Facebook Twitter

#ბს-1467(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 24 თებერვალს მ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მ. ჯ-ის ნაწილში „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის #200034 ბრძანებისა და მ. ჯ-ის ნაწილში „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის #1250585 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელე მ. ჯ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს ... განყოფილების უფროსი გამომძიებლის ან მისი არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მ. ჯ-ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, პრემიის) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე 2017 წლის 23 იანვარს მის მიერვე დაწერილი პატაკი არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას, არამედ იგი დაწერილი იყო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2017 წლის 23 იანვარს ჩატარებულ ოპერატიულ თათბირზე შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მხრიდან მოთხოვნილ იქნა, რომ დაეწერათ პატაკები განთავისუფლების თაობაზე. ამასთანავე, სამმართველოს უფროსმა პირად საუბარში მას განუმარტა, რომ აღნიშნული პროცესი იყო მხოლოდ ფორმალობა და სამსახურიდან გათავისუფლების საშიშროება არ იქნებოდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 23 იანვარს, მოსარჩელე მ. ჯ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა.

2017 წლის 27 იანვარს, მოსარჩელე მ. ჯ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და განუმარტა, რომ 2017 წლის 23 იანვარს, მის მიერ დაწერილი პატაკი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას, იგი დაწერილი იყო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მოთხოვნით, რის გამოც ითხოვა აღნიშნული პატაკის გაუქმება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან და კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შეწყვეტა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე მ. ჯ-ი, მისი 2017 წლის 23 იანვრის პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ამასთან, აღნიშნული ბრძანება მ. ჯ-ს 2017 წლის 6 თებერვლამდე არ გაცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 6 თებერვლის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე მ. ჯ-ს ეცნობა, რომ მისი 2017 წლის 23 იანვრის პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრით დათარიღებული ბრძანებით, იგი უკვე გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში, რის გამოც მისი მოთხოვნა აღნიშნული პატაკის გაუქმებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების შეწყვეტის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა. დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნული მიმართვით გახდა ცნობილი მ. ჯ-ისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანების თაობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე მ. ჯ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2017 წლის 26 მაისიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ. ჯ-ის ნაწილში „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის #200034 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი მ. ჯ-ის ნაწილში „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 29 მაისის #1250585 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ. ჯ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს ... განყოფილების უფროსი გამომძიებლის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ. ჯ-ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის, პრემიის) ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთი მხრივ, მოსარჩელე მ. ჯ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე შეიტყო, რომ განთავისუფლების შესახებ განცხადებაში მისი ნამდვილი ნება არ იყო გამოხატული, რაც არ გაითვალისწინა და იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და აიყვანა კადრების განკარგულებაში, ხოლო მეორე მხრივ, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მის ნებას არ წარმოადგენდა და მას სურდა სამსახურის გაგრძელება.

მ. ჯ-ის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 2 ნოემბრის MIA 1 17 02649151 წერილზე, რომლითაც მ. ჯ-ს ეცნობა, რომ ვინაიდან, მისი შს ორგანოებიდან დათხოვნა მოხდა შს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო 2017 წლის 29 მაისის #1220585 ბრძანებით, რა დროისთვისაც შს ორგანოებში მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 19 წელს 11 თვესა და 25 დღეს, ხოლო კომპენსაციისათვის სავალდებულო იყო 20 და მეტი წლის ნამსახურობა, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას მოემზადებინა წელთა ნამსახურების გაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ წერილში დაფიქსირებული ფაქტი მრავლისმეტყველია; იგი ასევე ადასტურებს მ. ჯ-ის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილობას; პალატამ არალოგიკურად, არადამაჯერებლად მიიჩნია ვითარება, რომლის თანახმადაც, პირი საპენსიო უზრუნველყოფის უფლების წარმოშობამდე 5 დღით ადრე (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით) წერს პატაკს სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და ამით ისპობს ამ მნიშვნელოვან სოციალურ უფლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, იგი არ ეთანხმება მ. ჯ-ის იმ განმარტებას, რომ ხელმძღვანელმა დაავალა პირადი პატაკის დაწერა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. კასატორის განმარტებით, ნების გამოვლენის ფორმებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს მეორე მხარის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ინტერესი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კანონმდებელი იცნობს სამართლებრივი შედეგის ბათილობას მისი საფუძვლის ნების გამოვლენაზე იძულების განხორციელების გამო. აქტის ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალურად საფრთხე ემუქრება. აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის სახით პრემიის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იძულებითი განაცდურის სახით პრემიის ანაზღაურების ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის სახით პრემიის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მითითებულ ნაწილში ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, მითითებულ ნაწილში საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის 29.1 მუხლის (ამჟამად 25.1 მუხლი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს #2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანების თაობაზე, მოსარჩელე მ. ჯ-ისათვის ცნობილი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 6 თებერვლის წერილობითი მიმართვით. შესაბამისად, მან იმის შესახებ, რომ სამსახურიდან განთავისუფლება არ სურდა და წარდგენილ პატაკში მისი ნამდვილი ნება არ იყო გამოვლენილი, ადმინისტრაციულ ორგანოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლამდე აცნობა. ამრიგად, მ. ჯ-ი თანამდებობიდან გათავისუფლდა და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში ისეთ პირობებში, როდესაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე და კადრების განკარგულებაში აყვანამდე, მის მიერვე იქნა უარყოფილი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მისი ნების ნამდვილობა - გაეთავისუფლებინათ იგი თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აეყვანათ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი მხრივ, მოსარჩელე მ. ჯ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე შეიტყო მისი ნება სამსახურის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც არ გაითვალისწინა და იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და აიყვანა კადრების განკარგულებაში, ხოლო მეორე მხრივ, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მის ნებას არ წარმოადგენდა და მას სურდა სამსახურის გაგრძელება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული აქტები. ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.3 მუხლის საფუძველზე ასევე მართებულად იქნა გადაწყვეტილი მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საკითხი.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (01.07.2017 წლამდე მოქმედი) 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე მ. ჯ-ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, დანამატის) ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს მითითებულ ნაწილში _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მითითებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის სახით პრემიის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაჩვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი