საქმე Nბს-340(კს-19) 23 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ს. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოსარჩელეები: რ. თ-ე, ზ. თ-ე, ა. თ-ე, მ. ქ-ე
მესამე პირი - სს „...ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. გ-ემ, რ. თ-ემ, ა. თ-ემ, ზ. თ-ემ და მ. ქ-ემ 2016 წლის 14 ნოემბერს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სს „...ისთვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 15 სექტემბრის 1-1/496 ბრძანების (მოსარჩელეთა ნაწილში) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის, რ. თ-ის, ზ. თ-ის, ა. თ-ის, მ. ქ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მესამე პირის - სს „...ის“ მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ს. გ-ემ, რ. თ-ემ, ზ. თ-ემ, ა. თ-ემ და მ. ქ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. თუმცა, საქმეში არსებული გზავნილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელე ს. გ-ეს გაეგზავნა ფოსტით და 2018 წლის 16 თებერვალს ჩაბარდა მის მეუღლე მ. შ-ეს (...), რაც დასტურდება ფოსტის შესაბამისი უკუგზავნილით (ტ.III, ს.ფ. 237). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადრესატს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 16 თებერვალს, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 17 თებერვალს და დასრულდა 2018 წლის 2 მარტს (პარასკევი) 24 საათზე. შესაბამისად, 2019 წლის 10 იანვარს, 11 თვის გასვლის შემდეგ ს. გ-ის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატამ მიიჩნია გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად და დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. გ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება 2018 წლის 16 თებერვალს ჩაბარდა მის მეუღლეს, მ. შ-ეს. ს. გ-ე მიუთითებს, რომ 1983 წლიდან დაქორწინებულია ი. მ-აზე და დღემდე მასთან იმყოფება ქორწინებაში, რის დასტურადაც კერძო საჩივარს დაურთო ქორწინების მოწმობა. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადა აითვლება გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით ს. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩასაბარებელმა პირმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ საქმეზე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ჩაიბარა მ. შ-ემ (...). საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურზე (ტ. III, ს.ფ. 237) აღნიშნულია, რომ მ. შ-ე (პ/ნ ...) წარმოადგენს ადრესატის მეუღლეს. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ს. გ-ის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ს. გ-ე 1983 წლის 18 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი. მ-ასთან, რაც უტყუარად დგინდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი N... ქორწინების მოწმობით (ტ.IV, ს.ფ.129). ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების მ. შ-ისათვის ჩაბარება უტყუარად არ ადასტურებს აღნიშნული გადაწყვეტილების ს. გ-ისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად გადაწყვეტილების ჩაბარებას. ს. გ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 10 იანვარს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა სხვა მოსარჩელეებისგან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რამეთუ საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ მ. შ-ე წარმოადგენს ს. გ-ის მეუღლეს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქორწინების მოწმობა უტყუარად ადასტურებს, რომ ს. გ-ის მეუღლე არის არა მ. შ-ე, არამედ ი. მ-ა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ს. გ-ეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება), მას უფლება ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარედგინა 1 წლის განმავლობაში გადაწყვეტილების გამოტანიდან. შესაბამისად, ს. გ-ის მიერ 2019 წლის 10 იანვარს სააპელაციო საჩივრის წარდგენისას არ არის გაშვებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება და საქმე ს. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება და საქმე ს. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე