ბს-1235(გ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოპასუხე - გ. გ-ი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 13 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - გ. გ-ის მიმართ და მოითხოვა გ. გ-ისათვის ზედმეტად ჩარიცხული სახელფასო თანხის -222,93 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ. გ-ის მიმართ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 26-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე მითითებით, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში ზედმეტად დარიცხული თანხის - 222,93 ლარის დაკისრების ნაწილში სადავო ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე, კერძოდ, დავის საგანია ფიზიკური პირისათვის - გ. გ-ისათვის ხელფასის სახით ზედმეტად დარიცხული თანხის დაბრუნება, აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს კი წარმოადგენს უსაფუძვლოდ გამდიდრების ნორმები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ს. ..., ... მე-2 ჩიხი №3, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხე - გ. გ-ის მიმართ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს და სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს სწორედ ამ სასამართლოს მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გამოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ დავა არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი, რადგან დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან - N1195/14 კონტრაქტიდან, რომლის 8.4.1. პუნქტით, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ კონტრაქტიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ აღძრული დავების განსაკუთრებული განსჯადობა სამინისტროს არჩევანის მიხედვით, გააჩნია იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება სამხედრო მოსამსახურის ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელის) მიხედვით. მოპასუხის ბოლო სამსახურის ადგილი კი იყო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადა, რომელის ადგილსამყოფელია დაბა ვაზიანი, გარდაბანი (ს.ფ.-ები: 21, 31-34). რომელსაც მოიცავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო, საერთო განსჯადობის გამოყენება - მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, დაუშვებელია და გამოყენებულ უნდა იქნეს განსაკუთრებული განსჯადობა.
ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე დავის საგანია თანხის დაკისრება, რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან - 16/06/2014წ. N1195/14 კონტრაქტიდან ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08/02/2010წ. განჩინება საქმეზე Nბს-1479-1411 (გ-09); საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11/10/2017წ. განჩინება საქმეზე Nას-665-621-2017) აღნიშნა, რომ დავის კატეგორიის განსაზღვრისათვის არსებითია სწორედ ნორმატიული ელემენტი - დავის გამომდინარეობა ამა თუ იმ სამართლის კანონმდებლობიდან. გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება. კონკრეტულად კი დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის განსაზღვრისათვის კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, ეს იქნება სამოქალაქო სამართლის იურისდიქციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა რეგულირებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით - კანონებით: ,,საჯარო სამსახურის შესახებ", ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"; დავის საგანს წარმოადგენს 5 სამხედრო მოსამსახურესთან ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 17/03/2016წ. N124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სამხედროს სადისციპლინო წესდების" 44-ე მუხლის დარღვევის საფუძველზე, ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტიდან გამომდინარე ფინანსური პასუხისმგებლობა - ზედმეტად გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, რა დროსაც მოსარჩელე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედებს საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში და საკითხი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე, არ ცვლის დავის სამართლებრივ ბუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული წესით საქმის განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება როგორც საგნობრივ, ასევე ტერიტორიული განსჯადობის საკითხს, შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, რადგან განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის ბუნებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხის - გ. გ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს ზედმეტად გაცემული 6 დღის ხელფასის დაკისრებას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსის 16.06.2014 წლის N2063 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში გაწვეული და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხული გ. გ-ი 16.03.2018 წლის N1411 ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 26.01.2018 წლის N99 ბრძანებით მას შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2018 წლის 26 იანვრიდან, თუმცა მან მიიღო სრული თვის შრომის ანაზღაურება, 25 დღის ანაზღაურების ნაცვლად. თანხის დაკისრების მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან - 16/06/2014წ. N1195/14 კონტრაქტიდან ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. სადავო ურთიერთობა რეგულირებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით - კანონებით: ,,საჯარო სამსახურის შესახებ", ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ"; დავის საგანს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურესთან ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 17/03/2016წ. N124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სამხედროს სადისციპლინო წესდების" 44-ე მუხლის დარღვევის საფუძველზე, ვადამდე შეწყვეტილი კონტრაქტიდან გამომდინარე ფინანსური პასუხისმგებლობა - ზედმეტად გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, რა დროსაც მოსარჩელე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედებს საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში და ამდენად, განსახილველი დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
რაც შეეხება ტერიტორიულ განსჯადობას, რამდენადაც დავა გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, სახეზეა განსაკუთრებული განსჯადობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავა განხილული უნდა იქნეს იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ამასთან, კონტრაქტის 8.4.1. პუნქტით, სახეზეა მხარეთა შეთანხმება, რომ ამ კონტრაქტიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ აღძრული დავების განსაკუთრებული განსჯადობა სამინისტროს არჩევანის მიხედვით, გააჩნია მათ შორის იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება სამხედრო მოსამსახურის ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელის) მიხედვით. დადგენილია, რომ მოპასუხის ბოლო სამსახურის ადგილი იყო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადა, რომელის ადგილსამყოფელია დაბა ვაზიანი, გარდაბანი (ს.ფ.-ები: 21, 31-34), რომელსაც მოიცავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16-191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხველი) ხასიათისაა. განსჯადობის სპეციალური წესების ამგვარი ხასიათი გულისხმობს იმას, რომ განსჯადობის საერთო და სპეციალურ წესებს შორის კონკურენციის შემთხვევაში, ცალსახა უპირატესობა სწორედ სპეციალური წესების დამდგენ ნორმებს უნდა მიენიჭოს და ტერიტორიულად განსჯადი სასამართლო, განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვით, სწორედ აღნიშნული ნორმების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც დავა გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, სახეზეა განსაკუთრებული განსჯადობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავა განხილული უნდა იქნეს იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ამასთან, კონტრაქტის 8.4.1. პუნქტით, სახეზეა მხარეთა შეთანხმება, რომ ამ კონტრაქტიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ აღძრული დავების განსაკუთრებული განსჯადობა სამინისტროს არჩევანის მიხედვით, გააჩნია მათ შორის იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება სამხედრო მოსამსახურის ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელის) მიხედვით. მოპასუხის ბოლო სამსახურის ადგილი კი, როგორც უკვე აღინიშნა, იყო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადა, რომელის ადგილსამყოფელია დაბა ვაზიანი, გარდაბანი (ს.ფ.-ები: 21, 31-34), რომელსაც მოიცავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია, ამდენად, განსახილველი დავის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული საერთო განსჯადობის წესები, რაც გულისხმობს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯადი სასამართლოს განსაზღვრას და გამოყენებულ უნდა იქნეს განსაკუთრებული განსჯადობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციული წესით განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი - გ. გ-ის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე