Facebook Twitter

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე Nბს-602(კ-19) 25 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

(მოსამართლეები) მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განიხილა ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას განცხადება სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 18 სექტემბერს ე. ქ-ამ და ქ. ქ-ამ განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოს ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ბ. ჩ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, დაბა ... (ს/კ ...), ყადაღის დადება ან ბ. ჩ-ისათვის უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლებს დაუდგინდა ხარვეზი, რაც განმცხადებლების მიერ შევსებულ იქნა 2017 წლის 20 სექტემბერს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ე. ქ-ამ და ქ. ქ-ამ 2017 წლის 26 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და ბ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმში, დაბა ... მდებარე მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: ..., რეალიზაციის თაობაზე სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 სექტემბრის აუქციონის შედეგების და ამავე აუქციონზე გამარჯვებული პირის, ბ. ჩ-ის სასარგებლოდ გაცემული 2017 წლის 12 სექტემბრის №A17032348-012/001 განკარგულების ბათილად ცნობა.

2017 წლის 27 სექტემბერს, ე. ქ-ამ და ქ. ქ-ამ საჩივრით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბერის განჩინებით ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბერის განჩინებით

ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის N34/უზრ-2017 განჩინების გაუქმების თაობაზე, მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება და განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, ბ. ჩ-ს (პ/ნ...) აეკრძალა ქ. ბათუმში, დაბა ...ში მდებარე N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ქ-ას და ქ. ქ-ას მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობით მიმართა ბ. ჩ-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა და ბ. ჩ-ს აეკრძალა ქ. ბათუმში, დაბა ...ში მდებარე N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით (საქმე N3/ბ-546-17წ.) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ბ. ჩ-ს აეკრძალა ქ.ბათუმში, დაბა ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ:...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას საკასაციო საჩივარი.

2019 წლის 14 ივნისს ე. ქ-ამ და ქ. ქ-ამ სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2019 წლის 24 ივნისს სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მომართეს მოსარჩელეებმა - ქ. ქ-ამ და ე. ქ-ამ. განცხადება ხელმოწერილია როგორც ე. ქ-ას - ასევე ქ. ქ-ას მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ქ-ას და ქ. ქ-ას განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს მათ სარჩელზე მიმდინარე სამართალწარმოება. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ე. ქ-ასა და ქ. ქ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბ. ჩ-ს აეკრძალა ქ.ბათუმში, დაბა ...ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი №... გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა. აღნიშნული დავის საკასაციო წესით განხილვისას მოსარჩელეებმა - ე. ქ-ამ და ქ. ქ-ამ უარი თქვეს სარჩელზე.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონით გათვალისწინებული, ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე მოსარჩელეებმა სარჩელზე თქვეს უარი, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ქ-ას და ქ. ქ-ას განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ბ. ჩ-ს აეკრძალა ქ.ბათუმში, დაბა ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ:...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

4. ე. ქ-ას (პ/ნ...) და ქ. ქ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე 2019 წლის 20 მაისს N0 საგადასახადო დავალებით მ. ა-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე