Facebook Twitter

კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-546(2კს-19) 25 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ჩ-ისა და ნ. გ-ის კერძო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,...ი"; მოპასუხე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა; მესამე პირები - გ. ჯ-ი; ვ. თ-ი; მ. ჩ-ი; ი. ჩ-ი; თ. შ-ის უფლებამონაცვლე - ნ. შ-ი; დ. ჩ-ი; თ. ჭ-ი; ნ. ქ-ი; შ. ა-ი; თ. ბ-ი; მ. ყ-ი).

შპს ,,...მა" სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 მაისის #835 ბრძანების, შპს ,,...ის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ მისსავე საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობათა დემონტაჟზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შპს ,,...ის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ მისსავე საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობათა დემონტაჟზე ნებართვის გაცემის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ჯ-ი, მ. ჩ-ი, დ. ჩ-ი, ვ. თ-ი, ი. ჩ-ი, თ. ჭ-ი, ვ. ჩ-ი, ნ. გ-ი, ნ. ქ-ი, შ. ა-ი და თ. ბ-ი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. შ-ი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 მაისის #835 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და გ. ჯ-მა, ვ. თ-მა, მ. ჩ-მა, ი. ჩ-მა, ვ. ჩ-მა და თ. შ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით აპელანტის - თ. შ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. შ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით აპელანტის - ვ. ჩ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ. ჩ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით შპს ,,...ის" დირექტორის ლ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს ,,...ის" სარჩელზე, მოპასუხე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირების - გ. ჯ-ის, ვ. თ-ის, მ. ჩ-ის, ი. ჩ-ის, ვ. ჩ-ის უფლებამონაცვლე - რ. ჩ-ის, თ. შ-ის უფლებამონაცვლე - ნ. შ-ის, დ. ჩ-ის, თ. ჭ-ის, ნ. გ-ის, ნ. ქ-ის, შ. ა-ის, თ. ბ-ის, მ. ყ-ის მიმართ, დავის საგანზე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 24 მაისის #835 ბრძანების ბათილად ცნობა შპს ,,...ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ მისსავე საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობათა დემონტაჟზე ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასათვის შპს ,,...ის” საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ მისსავე საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობათა დემონტაჟზე ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების გამოცემის დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჯ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით გ. ჯ-ის კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუწორებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ. ჩ-მა და ნ. გ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ისა და ნ. გ-ის კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი 2018 წლის 16 ივლისს საქმეში მითითებულ მისამართზე კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ რ. ჩ-ს და ნ. გ-ს (ტ. 4; ს.ფ. 43; 48), თუმცა ვერ მოხერხდა მხარეებისთვის განჩინების ჩაბარება არასრული მისამართის გამო (ტ. 4; ს.ფ. 59; 63).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მესამე პირებისათვის - ვ. თ-ისათვის, მ. ჩ-ისათვის, ი. ჩ-ისათვის, ვ. ჩ-ის უფლებამონაცვლე - რ. ჩ-ისათვის, თ. შ-ის უფლებამონაცვლე - ნ. შ-ისათვის, დ. ჩ-ისათვის, თ. ჭ-ისათვის, ნ. გ-ისათვის, ნ. ქ-ისათვის, შ. ა-ისათვის, თ. ბ-ისა და მ. ყ-ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინების გაცნობა განხორციელდა საჯარო შეტყობინების გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ამდენად, რ. ჩ-ისა და ნ. გ-ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება ჩაბარებულად ითვლება ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს - 2018 წლის 30 ოქტომბერს. შესაბამისად, კერძო საჩივრით მიმართვის 12-დღიანი ვადა 2018 წლის 12 ნოემბერს 24 საათზე იწურებოდა (შაბათ-კვირის გათვალისწინებით). კერძო საჩივრები კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ფოსტის მეშვეობით წარედგინა 2019 წლის 18 მარტს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, და 420-ე მუხლების თანახმად, რ. ჩ-ისა და ნ. გ-ის კერძო საჩივრები დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს რ. ჩ-ისა და ნ. გ-ის კერძო საჩივრები;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი