინაციული მოპყრობა, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

ადვოკატის ხარჯების მოცულობასთან დაკავშირებით კასატორის - შ. შ-ის პრეტენზიაზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდა მოცემული დავის გათვალისწინებით, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მოწინააღმდეგე მხარისთვის საკასაციო ეტაპისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისთვის მის სასარგებლოდ საკასაციო სასამართლოში გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. შ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება;

3. შ. შ-ის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი