Facebook Twitter

საქმე №ბს-395(კს-19) 7 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ა. ბ-ი

მოპასუხე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ბ-მა 2017 წლის 25 აგვისტოს სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონის სასამართლოში მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის ა. ბ-ის დაჯარიმების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 აგვისტოს N1588 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 11 აგვისტოს N1588 ბრძანება, უნებართვო მშენებლობის წარმოებისთვის ა. ბ-ის დაჯარიმების შესახებ; დაევალა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე კანონით დადგენილ ვადაში ა. ბ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარის - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 5 ნოემბერს, მხარისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 6 ნოემბერს და ამოიწურა 2018 წლის 16 ნოემბრის დადგომისთანავე. ამ ხნის მანძილზე სასამართლოში არ შემოსულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის განჩინება პირადად მას არ ჩაბარებია და მისთვის უცნობი იყო აღნიშნულის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით ა. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში წარედგინა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებას და აღნიშნავს, რომ მას ხარვეზის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია და ხარვეზის დადგენის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესახებ 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ა. ბ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. მარნეული, ...) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით 2018 წლის 5 ნოემბერს ჩაბარდა ადრესატს პირადად, რაც დასტურდება შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ და საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის ათვლა 2018 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყო და 15 ნოემბერს 24:00 საათზე ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს ემსჯელა ა. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე. საგულისხმოა, რომ კერძო საჩივარში მითითებული გარემოების - აპელანტისათვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაუბარებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არც საკასაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე წარმოუდგენია მხარეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე,410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე