#ბს-1370(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 5 სექტემბერს შპს „...“-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 19 აპრილის #EL046016 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 ივნისის #18317 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ადგილი ჰქონდა დახლიდან ერთი შეკვრა სიგარეტის ქურდობას ანუ ეს ფაქტი არ იყო ცნობილი მაღაზიისთვის და მისი გამოვლენა მოხდა სწორედ შემოწმებისას. ვიდეო-კამერის მეხსიერებაში არსებული ჩანაწერის გაცნობისას აღმოჩნდა, რომ დახლის ამ ნაწილს ვიდეო-კამერა ვერ ფარავს, შედეგად ამ ფაქტის გაცხადებას პოლიციაში აზრიც არ ჰქონდა. მაღაზია არის სპეციალური დანიშნულების, რომლის მომხმარებლებიც არიან მხოლოდ დიპლომატიური სტატუსის მქონე პირები. შესაბამისად, მაღაზიას აქვს საკმაოდ მცირე საქონელბრუნვა, რამაც განაპირობა კიდეც მსგავსი ფაქტი. ასეთი თანხით კომპანიის დაჯარიმება მისი დახურვის ტოლფასია, რაც არ უნდა შედიოდეს სახელმწიფოს ინტერესებში, მით უფრო, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კომპანიას არასდროს ჰქონია საგადასახადო დავალიანება და დღიდან დაფუძნებისა, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა საგადასახადო მოვალეობას. აღნიშნული 1 შეკვრა სიგარეტის დაკარგვით არავითარი ზარალი არ მისდგომია სახელმწიფო ბიუჯეტს. ის გადასახადი რომელიც ამ დაკარგულ 1 შეკვრა სიგარეტს ჰქონდა, დარიცხული და გადახდილია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს „...“ სადავოდ არ ხდის სამართალდარღვევის ფაქტს და აღნიშნავს, რომ 1 შეკვრა სიგარეტის დანაკლისი გამოწვეული იყო ქურდობით, რაც მათთვის უცნობი გახლდათ. ამასთანავე, ითხოვს პაუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, მაღაზიას აქვს მცირე საქონელბრუნვა, შესაბამისად, ადგილი აქვს აშკარა შეუსაბამობას გამოვლენილ სამართალდარღვევასა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობას შორის, სანქცია არაწონადია, არათანაზომიერი დარღვევასთან მიმართებაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა ქურდობის ან დაუძლეველი ძალის არსებობის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, შეფარდებული სანქცია არათანაზომიერია ჩადენილ დარღვევასთან მიმართებით. ამასთან, აღნიშნული 1 შეკვრა სიგარეტის დაკარგვით ზარალი არ მისდგომია სახელმწიფო ბიუჯეტს. ის გადასახადი კი, რომელიც დაკარგულ სიგარეტს ჰქონდა დარიცხული, კომპანიის მიერ დროულად იყო გადახდილი ბიუჯეტში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ შპს „...“ არის ნებართვის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას, თავისუფალ სავაჭრო პუნქტში. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 19 აპრილის საგადასახადო სამართალდარღვევის #EL046016 ოქმის საფუძველზე შპს „...“-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290.1 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 290.1 მუხლის თანახმად, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ყურადღბას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“ სადავოდ არ ხდის სამართალდარღვევის ფაქტს და ითხოვს პაუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს „...“-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა ქურდობის ან დაუძლეველი ძალის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ არ არსებობს შპს „...“-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი სფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...“-ის საკასაციო საჩივარზე ა. თ-ს 22.10.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...“-ის (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინება;
3. შპს „...“-ის (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. თ-ის მიერ 22.10.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი