საქმე Nბს-1501(2კ-18) 19 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. მ-მა 2017 წლის 24 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 ივნისის N EL059845 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა, შეფარდებული სანქციის - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N16698 ბრძანების ბათილად ცნობა, შეფარდებული სანქციის - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შეფარდებული სანქციის - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მ. მ-ისათვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 ივნისის N EL059845 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის N16698 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მ. მ-ისათვის დაბრუნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მ. მ-მა საბაჟო გამშვები პუნქტის სადახლო-საავტომობილო ტერიტორიაზე შემოსვლისას სცადა დეკლარირების გარეშე 167 კოლოფი სიგარეტის გადმოტანა, რაც გამოვლინდა ავტომანქანის დათვალიერებისას. კასატორების მითითებით საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულმა სამართალდარღვევების მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს და მიიღო საშიში ტენდენციის სახე. კასატორების განმარტებით, ვინაიდან მ. მ-ი სისტემატიურად გადაადგილდებოდა სახელმწიფო საზღვარზე, მისთვის კარგად იყო ცნობილი საბაჟო პროცედურის გავლის წესი და პროცედურა, რომელსაც მან განზრახ აარიდა თავი და მებაჟესთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ თან ჰქონდა 4 ბლოკი სიგარეტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის უმკაცრესი ზომის - დაჯარიმების, საქონლის ჩამორთმევისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ერთობლივად გამოყენება ჩადენილი სამართალდარღვევის თანაზომიერია და უზრუნველყოფს სამართალდარღვევის პრევენციასა და აღკვეთას და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. მ-ი 2017 წლის 1 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის სადახლო-საავტომობილო კონტროლის ზონაში სომხეთის მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანით, სახ. ნომრით ... . მებაჟე-ოფიცერთან ინტერვიურებისას პიროვნებამ დაადეკლარირა 4 ბლოკი სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე მოხდა ავტომანქანის დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩნდა არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, რომელიც მოთავსებული იყო ავტომანქანის სათადარიგო საბურავთან, მძღოლის სავარძლის ქვეშ და ჩანთებში. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 ივნისის N EL059845 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის მოსარჩელე დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საკასაციო პალატა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ნორმით დადგენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის სამი სახის ღონისძიება - დაჯარიმება, საქონლის ჩამორთმევა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მოიცავს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული პასუხისმგებლობის ზომის შერჩევას. საგადასახადო პასუხისმგებლობა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება და საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს საჯარო და კერძო ინტერესთა შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ვინაიდან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და ითხოვა სანქციის შემსუბუქება, კერძოდ, დაკისრებულ სანქციათაგან - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმება, საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამდენადაც მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, დაჯარიმებისა და საქონლის ჩამორთმევის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიიღწეოდა.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე