Facebook Twitter

#ბს-1135 (კს-18) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – ა. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ხ-ი

სარჩელზე მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2018წ. განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ხ-მა 15.03.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 06.02.2017წ. NA15021700-019/003 (გაფრთხილების) წინადადებისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 27.02.2017წ. NA15021700-021/001 აღსრულების მხარისათვის ან სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ ქმედების უკანონოდ ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოცემულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქცია) სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული მ. ხ-ის და სხვათა წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება (საქმე NA15021700). ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2017წ. განჩინებით ა. ა-ის საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2017წ. განჩინებით ა. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2017წ. და ამავე სასამართლოს 05.04.2017წ. განჩინებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.03.2017წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ა-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.09.2017წ. მთავარი სხდომის ოქმით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მ. ხ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.09.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქცია) სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული მ. ხ-ის და სხვათა წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების (საქმე NA15021700) შეჩერების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ის მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სამოქალაქო საქმეზე (N2/3511-14) არსებული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2018წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე (3ბ/2935-17, მოსარჩელე - მ. ხ-ი, მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირი - ა. ა-ე, დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა) შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე მ. ხ-ის სარჩელის (მოპასუხე - იბა …-ის“ წევრები, დავის საგანი - იბა „…-ის“ წევრთა საერთო კრებების ოქმების ნაწილობრივ ბათილად ცნობა სადავო ბინის განაწილების ნაწილში, სადავო ბინაზე ა. ა-ის საკუთრების უფლების გაუქმება და მ. ხ-ის მესაკუთრედ აღიარება) განხილვამდე და მიღებული გადაწყვეტყილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მ. ხ-ის სარჩელის საფუძველზე აღძრული დავის დასრულებამდე შეუძლებელია სააპელაციო პალატაში არსებული მოცემული დავის განხილვა, ვინაიდან დავა ორივე საქმეში ეხება ერთსა და იმავე უძრავ ქონებას - საცხოვრებელ ბინას და მანამ არ დადგინდება სამოქალაქო დავაში სადავო ბინის ნამდვილი მესაკუთრე, მანამდე არასამართლიანი და უკანონო იქნება სადავო ბინიდან მოსარჩელე მ. ხ-ის გამოსახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ა-ე აღნიშნავს, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია კანონი და შეაჩერა აღსრულება, არ არსებობდა სააღსრულებო წარმოების შეჩერების არანაირი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. ხ-ის მოთხოვნა, მან სააღსრულებო წარმოების შეჩერებით აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ა. ა-ეს. ამასთანავე, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას მოსამართლემ კანონის დარღვევით და აბსურდული მოტივით რამდენჯერმე გადადო საქმის განხილვა, რაც ადასტურებს მოსამართლის მიკერძოებულ დამოკიდებულებას მოსარჩელე მ. ხ-ის მიმართ. მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებითა და საქმის წარმოების შეჩერებით საქმისადმი მოსამართლის ინტერესი უფრო მეტად გამოიკვეთა. გაურკვეველია თუ რა კავშირშია სამოქალაქო კოლეგიაში მიმდინარე დავა აღსრულების ბიუროს აღმასრულებელი პოლიციის ქმედებების კანონიერების შეფასების საკითხთან. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მ. ხ-ს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ამდენად გაურკვეველია, რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს, რომელიც საფუძვლად დაედო საქმის წარმოების შეჩერებას. იმ პირობებში, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ზემოაღნიშნული გარემოებებით ხელი ეშლება მის აღსრულებას, რაც ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2018წ. განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაში პროცესუალური მოქმედებების დროებითი შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით. სსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერებისას სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად შეიძლება სხვა საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ იქონიოს არსებითი მნიშვნელობა მოცემული საქმის გადაწყვეტაზე, ანუ საქმის წარმოების შეჩერებამდე უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირია სასამართლოს მიერ განსახილველ კონკრეტულ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება ან სხვა რომელიმე ორგანოს წარმოებაშია, რამდენად გამომდინარეობენ ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მიღებას საფუძვლად დაედო მ. ხ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრული სამოქალაქო სარჩელი, სადაც დავის საგანს წარმოადგენს იბა „…-ის“ წევრთა საერთო კრებების ოქმების ნაწილობრივ ბათილად ცნობა სადავო ბინის განაწილების ნაწილში, სადავო ბინაზე ა. ა-ის საკუთრების უფლების გაუქმება და მ. ხ-ის მესაკუთრედ აღიარება.

მ. ხ-ის სარჩელის გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმის დავის საგანს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის შესაბამისი ქმედებების უკანონოდ ცნობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ორივე საქმეში ეხება ერთსა და იმავე უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. N20, ს/კ N ..., კერძოდ სამოქალაქო დავის ფარგლებში შეცილებულია სადავო ბინაზე საკუთრების უფლება, ხოლო მოცემულ დავაში აღნიშნული ბინიდან გამოსახლებაა დადგენილი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.01.2014წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოთხოვილ იქნა ა. ა-ის საკუთრებაში ქ. თბილისში, ...ის ქ. N20-ში, მე-4 სართულზე მდებარე ბინა N7 მ. ხ-ის, ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მიზნით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 18.03.2015წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება (საქმე NA15021700). სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მ. ხ-ის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიერ 06.02.2017წ. გამოიცა NA15021700-019/003 (გაფრთხილება) წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 27.02.2017წ. NA15021700-021/001 განკარგულება აღსრულების მხარისათვის ან სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ. მოცემული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში მ. ხ-ი სადავოდ ხდის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ზემოაღნიშნული ქმედებების კანონიერების საკითხს. მ. ხ-ი თავს თვლის სადავო ბინის კანონიერ მესაკუთრედ და აღნიშნავს, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...-ის“ დამფუძნებელთა 17.07.2007წ. N6 კრების ოქმითა და 17.07.2007წ. წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებით გახდა სადავო ფართის მფლობელი. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ..., კერძოდ ქ. თბილისში, ...ის ქ. N20-ში, მე-4 სართულზე მდებარე ბინა N7 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა. ა-ის სახელზე, უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველია ამხანაგობა ...-ის“ 25.05.2011წ. N1 კრების ოქმი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ხ-ის მიერ სამოქალაქო კოლეგიაში აღძრული სარჩელით (საქმე N 2/3511-14) მოთხოვნილია იბა „...-ის“ წევრთა საერთო კრებების ოქმების (მათ შორის იბა „...-ის“ 25.05.2011წ. N1 კრების ოქმის) ნაწილობრივ ბათილად ცნობა სადავო ბინის განაწილების ნაწილში, სადავო ბინაზე ა. ა-ის საკუთრების უფლების გაუქმება და მ. ხ-ის მესაკუთრედ აღიარება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება უკანონოა იმ მოტივით, რომ სამოქალაქო კოლეგიაში მიმდინარე საქმის დავის საგანი განსხვავდება ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის დავის საგნისგან და მათ ერთმანეთთან შემხებლობა არ აქვთ. საკასაციო სასამართლო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თვლის, რომ მ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელის განხილვისას დამდგარ შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული წესით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის, ვინაიდან სამოქალაქო დავის ფარგლებში შესაფასებელია იბა „...-ის“ კრების ოქმების ნამდვილობის საკითხი, სადავო ბინის განაწილების ნაწილში, სწორედ აღნიშნული კრების ოქმი წარმოადგენს ა. ა-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დავა ორივე საქმეში ეხება ერთსა და იმავე უძრავ ქონებას - საცხოვრებელ ბინას, შესაბამისად სადავო ბინის კანონიერი მესაკუთრის დადგენამდე არასამართლიანი და უკანონოა სადავო ბინიდან მოსარჩელე მ. ხ-ის გამოსახლება.

სსკ-ის 279-ე მუხლი შეიცავს საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობის დათქმას, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარად სახეზეა, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განაგრძოს საქმის განხილვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი