საქმე N ბს -253(კს-19) 23 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „...ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 2017 წლის 11 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 სექტემბრის N000521 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 მარტის N1-618 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნით დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28-94 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის N20-67 დადგენილება. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28-94 დადგენილების მე-2 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალური ინსპექციის ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს, ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლი - მუნიციპალური ინსპექციის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული მუხლების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა დასკვნამდე და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ იყო სახეზე უფლებამონაცვლეობის საფუძველი. მხოლოდ მითითება, რომ დამტკიცდა მუნიციპალური ინსპექციის დებულება და ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება, საკმარისი არ არის. სასამართლომ ვერ მიუთითა ის ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც მუნიციპალური ინსპექცია გახდა უფლებამონაცვლე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პროცესუალურ სამართლებრივ შეფასებას, რომლის საწინააღმდეგოდ არ არის წარმოდგენილი კვალიფიციური და დასაბუთებული კერძო საჩივარი. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით განსახილველ საქმეში, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 92-ე მუხლით. ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია დაადგინოს საქმის საპროცესო უფლებამონაცვლეობა. კერძოდ, სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, თუმცა საგულისხმოა, რომ უტყუარად არ დგინდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით მიღწეული შედეგის მიმართ კერძო საჩივრის ავტორის კანონით დაცული ინტერესის დარღვევის არსებობის ფაქტი და კერძო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მისი, როგორც მხარის რა უფლება ირღვევა გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განსახილველ საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, ასევე ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-74-2019).
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28-94 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დებულება და ამავე დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის N20-67 დადგენილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28-94 დადგენილების მე-2 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალური ინსპექციის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, ხოლო დადგენილების მე-3 მუხლი - მუნიციპალური ინსპექციის უფლება-მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28-94 დადგენილებით განისაზღვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები (მე-2 მუხლი), ძირითადი უფლებები და მოვალეობები (მე-3 მუხლი), რომლებიც აბსოლუტურად იდენტურია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის N20-67 დადგენილებით განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ძირითადი ამოცანების, ფუნქციების და უფლება-მოვალეობების. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის დანაწესს, რადგან მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს გაუქმების გამო შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე დადგინდა მისი უფლებამონაცვლე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული საპროცესო უფლებამონაცვლეობის მოტივები და არ არის მითითებული კანონები, რომლითაც ხელმძღვანელობდა სასამართლო. სააპელაციო სასამართლომ ორი დადგენილების ურთიერთშედარების საფუძველზე (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28-94 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 ივნისის N20-67 დადგენილებები) მართებულად დაასკვნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებული მსჯელობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლიდან და სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე კანონშესაბამისი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე