#ბს-1496(2კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 4 თებერვალს დ. და გ. გ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირის - დ. დ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელეების განმარტებით, 2012 წლის 14 სექტემბერს მათ სარჩელით მიმართეს სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მესამე პირის - დ. დ-ის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ზესტაფონის რაიონის სოფელ ... მდებარე 39 418 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით (ს/კ ...) სახელმწიფოს სასარგებლოდ განხორციელებული საკუთრების თაობაზე 4000 კვ.მ და 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და 2014 წლის 13 ნოემბერს მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. და გ. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 2 მაისის #... გადაწყვეტილება ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, სადავო 4000 კვ.მ და 2700 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში. ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 27 აპრილის #... მიმართვით (რეგისტრაციის ..., 28.04.2011წ) მოთხოვნილი 39418 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის შესახებ, სადავო 4000 კვ.მ და 2700 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეებმა მიმართეს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს სადავო 4000 კვ.მ და 2700 კვ.მ მიწის ფართის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხე ორგანომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, რადგან სადავო ქონებაზე რეგისტრირებული იყო მესამე პირის - დ. დ-ის საკუთრების უფლება. ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახური არ იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას და უარს ამბობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რითაც ირღვევა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრში (ს/კ ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და სადავო მიწის ნაკვეთში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების, ელექტრონული ფორმით პრივატიზების შესახებ სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 აგვისტოს #1-1/1591 ბრძანების, სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით 2011 წლის 20 ოქტომბრის #... უ.პ პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულების, დ. დ-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ - სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში 2011 წლის 19 ოქტომბრის #...მიმართვის, სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში დ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე სამსახურისთვის მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის სხდომაზე დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა; შეწყდა საქმის წარმოება საჯარო რეესტრში (ს/კ ...) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და სადავო მიწის ნაკვეთში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ. და გ. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ელექტრონული ფორმით პრივატიზების შესახებ სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 აგვისტოს #1-1/1591 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით 2011 წლის 20 ოქტომბრის #... უ.პ პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ - სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი დ. დ-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ - სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში 2011 წლის 19 ოქტომბრის #...მიმართვა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში დ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილება; მოსარჩელეებს დ. და გ. გ-ეებს უარი ეთქვათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 თებერვლის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებაზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ზ. გ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით დ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. გ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 27 აპრილის #... მიმართვა არ განიხილა უფლების დამდგენ დოკუმენტად, ამდენად ცალსახაა, რომ მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენდა არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირთა საკუთრებას, რომელთა განკარგვის - აუქციონის წესით პრივატიზების უფლებამოსილება სახელმწიფოს არ გააჩნდა. სასამართლოს მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთების პრივატიზება მესამე პირზე განხორციელდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მესამე პირის ინიცირებით, რა დროსაც დაირღვა კანონის მოთხოვნები. ამასთან, პირივატიზების ინიცირება მოხდა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც უკვე მოსარჩელეების საკუთრებაში იმყოფებოდა, კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პრივატიზება არის სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებისას სასამართლოს უნდა დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობა. განსახილველ პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნულ საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამავე კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. იგი ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზების მნიშვნელობას აგრარული ეკონომიკის განვითარებისთვის. ამასთან, დაინტერესებული იყო აღნიშნული მიწების პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექტურობაში, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამავე პროცესში შესაბამისი კვალიფიკაციისა და ტექნიკური ბაზის მქონე პერსონალის მონაწილეობა „მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ სახით. კასატორის განმარტებით, სამინისტროს 2011 წლის 27 აპრილის #... მიმართვის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეწყობის მემორანდუმისა და „საბროკერო აგენტებთან თანამშრომლობის სტანდარტის“ შესაბამისად, სამინისტრომ გონივრულ წინადადებად მიიჩნია ელექტრონული აუქციონის გამოცხადება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მდებარე 39418 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, კასატორის მითითებით, სამინისტრომ განახორციელა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევა და მხოლოდ ამის შედგომ გამოსცა აქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა - დ. დ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა დ. დ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 1995 წლის 22 თებერვლის მიწის ნაკვეთის #313 მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით დ. გ-ეს გადაეცა 5 მიწის ნაკვეთი, 0,73 ჰა ოდენობით, ხოლო 1999 წლის 5 მარტის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #313 აქტით შევსების სახით, დამატებით გამოეყო 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ყანა), რომლის მოსაზღვრედ დასავლეთით მითითებულია გ. გ-ე, აღმოსავლეთით ტ. გ-ე, ჩრდილოეთით გზა, ხოლო სამხრეთით მინდორი. ამასთან აღსანიშნავია, რომ #668 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტით ტ. გ-ეს გადაეცა რამდენიმე მიწის ნაკვეთი და მათ შორის, შევსების სახით 4000 კვ.მ სახნავი სასაფლაოსთან. მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ დასავლეთით მითითებულია - მინდორი, აღმოსავლეთით - გზა, ჩრდილოეთით - სახნავი, ხოლო სამხრეთით - მინდორი. ტ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი 2001 წლის 30 დეკემბერს სამკვიდრო მოწმობით მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ გ. გ-ემ.
გ. და დ. გ-ეების ახსნა–განმარტებით დგინდება, რომ მიწის რეფორმის კომისიის მიერ მათ სოფელ ... სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გამოეყოთ ერთმანეთის მოსაზღვრედ. გამოყოფილი მიწის ნაკვეთები ჰქონდათ შემოღობილი და ამუშავებდნენ, თუმცა შემდგომში ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე დამუშავება ვერ შეძლეს და ღობეც მოიშალა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის #... მიმართვის საფუძველზე, 2011 წლის 2 მაისს სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ... (იგივე ...) მდებარე 39418 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #1-1/1591 ბრძანებით გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 39418 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. აუქციონში გაიმარჯვა დ. დ-ემ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლს 19 ოქტომბრის #...წერილისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე #... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 26 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ... (იგივე ...) მდებარე 39418 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დ. დ-ის საკუთრებად.
საჯარო რეესტრის მონაცემებით დ. და გ. გ-ეების მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სადავო (2700 და 4000 კვ.მ) მიწის ფართების საკადასტრო აზომვითი ნახაზების პარამეტრები ზედდებაშია 2011 წლის 2 მაისს სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებულ #... საკადასტრო კოდის მქონე 39418 კვ.მ მიწის ნაკვეთთან და სრულად მოიცავს მათ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებმა სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს სწორედ სახელმწიფოს მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა პრეტენზიისა და ინტერესის შესახებ, რაც სზაკ-ის 95.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა სადავო მიწის ნაკვეთების განკერძოების საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოსარჩელეების, როგორც დაინტერესებული პირების მიწვევას. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის მოლოდინს იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დასახელებული გარემოებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სადავო აუქციონთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის, ვინაიდან არსებითად დაირღვა აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი