Facebook Twitter

№ბს-91(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 8 ნოემბერს ჯ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლამდე ცხოვრობდა ადიგენის რაიონის სოფ. ...აში, სადაც საკუთრების უფლებით ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს. 2004 წელს მეწყრის შედეგად დაენგრა საცხოვრებელი სახლი და ოჯახთან ერთად მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება, დროებით საცხოვრებლად გადავიდა წალკის რაიონში. აღნიშნულს ადასტურებენ მეზობლები ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში, ასევე დადასტურებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერაც და ასევე აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითაც.

მოსარჩელის მითითებით, ოჯახთან ერთად დარჩენილია საცხოვრებლის გარეშე. მან არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას; აიმედებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. დახმარებისათვის ასევე მიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების შესაბამისად, როგორც ეკომიგრანტისთვის გადაეცათ მისთვის საცხოვრებელი სახლი, მაგრამ 2017 წლის 15 აგვისტოს წერილით დახმარებაზე ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მისი სახლისთვის დაზიანების კატეგორია არ მიუნიჭებია. ფაქტობრივად დოკუმენტებით კი დადგენილია, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ...აში, სახლი, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, მეწყრული პროცესების შედეგად მთლიანად დანგრეულია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უარი საცხოვრებელის გამოყოფაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დავალებოდა მოსარჩელის ჯ. შ-ის, როგორც ეკომიგრანტის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა, ხოლო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას - მოსარჩელის დაზიანებული სახლისთვის დაზიანების კატეგორიის მინიჭება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. შ-ე, ე. შ-ე და რ. შ-ე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელე ჯ. შ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით მსჯელობა დაევალა. ამასთან, მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჯ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჯ. შ-ის სასარგებლოდ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. შ-ეს უკან დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი; დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის მხარისათვის არასწორად დაკისრებას. პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ სარჩელზე ბაჟი საერთოდ არ უნდა გადახდილიყო, რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, პალატამ განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. შ-ეს არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახთან ერთად ქირით და მოსარჩელეს ადგება ზიანი, შესაბამისად, ჯ. შ-ის სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, არც რაიონულმა და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მეწყრული პროცესი გვიან განვითარდა სოფ. ...აში და თანაც ამ ტერიტორიის მიმდებარედ დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით, სახლი 2004 წელს მეწყერის შედეგად არ დანგრეულა. ამასთან, 2004 წლიდან გასულია 12 წელი და 2016 წლამდე ჯ. შ-ეს ან მისი ოჯახის წევრს ადიგენის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგეობისათვის არ მიუმართავს. ასევე არც მანამდე მიუმართავს მაშინდელი ხელისუფლებისათვის, რომ მეწყრული პროცესები ანგრევდა მის სახლს და განეხორციელებინათ რაიმე სახის ღონისძიება.

კასატორის განმარტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ვერანაირად ვერ მიანიჭებს დაზიანების კატეგორიას სახლს, ვინაიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების დანართ 1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული რომელ და როგორ შენობებს უნდა მიენიჭოს დაზიანების კატეგორია და რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს იგი. კასატორის მითითებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა საერთოდ არ დგას და არის მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი მინდორი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელე ჯ. შ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით მსჯელობა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ჯ. შ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოდგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ. შ-ე და მისი ოჯახის წევრები, 2004 წლამდე ცხოვრობდნენ ადიგენის რაიონის სოფ. ...აში, სადაც საკუთრების უფლებით ფლობდნენ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს (4000.00 კვ.მ, ს.კ. ...). 2004 წელს მეწყრის შედეგად დაენგრათ საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულ სახლში ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, რის გამოც მოსარჩელემ ოჯახთან ერთად დატოვა საცხოვრებელი ადგილი და დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ წალკის რაიონში. მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ. სადავოდ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე ჯ. შ-ე წარმოადგენს ეკომიგრანტს - სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 21 ივნისის წერილის შესაბამისად, ჯ. შ-ეს, როგორც ეკომიგრანტს, საცხოვრებელი სახლის გადაცემაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მის განაცხადს არ ერთვოდა დაზარალებული ოჯახის კატეგორიის ფორმა, რის საფუძველზეც სამინისტროსათვის შესაძლებელი იქნებოდა მინისტრის №779 ბრძანების შესაბამისად დახმარება გაეწია დაზარალებული ოჯახისათვის.

საკასაციო სასმართლოს განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად: კონკრეტული დაზარალებულის განაცხადების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი სახლის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე–5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია; მე-7 პუნქტის თანახმად: დეპარტამენტი ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ სამინისტროს შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ, როგორც სამინისტროს თანამშრომელი, ასევე დაზარალებული პირი. საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა.

საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ ვიზუალურ საინჟირნო-გეოდინამიკურ დასკვნაზე დაყრდნობით (რომლის თანახმად, ჯ. შ-ის და მისი ოჯახის წევრების, მესამე პირების ბ. შ-ის, ე. შ-ის და რ. შ-ის საკარმიდამო ნაკვეთი, ფართობით დაახლოებით 4000მ2 (კოორდ: ..., ...; ს.კ. ....), მდებარე ადიგენის რაიონის სოფელ ...აში, არის მეწყერული, სამოსახლოდ გამოუსადეგარია და იქ საცხოვრებელი სახლის აშენება მიზანშეუწონელია მეწყერული პირობების და მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო) არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ ჯ. შ-ის სახლს ვერ მიანიჭებდნენ კატეგორიას, რადგან სახლი, სადაც ჯ. შ-ის ოჯახი ცხოვრობდა, სიძველისგან დაინგრა და არა მეწყრის გამო. მით უფრო იმ პირობებაში, როდესაც საქმის მასალების შესაბამისად, საპირისპიროს ადასტურებენ ჯ. შ-ის თანასოფლელები, რომლებიც დაიკითხნენ რაიონულ სასამართლოში და ისინი განმარტავენ, რომ ჯ. შ-ის ოჯახი ცხოვრობდა სოფელ ...აში დამეწყრილ ტერიტორიაზე. ჯ. შ-ის ოჯახის სახლი მეწყერისგან დაზიანდა, იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო და დროებით საცხოვრებლად წალკაში გადავიდნენ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი