№ბს-1490(2კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 28 ივლისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 18 აპრილის №EL058188, №EL058189, 2017 წლის 25 აპრილის №EL058521, №EL058522, №EL058526, №EL058527, №EL058531, №EL0258534, 2017 წლის 1 მაისის №EL058780 და 2017 წლის 11 მაისის №EL059120 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, ასევე 2017 წლის 18 აპრილის №EL69502/15, №EL69502/16, 2017 წლის 25 აპრილის №EL69502/18, №EL69502/19, №EL69502/20, №EL69502/21, №EL69502/22, №EL69502/23, 2017 წლის 1 მაისის №EL69502/24 და 2017 წლის 11 მაისის №EL69502/25 საგადასახადო მოთხოვნების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №16079, №16080, 2017 წლის 20 ივნისის №16706, №16705, №16704, №16703, №16702, №16701, №16700, №16699 ბრძანებებისა და №4210/2/17, №4209/2/17, №4203/2/17, №4208/2/17, №4211/2/17, №4201/2/17, №4205/2/17, №4204/2/17, №4207/2/17, №4202/2/17 საჩივრებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 18 აპრილის №EL058188, №EL058189, 2017 წლის 25 აპრილის №EL058521, №EL058522, №EL058526, №EL058527, №EL058531, №EL0258534, 2017 წლის 1 მაისის №EL058780 და 2017 წლის 11 მაისის №EL059120 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №EL69502/15, №EL69502/16, 2017 წლის 25 აპრილის №EL69502/18, №EL69502/19, №EL69502/20, №EL69502/21, №EL69502/22, №EL69502/23, 2017 წლის 1 მაისის №EL69502/24 და 2017 წლის 11 მაისის №EL69502/25 საგადასახადო მოთხოვნები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის №16079, №16080, 2017 წლის 20 ივნისის №16706, №16705, №16704, №16703, №16702, №16701, №16700, №16699 ბრძანებები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებები №4210/2/17, №4209/2/17, №4203/2/17, №4208/2/17, №4211/2/17, №4201/2/17, №4205/2/17, №4204/2/17, №4207/2/17, №4202/2/17 საჩივრებთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეეგის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, მასზედ, რომ დანაკლისის აღმოჩენისას/გამოვლენისას სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება, რაც გამოიხატება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლასა და სამართალდარღვევის გამოვლენაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენა არის შემდგომი მოკვლევის დაწყების და არა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის უპირობო და საკმარისი საფუძველი. იმისათვის, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.19 მუხლის გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს დანაკლისი გამოწვეული იყო თუ არა შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებით ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევით, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემდგომ, - გამოიწვია თუ არა მან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. პალატის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, დანაკლისის აღმოჩენისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა შპს „...ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება და საქონლის განადგურება/დაკარგვა/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საიდენტიფიკაციო მონაცემების (ლუქები) დაუზიანებლობა და საქართველოს რკინიგზის მიერ იმ ფაქტის დადასტურება, რომ ყველა შემთხვევაში შპს „...ის“ კუთვნილი ტვირთი შესაბამისი სარკინიგზო შემადგენლობით მოძრაობდა დადგენილი მარშრუტით, ვერ გამოდგება იმის დამადასტურებელ არგუმენტად, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და ამ ქმედებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მიუხედავად პირის ბრალეულობისა, მით უფრო მაშინ, როდესაც სახეზეა და უდავოა ის გარემოება, რომ თავად მოსარჩელის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე იქნა გაცხადებული საქართველოს ტერიტორიაზე გადასაზიდი ტვირთის ოდენობა, რომელიც განსხვავებული აღმოჩნდა მისი გადამოწმების მომენტში. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა დამატებით მიუთითა საგადასახადო კოდექსის 222.4 მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ნორმის ალტერნატიული ფაქტობრივი შემადგენლობა, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში დგება იურიდიული შედეგი, კერძოდ, სახეზეა სასაქონლო ოპერაციის პირობის დარღვევა, რასაც მოჰყვა საქონლის უკანონოდ განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. საქონელი კანონიერად რომ არ განკარგულა, სადავო არ არის, ვინაიდან საქონელი არ მოქცეულა საგადასახადო კოდექსით დადგენილ არც ერთ სასაქონლო ოპერაციაში და სახეზე არ გვაქვს ამავე კოდექსის 221-ე მუხლით დადგენილი საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „...ის“ საქონლის გადამოწმებისას გამოვლინდა სხვაობა დოკუმენტურად აღრიცხულ და ფაქტობრივად არსებულ საქონელს შორის, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „...ის“ მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.19 მუხლის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289.2 მუხლზე მითითებით (რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა იწვევს მფლობელის დაჯარიმებას) იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „...ის“ მიმართ მითითებული ნორმის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შედგენა არ მომხდარა. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ვაგონებზე არსებული საიდენტიფიკაციო ნიშნების (ლუქების) მთლიანობა დარღვეული/დაზიანებული არ ყოფილა, ასევე, სატრანსპორტო საშუალებებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებები არ იძლეოდა საიდენტიფიკაციო საშუალების დაზიანების გარეშე ვაგონებში შეღწევის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ დადგენილად იქნეს მიჩნეული საქართველოს საგადასახდო კოდექსის 289.19 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს დანაკლისი გამოწვეული იყო თუ არა შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელებით ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევით, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემდგომ, - გამოიწვია თუ არა მან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, დანაკლისის აღმოჩენისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაედგინა შპს „...ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედება (შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან/და სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა) და საქონლის განადგურება/დაკარგვა/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ დანაკლისის აღმოჩენისას/გამოვლენისას შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განახორციელოს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება, რაც გამოიხატება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლასა და სამართალდარღვევის გამოვლენაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ დავის არსებით გადაწყვეტას და სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქმეზე გამოკვლეული ფაქტების ობიექტური შეფასება და მათი ერთობლივი ანალიზი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი