საქმე Nბს-633(გ-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა 2019 წლის 19 აპრილს მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შპს „...- ის“ მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის მოთხოვნით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2019 წლის 18 აპრილის N000049 ოქმით სამართალდარღვევის არსს წარმოადგენს შპს „...- ის“ მიერ თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. სამართალდარღვევა ჩადენილია ქ. რუსთავში, ... ქ. N19-ში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „...- ის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილი მიხედვით. საქალაქო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქალაქი თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ...ის ქუჩა N92. აღნიშნულის გამო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „... - ის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას და 2019 წლის 1 მაისის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით თბილისის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილება წინამდებარე ოქმის განხილვაზე არ დგინდება, ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კოდექსის 1501 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი არის მისი ჩადენის ადგილი. როგორც ოქმში მითითებულია, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია: ქალაქი რუსთავი, ... ქუჩა N19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ შპს „... - ის“ მიმართ შედგენილი 2019 წლის 18 აპრილის N000049 სამართალდარღვევის ოქმი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება რუსთავის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ შპს „... - ის“ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შედგენილი 2019 წლის 18 აპრილის N000049 სამართალდარღვევის ოქმის განხილვის უფლებამოსილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს საფუძვლად უდევს 1501-ე მუხლი, რაც გამორიცხავს მისი განხილვის შესაძლებლობას დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იმპერატიულად ადგენს, რომ სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს მისი ჩადენის ადგილას.
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას, რომლის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი არის მისი ჩადენის ადგილი. შპს „... - ის“ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შედგენილი 2019 წლის 18 აპრილის N000049 სამართალდარღვევის ოქმში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მითითებულია ქ. რუსთავი, ... ქ. №19. ამდენად, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს N1/150-2007 გადაწყვეტილების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 18 აპრილის N000049 სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ შპს „... - ის“ მიმართ შედგენილი 2019 წლის 18 აპრილის №000049 სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით განსახილველად უნდა გადაეცეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ შპს „... - ის“ მიმართ შედგენილი 2019 წლის 18 აპრილის №000049 სამართალდარღვევის ოქმი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე