Facebook Twitter

№ბს-1396(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 30 მაისს გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია. სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი აქვს ავღანეთში. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სოციალური სუბსიდიის სახით იღებდა 22 ლარს.

მოსარჩელის მითითებით, 2007 წელს დარეგისტრირდა საგადასახადო ორგანოში, როგორც ინდ. მეწარმე, თუმცა საქმიანობა ვერ განხორციელდა წარმატებულად და დაერიცხა დავალიანება. აღნიშნულის გამო, ინსპექციას მის ანგარიშზე, რომელზეც ერიცხებოდა სუბსიდია, განუხორციელებია საინკასო დავალება და გარკვეული პერიოდი მის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ირიცხებოდა საბიუჯეტო ვალდებულების დასაფარავად. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი სუბსიდიას იღებდა 2011 წლის 1 დეკემბრამდე და აღნიშნულის საფუძველზე საერთოდ შეუწყდა მისი მიღება, რადგან ჩათვალეს, რომ 6 თვის განმავლობაში პირადად არ იღებდა მის სახელზე გადმორიცხულ თანხას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების №03/2157-2013/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქ. რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოსარჩელისათვის სუბსიდიის აღდგენის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების №03/2157-2013/1 გადაწყვეტილება და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ბ-ის მიმართ სუბსიდიის აღდგენის თაობაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით განსაზღვრულია სოციალური პაკეტი. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა თანდართული სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი შესრულების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა უზრუნველეყო შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს სოციალური პაკეტის დანიშვნის, გაცემის, შეჩერებისა და შეწყვეტის განახლებას და გადაანგარიშებას. კერძოდ: სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს - ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, ხოლო სოციალური პაკეტი განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის სოციალური პაკეტის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სს „...მა“ 2013 წლის 28 ივნისს №11065/5-163/27530 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ სს „...სა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო ყოველთვიურად მიმდინარე თვის 22 რიცხვის მდგომაროებით, აღნიშნული თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა სააგენტოს ყველა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისთვის იმ „ბენეფიციართა“ სახელობითი მონაცემები, რომელთა პირადი ანგარიშებიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში „ბენეფიციარის“ მხრიდან არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. ამდენად, მოსარჩელეს საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუჩერდა 2011 წლის 1 დეკემბრიდან სს „...ის“ 28.11.2011 წლის №5-3/927 წერილის საფუძველზე, როგორც 6 თვის მიუღებელი. აღნიშნული წერილის გაგზავნისა და სუბსიდიის შეჩერების შემდეგ განხორციელდა 2012 წლის 02.02-ში თავად სს „...ის“ საბანკო ოპერაცია. 2013 წლის 23 მაისს მოსარჩელემ მიმართა რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა შეჩერებული გასაცემლის განახლება, რაზეც 2013 წლის 23 მაისს №04-14-01/2464 წერილით ეცნობა გასაცემლის განახლების სამართლებრივად შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის №01-65/ნ ბრძანებითა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა შეჩერებული გასაცემლის აღდგენა/გაცემის წესი. მოსარჩელეს სახელმწიფო გასაცემელი (საყოფაცხოვრებო სუბსიდია) შეუწყდა 2012 წლის 1 სექტემბერიდან. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავების წესი. სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავებას ბანკი ახორციელებდა შემოსავლების სამსახურის დავალების საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იღებდა თანხას. მოსარჩელეს არც შემოსავლების სამსახურიდან, არც ბანკიდან და არც მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან მიუღია შეტყობინება გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, რაც მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული იქნა და შესაბამისი ჩაბარების მტკიცებულება წარმოდგენილი არ იქნა. პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2011 წლის 28 ნოემბერს სს „...ის“ მიერ მოპასუხეს №5-3/927 წერილით ეცნობა მოსარჩელის მიერ ანგარიშიდან 6 თვის განმავლობაში თანხების მიუღებლობა, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარმოადგენს ვალდებულებას გასაცემლის შეჩერებისთვის, რაც გათვალისწინებულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო მითითებული კანონის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს 2007 წლის №4 საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-8 მუხლის 2 პრიმა ქვეპუნქტი. მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერება მოხდა 2011 წლის 1 დეკემბრიდან. აღნიშნულის შესახებ მხარეს გაეგზავნა შეტყობინება 2011 წლის 8 დეკემბერს, თუმცა იგი დაუბრუნდა სააგენტოს იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ ცხოვრობდა მისამართზე. ამდენად, მოსარჩელე მხარეს შეეზღუდა გასაცემლის შეჩერების გასაჩივრების უფლება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს მთავრობის №279 დადგენილების გარდამავალი დებულებების თანახმად, პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობას, ან რომელიც არ განეკუთვნება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმღებ პირთა წრეს, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხების გაცემა უგრძელდება შეჯამებულად სოციალური პაკეტის სახით ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. პირს, რომელიც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით არ არის პენსიაზე უფლების მქონე პირი და იღებდა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებულ რაიმე სახის ყოველთვიურ ფულად გასაცემელს (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა), რომლის ჯამური ოდენობა ნაკლებია ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მიმღებ პირთა წრისათვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობაზე, უწყდება ზემოაღნიშნული პროგრამული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და მისი სოციალური პაკეტი განისაზღვრება ამ წესით განსაზღვრული ოდენობით. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა‘‘ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემლების (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობებისა) ჯამური ოდენობის გამოთვლისას აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ის გასაცემელი (გარდა სახელმწიფო კომპენსაციისა, საარსებო, რეინტეგრაციის, დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარულისტატუსის მქონე პირთაყოველთვიურიშემწეობებისა), რომლის გაცემაც 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეჩერებულია არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სოციალური პაკეტი შეჩერებულად ითვლება და, თუ განახლება არ განხორციელდა 2013 წლის 1 იანვრამდე, სოციალური პაკეტი შეწყვეტილად ჩაითვლება 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია სს ...ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერების/შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცეია იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში კი, სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავებას ბანკი ახორციელებდა შემოსავლების სამსახურის დავალების საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იღებდა თანხას. მოსარჩელეს არც შემოსავლების სამსახურიდან, არც ბანკიდან და არც მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან არ მიუღია შეტყობინება გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ნორმის მიზანს წარმოადგენს ბენეფიციარს შეუჩეროს სოციალური პაკეტის გაცემა მაშინ, როდესაც იგი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საკუთარი ნებით არ იღებს სუბსიდიას, ანუ საკუთარი ნებით, საკუთარი არასაპატიო მიზეზით არ ახდენს მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ თანხას არ იღებს არა საკუთარი ნებით, არამედ მისი ნების გარეშე, ეს არ უნდა ჩაითვალოს ზემოაღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიუღებლობად და მისი შეჩერების საფუძვლად. განსახილველ შემთხვევაში კი პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მისთვის დანიშნულ სოციალურ დახმარებას არ იღებდა არა საკუთარი ნებით, არამედ მის საბანკო ანგარიშებზე სს „...ში“ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული საინკასო დავალების საფუძველზე და თანხების გადარიცხვა ხდებოდა მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რომც ჩაითვალოს, რომ ამ შემთხვევაში ბენეფიციარის ნებას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა და სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, მიუხედავად მისი ნებისა, მაშინ რატომ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე იღებდა სუბსიდიას და შემდეგ იძულების წესით, საინკასო დავალების საფუძველზე, ურიცხავდა შესაბამის ადრესატს. ანუ, იმ პირობებში, როდესაც თანხა ირიცხებოდა მოსარჩელის ანგარიშზე, ხოლო შემდეგ საინკასო დავალებით ეს თანხა იჭრებოდა ანგარიშიდან, ეს რატომ არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე იღებდა (მართალია არა პირდაპირ, არამედ ანგარიშზე დარიცხვით) ამ თანხას და შემდეგ იძულების წესით, საიკასო დავალების საფუძველზე, ურიცხავდა შესაბამის ადრესატს. შესაბამისად, თუ ანგარიშზე თანხის ჩარიცხავს გავაიგივეთ მის მიერ თანხის მიღებასთან და შემდეგ იძულების წესით ადრესატისათვის გადარიცხვასთან, აღარ იარსებებს ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სახელმწიფო დახმარების შეჩერების და შესაბამისად, შემდომში შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დასაბუთებულად უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზეც და სადავო საკითხის მიმართ გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლი, რომლის შესაბამისად ჩათვალა, რომ სახეზე იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საკითხი განეკუთვნება დისკრეციულ უფლებამოსილებას, ამიტომ მას აღნიშნული საკითხი უნდა განეხილა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის ჭრილში. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულით სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად ითვალისწინებს სოციალური პაკეტის შეჩერებას შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. შეჩერების საფუძვლები ჩამოთვლილია იმავე მუხლის პირველ პუნქტში და „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, წარმოადგენს სოცილური პაკეტის შეჩერების საფუძველს. სასამართლოს მიერ მითითებული და განმარტებული დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპის გამოყენება ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული თავისუფლება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები - მან შეჩერების საფუძვლის წარმოშობისთანავე უნდა შეაჩეროს სოციალური პაკეტი. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, უნდა გაერკვია სს „...ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერება/შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის შეჩერების წყაროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში გასაცემლის გამცემი საბანკო დაწესებულება, რომელიც ინფორმაციას აწვდის შეთანხმებული ფორმატით. შესაბამისად, საბანკო დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაცია უკვე არის სამართლებრივი საფუძველი და მან იმპერატიულად უნდა შეაჩეროს სოციალური პაკეტის გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იმოქმედა სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით გ. ბ-ისათვის სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეთა სოციალური დახმარების, მოსახელობისათვის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფას, სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ არეგულირებს სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებს, განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-11 მუხლი ითვალისწინებს სოციალური პაკეტის შეჩერებისა და განახლების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან: ა) ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე იმ გარემოების არსებობა, როდესაც საბანკო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს სარგებლის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით.

საქმის მასალების შესაბამისად დადგენილია, რომ 2013 წლის 28 ივნისს №11065/5-163/27530 წერილით მოსარჩელეს სს „...ის“ მიერ ეცნობა, რომ სს „...სა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო ყოველთვიურად მიმდინარე თვის 22 რიცხვის მდგომარეობით, აღნიშნული თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა სააგენტოს ყველა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულისთვის იმ „ბენეფიციართა“ სახელობითი მონაცემები, რომელთა პირადი ანგარიშებიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ,,ბენეფიციარის“ მხრიდან არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. ასევე ეცნობა, რომ სოციალური გასაცემლების დანიშვნა, შეჩერება, აღდგენა არ განეკუთვნებოდა ბანკის უფლებამოსილებებს და შედიოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციაში.

2016 წლის 16 მარტს გ. ბ-ს ეცნობა, რომ მის საბანკო ანგარიშებზე სს „...ში“ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული საინკასო დავალებებით ბიუჯეტში გადარიცხულია 15.04.2011 წელს 22 ლარი, ხოლო 02.02.2012 წელს 153.50 ლარი, სულ 175.50 ლარი.

დადგენილია, რომ მოსარჩელეს - გ. ბ-ს სახელმწიფო გასაცემელი (საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დაენიშნა 2005 წლის 1 იანვრიდან; მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერება მოხდა 2011 წლის 1 დეკემბრიდან, რის შესახებაც მხარეს გაეგზავნა შეტყობინება 2011 წლის 8 დეკემბერს, თუმცა იგი დაუბრუნდა სააგენტოს იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არ ცხოვრობდა მისამართზე. 2012 წლის 1 სექტემბრიდან კი მოსარჩელეს შეუწყდა გასაცემელი. ამდენად, მოსარჩელე მხარეს შეეზღუდა გასაცემლის შეჩერების გასაჩივრების უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სოციალური პაკეტიდან თანხის დაკავებას ბანკი ახორციელებდა შემოსავლების სამსახურის დავალების საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იღებდა თანხას. ამასთან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გ. ბ-ს სოციალური პაკეტი შეუჩერდა სს „...ის“ წერილის საფუძველზე, მას კი არც შემოსავლების სამსახურიდან, არც ბანკიდან და არც მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან არ მიუღია შეტყობინება გასაცემლის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, რაც მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებულ იქნა, არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ჩაბარების მტკიცებულება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (რომლის თანახმად, სოციალური პაკეტის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ სოციალური პაკეტის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში) მიზანს წარმოადგენს ბენეფიციარს შეუჩეროს სოციალური პაკეტის გაცემა მაშინ, როდესაც იგი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საკუთარი ნებით არ იღებს სუბსიდიას, ანუ საკუთარი ნებით, საკუთარი არასაპატიო მიზეზით არ ახდენს მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანას. იმ შემთხვევაში კი, თუ ბენეფიციარი სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ თანხას არ იღებს არა საკუთარი ნებით, არამედ მისი ნების გარეშე, ეს არ უნდა ჩაითვალოს ზემოაღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიუღებლობად და მისი შეჩერების საფუძვლად. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მისთვის დანიშნულ სოციალურ დახმარებას არ იღებდა არა საკუთარი ნებით, არამედ მის საბანკო ანგარიშებზე სს „...ში“ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული საინკასო დავალების საფუძველზე და თანხების გადარიცხვა ხდებოდა მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში გ. ბ-ს, როგორც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირს, შესაბამისი თანხის მიღების უფლება სამისდღემშიოდ ჰქონდა მოპოვებული და ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსიტუციით დაცულ უფლებებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია სს ,,...ის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელისათვის გასაცემლის შეჩერების/შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი