საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-1496(2კ-18) 14 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად,ზეპირი მოსმენის გარეშე,შეამოწმე დ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ე (დ. გ-ის უფლებამონაცვლე), ზ. გ-ე (გ. გ-ის უფლებამონაცვლე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ზესტაფონის ფილიალი; მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).
2016 წლის 4 თებერვალს და. და გ. გ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირი - დ. დ-ე.
მოსარჩელეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2011 წლის 23 აგვისტოს N1-1/1591 ბრძანების ელექტრონული ფორმით პრივატიზების შესახებ სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით 2011 წლის 20 ოქტომბრის N. უ.პ პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულების სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში, 2011 წლის 19 ოქტომბრის N... მიმართვის დ. დ-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში, 2011 წლის 26 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების, სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში დ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ამავე სამსახურისათვის მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით და. და გ. გ-ეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 აგვისტოს N1-1/1591 ბრძანება ელექტრონული ფორმით პრივატიზების შესახებ სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით 2011 წლის 20 ოქტომბრის N... უ.პ პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ - სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 19 ოქტომბრის N... მიმართვა დ. დ-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში და ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში დ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; მოსარჩელეებს და. და გ. გ-ეებს უარი ეთქვათ სსიპ საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებაზე;
ზესტაფონის რაონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ზ. გ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით დ. გ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. გ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და დ. დ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. დ-ის კასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით გურამ და დ. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 23 აგვისტოს N1-1/1591 ბრძანება ელექტრონული ფორმით პრივატიზების შესახებ სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით 2011 წლის 20 ოქტომბრის N... უ.პ პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ - სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 19 ოქტომბრის N... მიმართვა დ. დ-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში და ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთების ნაწილში დ. დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; მოსარჩელეებს და. და გ. გ-ეებს უარი ეთქვათ სსიპ საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2 თებერვლის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებაზე;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ხოლო მესამე პირს - დ. დ-ეს მითითებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება დ. დ-ის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაშია შესული. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი საქმე განიხილა და უცვლელად დატოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.5 მუხლის მიხედვით აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მესამე პირს - დ. დ-ეს არ უსარგებლია თავისი საპროცესო უფლებამოსილებით და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილება მის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს დ. დ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი