Facebook Twitter

№ბს-1335(კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ., ნ., მ. და ა. გ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 9 აგვისტოს გ., ნ., მ. და ა. გ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „...-ის“ მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „...-ს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი მძიმე ძაბვის ელექტრო სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. მშენებლობის განხორციელების მიზნით მოხდა მახო-სიმონეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მათ შორის მოსარჩელეების მართლზომიერ მფლობელობაში, სარგებლობაში არსებული მიწების ათვისება. მიწების ტერიტორიული შესწავლისა და ინდივიდუალურ მოსარგებლეთა პირების დასადგენად შეიქმნა კომისია, რომლის არაკომპეტენტურმა წევრებმა შეგნებულად მოიძიეს და გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია და კომპანიის ათვისების ზოლში დააფიქსირეს ის პირები, რომელიც თითქოს მოსარგებლეები იყვნენ ამ ტერიტორიის და მათზე გასცეს კომპენსაცია. სინამდვილეში კი, შემდგარი სიის მიხედვით უმრავლესობა საერთოდ არ სარგებლობდა ამ მიწებით. მოსარჩელეების მითითებით, კომისიამ გააყალბა 2013 წლის 13 იანვრის №1 სხდომის ოქმი, 2012 წლის 19 ივლისის №2 სხდომის ოქმი და 2013 წლის 30 ივლისის №3 სხდომის ოქმი.

მოსარჩელეების მითითებით, გ. გ-ეს ჭოროხის განაპირა ზოლში მფლობელობაში გააჩნდა 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის სარგებლობაც დაუდგინეს სხვა ოთხ პირს, რომელთაც იქ არ გააჩნდათ მიწის ნაკვეთი და არც მათ საკუთრებაში ასრებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მდებარეობდა. ა. გ-ეს ჰქონდა 2308 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ გაცემულა კომპენსაცია. მ. გ-ეს ათვისების ზოლში გააჩნდა 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ასევე სხვა პირებს მისეცს კომპენსაცია. კომპენსაცია არ მიუღია არც მეორე 2262 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთების სხვა პირებზე გადაცემით მოსარჩელეებმა დაკარგეს ყოველწლიური შემოსავალი, რომელიც ოჯახების ერთ-ერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. მოპასუხემ ნაცვლად თავისი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისა, მიიღო კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შეილახა მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები და მიადგათ ზიანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, კერძოდ: 2013 წლის 13 ივნისის №1 სხდომის ოქმის, 2013 წლის 19 ივლისის №2 ოქმისა და 2013 წლის 30 ივლისის №3 ოქმის ბათილად ცნობა სამართლებრივ შედეგებთან ერთად მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით სადავო ნაწილში; ასევე მოითხოვეს დავალდებულდეს მოპასუხეები ჩამოყალიბდეს კომისია და საქმისთვის არსებული მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ათვისების ტერიტორიაზე მოყოლილი მიწის ნაკვეთების მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტების შესახებ, მოსარჩელეების სასარგებლოდ სამართლებრივი შედეგის დადგომის მიზნით და ასევე სოლიდარულად გადახდეს მოპასუხეებს გადასახდელად სასამართლო და იურიდიული მომსახურების მოპასუხეების მიზეზით გამოწვეული სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. მ-ე, გ. მ-ე, რ. კ-ე, ბ. მ-ი, ჟ. დ-ე, რ. მ-ე, ნ. მ-ი, ს. გ-ე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა; მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა შპს „...“ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 ნაწილით საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის, ნ. გ-ის, მ. გ-ის, ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ., ნ., მ. და ა. გ-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით გ. გ-ის, ნ. გ-ის, მ. გ-ისა და ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტები ერთმანეთის ნათესავები არიან. კომისიის მიერ ა. გ-ე და მ. გ-ე სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილზე აღიარებულ იქნენ მოსარგებლეებად, ამასთან, ა. გ-ეს სწორედ მითითებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს (ნაკვეთი მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთებიდან მოშორებით) მიღებული აქვს ანაზღაურება 160000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, პალატამ გაიზიარა აპელანტების პროცესუალური მოწინააღმდეგეების პოზიცია 2013 წელს მიღებული კომისიის სხდომის ოქმების ხანდაზმულობის ვადის დარღვევით გასაჩივრების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტების მიერ წარმოდგენილი არ არის კომისიის მიერ მესამე პირების სარგებლობაში აღიარებულ მიწის ნაკვეთებზე მათი მფლობელობის დამდასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლო კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მოკლებულია ამგვარი მტკიცებულების შეგროვების შესაძლებლობას, რადგან ამ პერიოდისათვის სადავო მიწის ნაკვეთები შპს „...-ის“ მიერ უკვე ათვისებულია და წყლითაა დაფარული. პირიქით, შპს „...-ის“ წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ორთოფოტოთი დადასტურდა აპელანტების მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთების სხვა ტერიტორიაზე მდებარეობა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ მიჩნევისთვის აუცილებელი პირობების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის ავტორებმა ვერ დაასაბუთეს აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაასაბუთეს დავაში მათი უფლებადამცავი ინტერესი. მეტიც, სააპელაციო სასამართლოში აპელანტ გ. გ-ემ რეპლიკის ეტაპზე მიცემული განმარტებით დაადასტურა, რომ იგი არ ცხოვრობდა სოფელ ..., თუმცა ბავშვობაში ეხმარებოდა მის მშობლებს სადავო მიწის ნაკვეთის დამუშავებაში. პალატის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2013 წლის 10 ივნისს მიღებული №175 ბრძანების მიზნებისათვის მნიშვნელოვანს წარმოადგენდა არა ის გარემოება, რომ ოდესღაც ვინ ფლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, არამედ მნიშვნელოვანი იყო კომისიის შექმნის მომენტისთვის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების დადგენა, რა წინაპირობის კომისიის მიერ დაუცველობა ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლით არ დადგინდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ., ნ., მ. და ა. გ-ეებმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები საკასაციო საჩივარს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში და ამასთან, განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა შეჯიბრობითობის პრინციპი. მოსამართლემ მისცა მცირე დრო და ამ დროში ვერ შეძლეს ოთხი აპელნატის ფაქტებისა და მტკიცებულებების გამოქვეყნება. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირ ახსნა-განმარტებას და მის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი გახდა სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, მაშინ როცა აღნიშნული საკადასტრო აზმოვითი ნახაზი ერთვოდა ასევე მათ სასარჩელო განცხადებასაც და აღნიშნული ნახაზით დგინდებოდა ფაქტები, რაზედაც გამოთქვამდნენ პრეტენზიას. კერძოდ, აღნიშნული ნახაზით დგინდება, რომ შპს „...“ გასცდა მის სამოქმედო არეალს და მიითვისა მათ საკუთრებაში არასებული მიწის ნაკვეთები ისე, რომ მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და არც კომპენსაცია მიუციათ.

კასატორები ასევე არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათთვის ცნობილი იყო სადავო მიწის ნაკვეთის მითვისებისა და კომპენსაციის შესახებ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.

კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის განმარტებებს, ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასაჩივრებული აქტების შესახებ დამდგარია განაჩენი.

ამასთან, კასატორებმა იშუამდგომლეს ხელვაჩაურის პოლიციიდან 2013 წლის გასაჩივრებულ აქტებზე დამდგარი განაჩენის გამოთხოვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ., ნ., მ. და ა. გ-ეების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ., ნ., მ. და ა. გ-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2013 წლის 10 ივნისს მიღებულ იქნა №175 ბრძანება შპს „...-ის“ მიერ მუნიციპალიტეტის სოფელ ... მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წარმოებამდე მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ. ამ ბრძანებაში აღინიშნა, რომ შპს „...“ მიმდინარე პერიოდისთვის უზრუნველყოფდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მიმდინარეობდა მშენებლობა, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დღეისთვის წარმოადგენდა შპს „...-ის“ საკუთერებას. მიუხედავად აღნიშნულისა, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთებით ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა ამავე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „...-მა“ გამოთქვა მზაობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მოსახლეობას გონივრულ ფარგლებში გადაუხდიდა სათანადო კომპენსაციას.

ამავე ბრძანების მიხედვით, წინამდებარე გარემოებების მხედველობაში მიღებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი შპს „...-ის“ 2013 წლის 6 ივნისის წერილით მოთხოვნილ იქნა კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მიწათმოსარგებლეთა ვინაობის და მათ საგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების ოდენობის დადგენას.

მოსარჩელეებს ნ. გ-ეს, მ. გ-ესა და გ. გ-ეს იმ პერიოდისათვის კომისიისათვის განცხადებით არ მიუმართავთ და არ წარუდგენიათ სათანადო ნახაზები მიწის სარგებლობის შესახებ, ამასთანავე, მათთვის ცნობილი იყო კომისიის მუშაობის შესახებ, რამდენადაც მოსარჩელე ა. გ-ე, რომელმაც კომისიას მიმართა განცხადებით და წარადგინა ნახაზი 11300 კვ.მ მიწის ფართობზე, არის ნ. გ-ის შვილი და მ. გ-ის ძმა. ა. გ-ეს სწორედ მითითებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს (ნაკვეთი მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთებიდან მოშორებით) მიღებული აქვს ანაზღაურება 160000 ლარის ოდენობით.

2016 წლის 24 მარტს მ. გ-ემ, ხოლო 2016 წლის 11 მარტს გ. გ-ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინეს აზომვითი ნახაზი და მოითხოვეს მახო-სიმონეთის ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპენსაციის მიმღებთა სიაში შეყვანა, რაზეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 30 ივნისის №05/3329 წერილებით ეცნობათ, რომ კომისიის მიერ სოფელ ... არსებული მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მოსარგებლეების ერთიანი სია შესაბამის მასალებთან ერთად გადაცემული იყო მშენებლობის მწარმოებელ კომპანიაზე და გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელახლა განეხილა ზემოაღნიშნული საკითხი. აქვე ეცნობათ, რომ უფლება ჰქონდათ მიემართათ სასამართლოსთვის.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილი არ არის კომისიის მიერ მესამე პირების სარგებლობაში აღიარებულ მიწის ნაკვეთებზე მათი მფლობელობის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება. ამასთან, შპს „...-ის“ წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ორთოფოტოთი დასტურდება მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთების სხვა ტერიტორიაზე მდებარეობა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მიწის ნაკვეთების მათ მიერ ფლობისა და სარგებლობის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა და დავაში მათი უფლებადამცავი ინტერესი, ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში აპელანტ გ. გ-ემ რეპლიკის ეტაპზე მიცემული განმარტებით დაადასტურა, რომ იგი არ ცხოვრობდა სოფელ ..., თუმცა ბავშვობაში ეხმარებოდა მის მშობლებს სადავო მიწის ნაკვეთის დამუშავებაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2013 წლის 10 ივნისს მიღებული №175 ბრძანების მიზნებისათვის კი, მნიშვნელოვანია არა ის გარემოება, ოდესღაც ვინ ფლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, არამედ მნიშვნელოვანი იყო კომისიის შექმნის მომენტისთვის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების დადგენა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა და შესაბამსიად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ვინაიდან კომისიამ შეგროვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთებს სარგებლობდნენ მესამე პირები, რაც ასევე დადასტურდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც გ., ნ., მ. და ა. გ-ეების შუამდგომლობა ხელვაჩაურის პოლიციიდან განაჩენის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ., ნ., მ. და ა. გ-ეების საკასაციო საჩივარზე გ. გ-ეს 12.12.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. გ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ., ნ., მ. და ა. გ-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. გ., ნ., მ. და ა. გ-ეების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება;

4. გ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ., ნ., მ. და ა. გ-ეების საკასაციო საჩივარზე 12.12.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი