Facebook Twitter

საქმე №ბს-1090 (2კ-18) 15 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები: შპს „...“, შპს „გ...“, დ. ც-ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 17 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს „...ას“, შპს „გ...-ისა“ და დ. ც-ას მიმართ. მოსარჩელემ შპს „...ას“, შპს „გ...-ისა“ და დ. ც-ას ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „...ა“, შპს „გ...“ და დ. ც-ა აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“, შპს „გ...-ისა“ და დ. ც-ას მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ც-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შპს „...ას“ და შპს „გ...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება ფიზიკური პირის დ. ც-ას, შპს „...ას“ და შპს “გ...-ის“ ცრუმაგიერ პირებად აღიარების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „...ამ“, შპს „გ...-მა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან შპს „...ას“ 100%-იანი წილის მფლობელის და დირექტორის დ. ც-ას მიერ ახალი საწარმოს შპს „გ...-ის“ დარეგისტრირება, ქონების გადაწერა, საწარმოს საქმიანობის შეჩერება და იმავე საქმიანობის გაგრძელება იმავე მისამართზე ახალი საწარმოს მეშვეობით მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას. კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. კასატორისთვის გაუგებარია სასამართლოს მიერ შპს „...ას“ და შპს „გ...-ის“ ერთიმეორის ცრუმაგიერად აღიარება იმ პირობებში, როდესაც პირი ხელმძღვანელობდა და დააფუძნა საწარმოები არ იქნა აღიარებული ცრუმაგიერ პირად. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. აქედან გამომდინარე, შპს-ს დირექტორი არ არის გათავისუფლებული პასუხისმგებლობისგან. კასატორი აცხადებს, რომ სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს „...ას“ დირექტორის და დამფუძნებლის - დ. ც-ას შპს „გ...-თან“ ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისგან განსხვავება, რამდენადაც მათი ურთიერთობა ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, მიმართულია რა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან ასარიდებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შპს „...ასა“ და შპს „გ...-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ფ...ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ მესამე პირის - შპს „...ას“ მიმართ გამოიცა მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ N17/4 საგადასახადო მოთხოვნა. შპს „...“ ვალდებული იყო გადაეხადა 111735.34 ლარი და გადაეცა მის მფლობელობაში არსებული ქონება, რაც არ შეასრულა. შემოსავლების სამსახურის მიერ, 2017 წლის 20 აპრილს შპს „...ას“ ქონებაზე გავრცელებულ იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გაეცნო 2017 წლის 27 აპრილს. ხოლო 2017 წლის 31 აგვისტოს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N024-499 ბრძანება. შპს „...ამ“ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდგომ, ეტაპობრივად შეწყვიტა საქმიანობა და მის ბალანსზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გაასხვისა, რომელიც განკუთვნილი იყო ამავე მოთხოვნის შესასრულებლად, 2017 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით ზედნადებით გადააწერა იმავე მისამართზე შპს „გ...-ს“, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ბაზაში ასახული სასაქონლო ზედნადებებით. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, შპს „...“ რეგისტრირებულია გადამხდელად, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია დ. ც-ა, საქმიანობის სფერო „საყოფაცხოვრებო ელექტრო საქონლით ვაჭრობა“, საწარმოს იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი არის ქ.ფოთი, ... ქ.N7/6. შპს „...ას“ დირექტორმა დ. ც-ამ 2017 წლის 28 თებერვალს დააფუძნა ახალი საწარმო შპს „გ...“ იმავე საქმიანობით, „საყოფაცხოვრებო ელექტრო საქონლით ვაჭრობა“, იმავე იურიდიულ მისამართზე ქ.ფოთი, ... ქ.N7/6, აღნიშნული უძრავი ქონება დ. ც-ას საკუთრებაა, მან 2017 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით გადააწერა შპს „გ...“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. შპს „...ას“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 33858.54 ლარი.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ფიზიკური პირის - დ. ც-ას საქმეზე მოპასუხედ დასახელებული შეზღუდული პასუხისმგებლობის იურიდიული პირების ცრუმაგიერ პირად აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. საგულისხმოა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სარჩელი აღძრულია შპს „...ას“ საგადასახადო ვალდებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად, ხოლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, გამოირიცხება იმის მტკიცების შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იურიდიული პირების მფლობელის და დირექტორის - დ. ც-ას იურიდიული პირებისგან განსხვავება. მართალია, იურიდიული პირები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, მაგრამ იურიდიული პირების სამართლებრივი ფორმა არ იძლევა შესაძლებლობას მათ ვალდებულებებზე დადგინდეს ხელმძღვანელი ფიზიკური პირის ცრუმაგიერი მფლობელობა. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა მოპასუხე ფიზიკური პირის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ცრუმაგიერ პირად ცნობასთან მიმართებით უსაფუძვლოა. ასევე არარელევანტურია მოცემულ დავასთან მიმართებით კასატორის მითითება საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმე №763-755(კ-16), რომელშიც ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენა განხორციელდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების დასაფარად და აღნიშნულ შემთხვევაში „მეწარმეთა შესახებ კანონით“ გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმა იძლეოდა მითითებული გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე #ბს-754-754(კ-18) 27.12.2018წ.) არსებობის პირობებში კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

უსწორობის გასწორების შესახებ

საქმე №ბს-1090(2კ-18) 9 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ 2018 წლის 12 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „...ას“ და შპს „გ...“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, შპს „...ას“ და შპს „გ...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

მითითებულ განჩინებაში, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში ნაცვლად: „შპს „...ას“ და შპს „გ...“-სა“, მითითებულია: „შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას“.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით, განჩინება აკრეფილია კომპიუტერის საშუალებით, რა დროსაც არასწორად მიეთითა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში: „შპს „...ას“ და შპს „გ...“-ის“ ნაცვლად „შპს „...“, შპს „გ...“ და დ. ც-ა“.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში „შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას“ ნაცვლად უნდა მიეთითოს: „შპს „...“ და შპს „გ...“ და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შპს „...ას“ და შპს „გ...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;“

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ a:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში „შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას“ ნაცვლად მიეთითოს: „შპს „...“ და შპს „გ...“ და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შპს „...ას“ და შპს „გ...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;“

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე