#ბს-113(კ-19) 25 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 28 დეკემბერს რ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 11 საათზე სამსახურებრივი ავტომანქანით თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრზე მოძრაობისას, თვალისათვის შეუმჩნეველ ყინულზე მისი ბრალეულობის გარეშე მოცურდა ავტომანქანა, მან დაკარგა მართვის კონტროლი, გადავიდა გზიდან და ჩავარდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხში. შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა აღნიშნული ავტომანქანა, ხოლო მან მიიღო სხეულის დაზიანება. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა დააფიქსირა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და დააჯარიმა 250 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, მომხდარის თაობაზე მაშინვე ჩააყენა საქმის კურსში მისი ხელმძღვანელობა და ვინაიდან თავს თვლიდა უდანაშაულოდ, აღნიშნული საჯარიმო ქვითარი ჯერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოში, ხოლო შემდეგ - სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით გაუქმდა გასაჩივრებული საჯარიმო ქვითარი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულით დადასტურდა მისი უდანაშაულობა. მანამდე კი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საფნანსო უზრუნველყოფის სამმართველოს მოთხოვნით იძულებული გახდა მისი ფულადი თანხებით სრულად აღედგინა დაზიანებული ავტომანქანა, რაშიც გადაიხადა 17 580 ლარი, რაც დადასტურებულია ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტ-აუდიტორ „დ. რ-ის“ მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რ. ჩ-ის სასარგებლოდ 17850 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოსარჩელე რ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 17850 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
საქმეზე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ჩ-ს არ ევალებოდა დაზიანებული ავტომობილის შეკეთება, რაც მას თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას აძლევდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2016 წლის 23 ნოემბერს - კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასვენების დღეს. შესაბამისად, რ. ჩ-ი ავტომანქანას იყენებდა პირადი და არა სამსახურებრივი მიზნებისათვის.
კასატორის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ რ. ჩ-ის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი გაუქმდა და იგი გათავისუფლდა ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან, მაინც არ გამოირიცხება მისი მატერიალური პასუხისმგებლობის არსებობა სასაზღვრო პოლიციის მიმართ, რომელიც მას აღებული ჰქონდა 2014 წლის 29 სექტემბრის მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ #388 ხელშეკრულების საფუძველზე. კასატორის მითითებით, მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებაში არ იყო დაკონკრეტებული ის გარემოება, რომ ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ ბრალეული ქმედების დროს. რ. ჩ-ს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ბრალეულობის მიუხედავად.
კასატორი არ ეთანხმება სასაზღვრო პოლიციისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, ვინაიდან მოსარჩელემ ხარჯები გასწია საკუთარი ნება-სურვილით. ამასთან, კასატორის მითითებით, რ. ჩ-მა საკითხი სადავო მაშინ გახადა, როდესაც იგი კადრების განკარგულებაში ვადის გასვლის შემდგომ გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც მის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის რ. ჩ-ის სასარგებლოდ 17850 ლარის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრზე, … მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული, რ. ჩ-ის მართვის ქვეშ მყოფი, ავტომანქანის - „...”, სახელმწიფო ნომრით - ..., შეკეთება განახორციელა თავად რ. ჩ-მა.
საქმეზე წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ხარჯი გაიწია შემდეგი ოდენობით: (1) მოტორის ქვედა სამაგრების შეძენა-დაყენება - 250 ლარი; (2) სიჩქარეთა კოლოფების ქვედა სამაგრები (შეძენა-დაყენება) – 300 ლარი; (3) სიჩქარეთა კოლოფის შეცვლა - 2500 ლარი; (4) ხიდის შეცვლა - 2500 ლარი; (5) რადიატორის შეცვლა - 400 ლარი; (6) ძრავის სახურავის შეცვლა - 450 ლარი; (7) „შიტოკის“ შეცვლა - 300 ლარი; (8) საქარე მინა - 350 ლარი; (9) გვერდითი მინები - 800 ლარი; (10) სარკეების (გვერდითი და შიდა) შეცვლა - 500 ლარი; (11) ყველა ფარების დაყენება - 1200 ლარი; (12) მარცხენა კარებების გასწორება - 500 ლარი; (13) მარჯვენა კარებების შეძენა-დაყენება - 1000 ლარი; (14) მანქანის სახურავისა და საყრდენების გასწორება-დამუშავება - 3000 ლარი; (15) „აბივკის“ აღდგენა-განახლება - 300 ლარი; (16) გადაღებვა მთლიანად, ორჯერ - 3000 ლარი; (17) სავალი ნაწილის სხვადასხვა ელემენტები - 500 ლარი.
დადგენილია, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე რ. ჩ-ის მიმართ შედგა #... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ჩ-ი დაჯარიმდა 250 ლარით. 2016 წლის 23 ნოემბრის ალკოტესტის თანახმად, რ. ჩ-ი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა რ. ჩ-ის საჩივარი; გაუქმდა 2016 წლის 23 ნოემბრის #... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 6 დეკემბრის #20/26/1-199 დადგენილება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირისთვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება რ. ჩ-ის ქმედების ბრალეულობა, შესაბამისად, კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ 2014 წლის 29 სექტემბრის #388 ხელშეკრულება ვერ გახდება საფუძველი, სადავოდ ქცეული დაზიანებული ავტომობილის შეკეთების ხარჯების მისთვის დასაკისრებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის სხდომის ოქმზე, სადაც თავად რ. ჩ-მა განმარტა, რომ მისი სამუშაო გრაფიკი გარკვეული თავისებურებით ხასიათდებოდა, კერძოდ, ის არანორმირებული იყო, რაც დაადასტურა მოპასუხე მხარემაც. რ. ჩ-ის განმარტებით, მის მიერ 2016 წლის 23 ნოემბერს ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სიტყვიერად შეთანხმებული იყო იმდროინდელ ხელმძღვანელობასთან, ამასთან, დავალებული ჰქონდა შეემოწმებინა ლაგოდეხის სამმართველო, რასთან დაკავშირებითაც ნებისმიერ დროს ელოდებოდა სატელეფონო ზარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული მასალებით ვერ დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს რ. ჩ-ი იყენებდა თუ არა ავტომანქანას საკუთარი მიზნებისათვის. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოცემული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კასატორი მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა არასამუშაო დღეს - 23 ნოემბერს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რ. ჩ-ის მიმართ არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რ. ჩ-მა საკითხი სადავო მაშინ გახადა, როდესაც იგი კადრების განკარგულებაში ვადის გასვლის შემდგომ განთავისუფლდა სამსახურიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის დადგენილების ჩაბარებიდან სასამართლოში საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართვის დროისათვის (28.12.2017წ.) არ ყოფილა გასული ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი