Facebook Twitter

საქმე №ბს-1353 (კ-18) 22 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ჟ. ჭ-ე, ი/მ ნ. ჭ-ე, გ. ჭ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 10 თებერვალს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების - ი/მ ჟ. ჭ-ის, ი/მ ნ. ჭ-ის და გ. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა მათი ცრუმაგიერ პირებად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სსიო შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საგადასახადო კოდექსის მე-19, 246-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა განახორციელეს კონკრეტული ოპერაციები, რომლებიც მიმართული იყო საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდებისაკენ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთებისა და დამატებითი არგუმენტაციის გარეშე უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია, ის ფაქტი, რომ ი/მ ჟ. ჭ-ის საქმიანობის განხორციელების ადგილზე, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ი/მ ჟ. ჭ-ის მამის - გ. ჭ-ის მოძრავი ჯიხური, სადაც საქმიანობას აგრძელებს ი/მ ნ. ჭ-ე და აღნიშნულ პირებს შორის გაფორმებული არ არის იჯარის ხელშეკრულება, რაც ქმნის მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით (სუს №ბს-351-351 (კ-18) 16.10.2018წ. გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი საკონტროლო - სალარო აპარატი „...", ნომრით ..., ი/მ ჟ. ჭ-ემ საკუთრებაში გადასცა ი/მ ი. ც-ს, რომლისგანაც შემდეგ აპარატი შეიძინა ი/მ ნ. ჭ-ემ, რაც დადასტურებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერაც, ასევე, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნ. ჭ-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა ჟ. ჭ-ის მიერ გადაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოყენებით. ამდენად, არ დასტურდება, რომ მოპასუხეთა შორის არსებობდა მართლსაწინააღმდეგო შეთანხმება, გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით მათ მიერ არ არის განხორციელებული ქმედებები, არ დასტურდება მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობა და ქონების დავალიანებისგან განრიდება. მითითებული გარემოებების დაუდასტურებლობის პირობებში კი დაუსაბუთებელია მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ი/მ ჟ. ჭ-ის საქმიანობის განხორციელების ადგილზე და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ი/მ ჟ. ჭ-ის მიმართ საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ, ი/მ ნ. ჭ-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი და ასევე ადგილზე განთავსებული მოძრავი ჯიხურის ი/მ ჟ. ჭ-ის მამის - გ. ჭ-ის საკუთრებაში არსებობა, არ ქმნის იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ, რამეთუ საკუთრებაში არსებული ქონების დროებით სარგებლობაში სხვა პირისათვის გადაცემა, ავტომატურად არ მიუთითებს, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზანზე, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე