#ბს-1359(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 11 დეკემბერს ლ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 4 სექტემბრის #000050 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 10 ნოემბრის #717 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, არქიტექტურის სამსახურისგან მიიღო უფლება ქ. თბილისში, ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კაფე-რესტორნის ასაშენებლად. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის ახალი პროექტიც მომზადდა და შეთანხმდა ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან, სადაც განმცხადებლად წარმოდგენილი იყო შპს „...“. სააგენტოს გადაწყვეტილება გაიცა, თუმცა საქმეში აღნიშნული სკოლის დირექტორმა და არქიტექტურის სამსახურმა არ მისცა შეთანხმებული მისასვლელი გზის მშენებლობის განხორციელების უფლება, ნებართვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შემდგომ, დირექტორმა იჩივლა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში, რის შედეგადაც ჩატარდა პრაქტიკულად უკვე დასრულებული მშენებლობის შემოწმება და გამოვლენილ იქნა მინიმალური დარღვევები, რის შედეგადაც დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რაც გადაიხადა. ამასთანავე, მოსარჩელის განმარტებით, მან განახორციელა პროექტის კორექტირება, რაც შეიტანა არქიტექტურის სამსახურში, რომელმაც შეაჩერა პროექტის განხილვა. მოსარჩელის მითითებით, ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა წინა ჯარიმის სამმაგი ოდენობით. იურიდიულმა სამსახურმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გადახდილი ჰქონდა ჯარიმა - 3 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ბ-ის მიერ არ იქნა დადასტურებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #1606195 ბრძანების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან შეთანხმებული პროექტის ცვლილება და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის #1837586 გადაწყვეტილებით ელექტრონულ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო 2015 წლის 4 სექტემბრის #000050 დადგენილება.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში მიმდინარეობდა საქმის წარმოება მშენებლობის ნებართვაში კორექტირების განხორციელების შესახებ და შესაბამის ორგანოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა მიეღო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის შეწყვეტის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მართალია, ლ. ბ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე დარღვევები სრულად იქნა გამოსწორებული, რაც დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 მარტის ექსპლუატაციის შესახებ #ს-19/01170581276-17 ბრძანებით, რომლითაც ქ. თბილისში, სექტორი - ..., ...ის ქუჩა, ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით (ს/კ ...) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, თუმცა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ექსპლუატაციის შესახებ ბრძანება გამოცემულია 2017 წლის 31 მარტს, მას შემდეგ, რაც არქიტექტურის სამსახურმა ლ. ბ-ეს დაუდასტურა არსებული დარღვევები, ხოლო სადავო დადგენილება გამოცემულია 2014 წლის 30 დეკემბერს, შესაბამისად, არც ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და არც სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, აღნიშნულს ვერ გაითვალისწინებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ლ. ბ-ემ კაფე-რესტორნის მშენებლობისათვის მოამზადა მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის ახალი პროექტი, რომელიც შეთანხმდა 2014 წლის 11 მარტს თბილისის მერიის ქონების მარვთის სააგენტოსთან, სადაც დაინტერესებულ პირად წარმოდგენილი იყო შპს „...“. ამის შემდეგ, ამავე სკოლის დირექტორმა ტ. მ-ემ სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულებაში ხელი შეუშალა ლ. ბ-ეს და მისი უშუალო ჩარევის შედეგად თბილისის არქიტექტურის სამსახურმა არ მისცა შეთანხმებული მისასვლელი გზის მოწყობისათვის საჭირო ნებართვა. სწორედ აღნიშნული მიზეზით მოხდა ლ. ბ-ის მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევა, რაც უნდა გაეთვალისწინებინა როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, ასევე სასამართლოს. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა მიეღო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან არქიტექტურის სამსახურში მიმდინარეობდა საქმის წარმოება მშენებლობის ნებართვაში კორექტირების განხორციელების შესახებ, რაზედაც გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ბ-ემ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის #1606195 AR1255931 20.11.2014 წლის ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით განახორციელა სამშენებლო საქმიანობა, რის საფუძველზედაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 30 დეკემბრის #000903 დადგენილებით პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დაჯარიმდა 3000 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 4 სექტემბრის #000050 დადგენილება, რომლითაც ლ. ბ-ე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 30 დეკემბრის #000903 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო დაჯარიმდა 9000 ლარით.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ბ-ის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 30 დეკემბრის #4-1/დ-721-14 #000903 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ 2015 წლის 11 მაისს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა #000050 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა ლ. ბ-ის მიერ 2014 წლის 30 დეკემბრის #000903 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის ფაქტი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 10 ივლისის #4-3/80-გ/15 ბრძანების თანახმად კი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 11 მაისის #000050 შემოწმების აქტის საფუძველზე ლ. ბ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 (ორი) თვით და მის მიმართ საქმის განხილვისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 10 ივლისიდან 2015 წლის 10 სექტემბრამდე.
ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისადმი წარდგენილ 2015 წლის 25 თებერვლის #AR1289376 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით შეთანხმებული პროექტის ცვლილება. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის #1837586 გადაწყვეტილებით ელექტრონულ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხარვეზის აღმოფხვრის ფაქტი ლ. ბ-ის მიერ არ იქნა დადასტურებული, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული აქტი კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ექსპლუატაციის შესახებ ბრძანება გამოცემულია 2017 წლის 31 მარტს, მას შემდეგ, რაც არქიტექტურის სამსახურმა ლ. ბ-ეს დაუდასტურა არსებული დარღვევები, ხოლო ლ. ბ-ის დაჯარიმების შესახებ დადგენილება გამოცემულია 2014 წლის 30 დეკემბერს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ არც ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და არც სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, აღნიშნულს ვერ გაითვალისწინებდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე შ. ბ-ს 12.12.2018წ. #4 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. ლ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ. ბ-ის მიერ 12.12.2018წ. #4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი