საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-404(კ-19) 24 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისი; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
2018 წლის 17 ივლისს ა. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 26 აპრილის N... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ 2019 წლის 29 მარტის განჩინებით ა. ო-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს ა. ო-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი, ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუსვებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართლზე გაეგზავნა კასატორს - ა. ო-ს და 2019 წლის 29 მარტის განჩინების შემცველი გზავნილი 2019 წლის 30 აპრილს ჩაჰბარდა ა. ო-ის წარმომადგენელს - გ. კ-ს (პ/ნ ...), რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
იქიდან გამომდინარე, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინების ასლი ა. ო-ის წარმომადგენელმა - გ. კ-მა (პ/ნ ...) 2019 წლის 30 აპრილს ჩაიბარა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის ათვლა 2019 წლის 1-ლი მაისიდან უნდა დაწყებულიყო და 2019 წლის 10 მაისის 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან, გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 296-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. ო-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ა. ო-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი