საქმე Nბს-1344(კ-18) 22 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-ემ 2017 წლის 30 აგვისტოს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 28 ივლისის N40/განკ. განკარგულებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ივლისის დასკვნის გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ვ. გ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დაზუსტებული სარჩელის წარდგენა.
ვ. გ-ემ 2017 წლის 21 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართ და მოითხოვა ,,ვ. გ-ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ვ. გ-ის დაჯარიმების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 28 ივლისის N40/განკ განკარგულების ბათილად ცნობა და მის მიერ გადახდილი ჯარიმის - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დაბრუნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2017 წლის 28 ივლისის №40/განკ განკარგულება და ვ. გ-ეს დაუბრუნდა მის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი 1000 (ათასი) ლარი;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ძირითადად იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ვ. გ-ის მიერ 2017 წლის 27 მარტს წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არასრულად ასახვა, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნიდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ვ. გ-ის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 28 ივლისის N40/განკ განკარგულება ვ. გ-ის მიერ 2017 წლის 27 მარტს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ვ. გ-ის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ დარღვევით, რამდენადაც პროცედურულად ერთმნიშვნელოვნად დადგენილია შერჩევის მომენტისათვის უკვე შევსებული და წარდგენილი დეკლარაციების კრებულიდან დეკლარაციის გამოვლენის აუცილებლობა და ვინაიდან ნორმატიულად გათვალისწინებულია დეკლარაციის შერჩევა, შეუძლებელია ელექტრონულმა სისტემამ შეარჩიოს შერჩევის მომენტისათვის არარსებული დოკუმენტი, ამასთან, მსგავსი შერჩევა ეწინააღმდეგება როგორც თანასწორობის პრინციპს, ისე განუხორციელებელს ხდის მონიტორინგის მიზანს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამავე ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მითითებით კასატორის მოსაზრებას, რომ შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ შემოწმების ანუ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის წარდგენილი უახლოესი დეკლარაცია, რამდენადაც დეკლარაციის შევსების სისწორისა და სიზუსტის გადამოწმების მიზნით ხდება დეკლარაციების მონიტორინგი, რომელიც იწყება შესამოწმებელი დეკლარაციის შერჩევით, შესაბამისად, დეკლარაციების შერჩევის პროცედურით იწყება მონიტორინგის პროცესი, ხოლო მის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს მისი შემოწმება. აღნიშნული კი შეუძლებელს ხდის საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციით“ გათვალისწინებული შერჩევის პროცედურის გარეშე შემოწმების განხორციელებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მართალია, იწყება დეკლარაციების შემოწმება, თუმცა შემოწმების დაწყების დროს უნდა არსებობდეს ინსტრუქციის შესაბამისად შერჩეული დეკლარაციები, რაც განსახილველ შემთხვევაში სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ არ არის დაცული და შემოწმებას დაექვემდებარა არა შერჩეული დეკლარაცია, რომელიც უნდა შერჩეულიყო 2017 წლის 15 თებერვლამდე წარდგენილი ბოლო დეკლარაციებიდან, არამედ შემოწმებას დაექვემდებარა 2017 წლის 27 მარტს, ანუ შერჩევის პროცედურის დროს არარსებული დეკლარაცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს (ს/ნ 205047288) დაუბრუნდეს 18.10.2018წ. №02548 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე