№ბს-1469(კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 5 ივლისს ლ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „...ის“ მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შპს „...ი“ ამოირიცხა მოპასუხეთა რიგებიდან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩაება მესამე პირად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №18/24 გადაწყვეტილების მე–3 და მე–4 პუნქტების (რომლითაც განუხილველი დარჩა ლ. ბ-ის მიმართ შედგენილი შპს „...ის“ 2015 წლის 13 დეკემბრის №ა019502 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი და შპს „...ს“ დაევალა წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად №... აბონენტზე განეხორციელებინა დარიცხვა) ბათილად ცნობა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის ლ. ბ-ის 2016 წლის 13 იანვრის განცხადების სრულად დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №18/24 გადაწყვეტილების მე–3 და მე–4 პუნქტები და მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების 9.1 მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის; ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში ს.ფ. 199 წარმოდგენილია ფერადი ფოტომასალა, რომლის ვიზუალური დათვალიერება ადასტურებს, რომ სამზარეულოში შემავალი მილი არის გახვრეტილი. სადისტრიბუციო ცენტრის თანამშრომელი თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ უმრიცხველო განშტოების პლასტელინისგან გათავისუფლების დროს მილიდან დაიწყო აღურიცხავი გაზის გამოდენა, რამდენადაც გაზის გამოდენა ხდებოდა სამზარეულოში და არსებობდა გაზის დაგროვებისა და აალების საშიშროება, ჯერ მოხდა გარედან მილის ჩაჭრა და შემდგომ მილის გასუფთავება. იმავე საქმეში დაცული ფოტომასალიდან დგინდება, რომ გახვრეტილი მილი განთავსებულია წყლის გამაცხელებელთან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებშიც კი თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე, რომ უკანონოდ დაერთებული მილი წარმოადგენს ეზოში მრიცხველის მონტაჟამდე არსებული ქსელის ნაწილს, მოსარჩელე ვერ უპირისპირებს შესაბამის მტკიცებულებას იმ გარემოებას, რომ მილი იყო გახვრეტილი და შენიღბული, ისევე როგორც წარმოდგენილი ვერ იქნა ვერცერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ რომელიმე ეტაპზე წერილობით მიმართა კომპანიას და მოითხოვა განშტოების გაუქმება.
პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ წარადგინა დამატებითი მოტივაცია და განმარტა, რომ გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ გაზის დანადგარების დამონტაჟება მოხდა სამართალდარღვევის გამოვლენის შემდგომ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობდა გაზის მოხმარების საჭიროება. სააპელაციო სასამართლომ მხარეს მისცა შესაძლებლობა წარედგინა აღნიშნული მტკიცებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რა მიზნითაც გადადო საქმის განხილვა. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო სასამართლოში მის მიერ გადაგზავნილ იქნა „კალონკა-VAGNER-I-...-ის“ საგარანტიო ტალონი, რომლის საფუძველზეც ვერ დასტურდება, რომ აღნიშნული აგრეგატი დამონტაჟებულია ... ქუჩა, პირველი ჩიხი, №10-ში, (დადგენილია, რომ სადავო პერიოდში ფართი იყო გაქირავებული, ხოლო მოსარჩელე ცხოვრობდა სხვა მისამართზე). აღნიშნულის საპირისპიროდ, შპს „...ის“ მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნულ ფართში დამონტაჟებული იყო ოთხასანათურიანი გაზქურა ღუმელით, 12-ლიტრიანი წყალგამათბობელი და ლონგვის ტიპის გამათბობელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლი. მის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ გაზის მოხმარებას მრიცხველის ავლით ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ბ-ი არის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი, რომელიც შპს „...ის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი - ... .
2015 წლის 13 დეკემბერს შპს „...ის“ წარმომადგენელმა ქ. თბილისში, ... ქუჩა, პირველი ჩიხი, №10-ში №... აბონენტთან საკონტროლო შემოვლის დროს დააფიქსირა ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტი - ბუნებრივი გაზის მოხმარება მრიცხველის გვერდის ავლით, რაზეც კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეადგინა აქტი №ა019502 ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა019502 და მოახდინა უმრიცხველო განშტოების ჩაჭრა გარედან შედუღებით. შპს „...ის“ 2015 წლის 29 დეკემბრის №14/259 დადგენილებით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
2016 წლის 13 იანვარს ლ. ბ-მა განცხადებით (საჩივრით) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და მასზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის სახით დარიცხული თანხის გაუქმების მოთხოვნით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №18/24 გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული №... აბონენტზე ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის 4417,81 ლარის დარიცხვა და შპს „...ს“ დაევალა აბონენტზე დარიცხვა განეხორციელებინა წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, განუხილველი დარჩა ლ. ბ-ის მიმართ შედგენილი შპს „...ის“ 2015 წლის 13 დეკემბრის №ა019502 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი იმ საფუძვლით, რომ ლ. ბ-ის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მიღებული დადგენილება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №18/24 გადაწყვეტილების მე-3 და მე–4 პუნქტები, რომლითაც განუხილველი დარჩა ლ. ბ-ის მიმართ შედგენილი შპს „...ის“ 2015 წლის 13 დეკემბრის №ა019502 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი და შპს „...ს“ დაევალა №... აბონენტზე დარიცხვა განეხორციელებინა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უკანონოდ დაერთებული მილი წარმოადგენს ეზოში მრიცხველის მონტაჟამდე არსებული ქსელის ნაწილს და არის კანონიერი, რაც მოსარჩელის მითითებით, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ამასთან, მისი არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნა - გაუქმებულიყო განშტოება კომპანიის მიერ, არ დაკმაყოფილდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიას არ გააჩნდა მისი სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის; ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე, რომ უკანონოდ დაერთებული მილი წარმოადგენს ეზოში მრიცხველის მონტაჟამდე არსებული ქსელის ნაწილს, მოსარჩელე ვერ უპირისპირებს შესაბამის მტკიცებულებას იმ გარემოებას, რომ მილი იყო გახვრეტილი და შენიღბული, ისევე როგორც წარმოდგენილი ვერ იქნა ვერცერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ რომელიმე ეტაპზე წერილობით მიმართა კომპანიას და მოითხოვა განშტოების გაუქმება.
ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ გაზის დანადგარების დამონტაჟება მოხდა სამართალდარღვევის გამოვლენის შემდგომ, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ არ არსებობდა გაზის მოხმარების საჭიროება. სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადმოგზავნილ იქნა „კალონკა-VAGNER-I-...“-ის საგარანტიო ტალონი, რომლის საფუძველზეც ვერ დასტურდება, რომ აღნიშნული აგრეგატი დამონტაჟებულია ... ქუჩა, პირველი ჩიხი, №10-ში, (დადგენილია, რომ სადავო პერიოდში ფართი იყო გაქირავებული, ხოლო მოსარჩელე ცხოვრობდა სხვა მისამართზე). აღნიშნულის საპირისპიროდ კი, შპს „...ის“ მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნულ ფართში დამონტაჟებული იყო ოთხასანათურიანი გაზქურა ღუმელით, 12-ლიტრიანი წყალგამათბობელი და ლონგვის ტიპის გამათბობელი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი