Facebook Twitter

საქმე Nბს-989(კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: ი. ჯ-ი, თ. ჯ-ი, ს. ჯ-ი, ქ. ბ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხე)

მესამე პირები: ვ. ჯ-ი, სუ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჯ-მა, თ. ჯ-მა, ს. ჯ-მა და ქ. ბ-მა 2016 წლის 14 ივნისს სარჩელი აღძრეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების - სუ. ჯ-ისა და ვ. ჯ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 8 აპრილის N... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ივნისის N... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის N... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ს. ჯ-ის, ქ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 აპრილის N... გადაწყვეტილება ქ. ბ-ის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, 2016 წლის 11 მაისის N... გადაწყვეტილება ქ. ბ-ის მიმართ სარეგისტრაციო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, 2016 წლის 1 ივნისის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება ვ. და სუ. ჯ-ის მიმართ ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მიწის ნაკვეთის ... საკადასტრო კოდით დარეგისტრირების შესახებ; მოპასუხეებს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ს. ჯ-ის, ქ. ბ-ის მიმართ 2016 წლის 5 აპრილის განცხადებასა და ვ. და სუ. ჯ-ის მიმართ 2014 წლის 23 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტებისა და მიწაზე საკუთრების უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ჯ-მა, სუ. ჯ-მა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ის, სუ. ჯ-ის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. ბ-ის, თ. ჯ-ის, ი. ჯ-ისა და ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით ქ. ბ-ს, თ. ჯ-ს, ი. ჯ-ს და ს. ჯ-ს ვ. ჯ-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის - 200 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და 2018 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ჯ-მა, თ. ჯ-მა, ს. ჯ-მა და ქ. ბ-მა. კასატორებმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდნენ სასარჩელო მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დაუსაბუთებლად, არასწორადაა ასახული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი სამართლებრივი ნორმები. კერძოდ, არასრულყოფილადაა განმარტებული ზესტაფონის არქივში დაცული მონაცემი თ. ჯ-ის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელსაც მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი N1024-ით თითქოს გადაეცა მიწის ნაკვეთი - 0,64 ჰა. სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი მოიცავდა ორ ცალ-ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ხოლო მესამე ნაკვეთი იყო საპრივატიზებო. სინამდვილეში 0,64 ჰა მიწის ნაკვეთი მოიცავდა ორ ცალ-ცალკე აღებულ საკარმიდამო ნაკვეთს, ეზო - ვენახით - 2300კვ.მ და ვენახი - 600 კვ.მ, ხოლო საპრივატიზაციო ფართი შედგებოდა სამი ნაკვეთისაგან: საპრივატიზებო ნაკვეთი - 2400კვ.მ, ყანა-700 კვ.მ, აკაცია -400 კვ.მ.

კასატორი აცხადებს, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ასევე სუ. ჯ-ის სახელზე გამოყოფილი მიწის რაოდენობა. N875 მიღება-ჩაბარების აქტით სუ. ჯ-ის კომლმა მიიღო 0,78 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელთაგან სამი ნაკვეთი ეზო ვენახით -2100 კვ.მ, ვენახი - 600 კვ.მ და ვენახი - 980 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთია, ხოლო 3600კვ.მ და აკაციის ტყე -500 კვ.მ წარმოადგენდა საპრივატიზებო ნაკვეთს. საჯარო რეესტრის 2014 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილებით სუ. და ვ. ჯ-ებს საკუთრებად დაურეგისტრირდათ უძრავი ქონება სწორედ N875 მიღება-ჩაბარების აქტის და შპს „...-ის“ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული მონაცემი განსხვავებულია საჯარო რეესტრში აზომვითი საკადასტრო ნახაზით დადგენილ მონაცემთან, არ არის იდენტური მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, ზომები, მესაზღვრეები. სასამართლომ არ შეაფასა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 11 ივლისის დასკვნა, რომლის მიხედვითაც N875 მიღება-ჩაბარების აქტით სუ. ჯ-ის სახელზე გაცემული 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთის N1 ეზო - ვენახის კონფიგურაცია არ შეესაბამება საჯარო რეესტრში 2014 წლის 23 მაისს ვ. ჯ-ის N... განცხადებით წარდგენილ 2014 წლის 22 მაისს შპს „...-ის“ მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ 2100 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ სუ. და ვ. ჯ-ების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საარქივო ცნობით ირკვევა, რომ სუ. ჯ-მა ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში, როგორც პირველი კატეგორიის კომლმა მიიღო მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 0,78 ჰა. საარქივო ცნობაში საერთოდ არ არის აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესახებ რაიმე მონაცემი, დაფიქსირებულია მხოლოდ 2004-2006 წლებში სუ. ჯ-ის კომლის შემადგენლობის მონაცემი. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა, რომ კასატორების კუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების (ს/კ ... და ს/კ ...) პირველადი რეგისტრაცია მოხდა 1999 წლის 30 დეკემბერს, ხოლო საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთების (ს/კ ... და ს/კ ...) პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2000 წლის 8 ივნისს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეებისათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულების საფუძველზე. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცულია ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებზე გახსნილი სააღრიცხვო ბარათები, რომელსაც თან ერთვის უძრავი ნივთის მდებარეობის ამსახველი საკადასტრო რუკები.

კასატორები აცხადებენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვ. და სუ. ჯ-ების უკანონო საკადასტრო აზომვებით განხორციელებული რეგისტრაციით დაარღვია მოსარჩელეების საკუთრების უფლება, რამეთუ არ მოიძია პირველადი რეგისტრაცია და არ მოახდინა ურთიერთშეჯერება. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მესამე პირების სახელზე ს/კ ...-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არ შეესაბამება მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კასატორები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გამოუკვლევია ის ძირითადი უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომელიც იწვევდა სუ. და ვ. ჯ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციას მიწის ნაკვეთებზე. ადმინისტრაციულ ორგანოს მესამე პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა შეედარებინა მასთან დაცულ მონაცემებთან და მხოლოდ ურთიერთშესაბამისობის შემთხვევაში მიეღო გადაწყვეტილება სადავო ფართზე რეგისტრაციის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეისწავლა, წარდგენილი დოკუმენტები, საკუთრებაში დაურეგისტრირა რა სუ. და ვ. ჯ-ებს მიწის ნაკვეთი N875 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემებისაგან განსხვავებული მიწის ნაკვეთის ოდენობით, კონფიგურაციით და მესაზღვრეებით). საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით მოხდა მოსარჩელეების მფლობელობაში და მათ სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების N1024 აქტით გადმოცემული, პირველადი რეგისტრაციებით და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზედდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ს. ჯ-ის და ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ს. ჯ-ის და ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2014 წლის 30 მაისის N... გადაწყვეტილებით, სუ. და ვ. ჯ-ების საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება ს/კ ... უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილ იქნა მიწის მიღება-ჩაბარების N875 აქტი და NAA2014027495-03 საარქივო ცნობა. ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2014 წლის 26 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, ზესტაფონის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ:...; დაზუსტებული ფართი 2 722 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N1024 აქტისა და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ზესტაფონის არქივის NAA2014071668-03 საარქივო ცნობის საფუძველზე, რეგისტრირებულია მოსარჩელეთა: თ., ი., ს. ჯ-ების და ქ. ბ-ის საკუთრების უფლება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ...ში მოსარჩელეების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...) განხორციელდა ავტოფარეხის მშენებლობა, რომელმაც ნაწილობრივ გადაფარა სუ. და ვ. ჯ-ების სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი (ს/კ:...), რის შემდეგ ქ. ბ-მა 2016 წლის 5 აპრილის განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და N1024 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოითხოვა მოსარჩელეთა თანასაკუთრებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია.

საქმეში ასევე დაცულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 ივლისის დასკვნა. დასკვნის თანახმად, როგორც №875 მიღება-ჩაბარების აქტით სუ. ჯ-ის სახელზე გაცემული 2100 კვ. მ მიწის ნაკვეთის (ნაკვეთი №1 ეზო-ვენახი), ასევე №1024 მიღება-ჩაბარების აქტით თ. ჯ-ის სახელზე გაცემული 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ნაკვეთი №1 ეზო-ვენახი) გაორიენტირება (ადგილმდებარეობის დადგენა) სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში (WGS 84 კოორდინატთა სისტემაში, UTM პროექციაში) დიდი სიზუსტით შეუძლებელია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნების შეფასებას. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეებმა 2016 წელს მოითხოვეს საჯარო რეესტრის 2014 წლის 26 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა და საკუთრების იმგვარი დარეგისტრირება, რომელიც ლახავდა სუ. და ვ. ჯ-ების სახელზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას. თუმცა, მათ მიერ ვერც ადმინისტრაციულ ორგანოში და ვერც სამართალწარმოების ეტაპზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მათ უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე ვერ იქნა წარმოდგენილი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა განცხადებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, 22-ე მუხლით გათვალისწინებული - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგან დასტურდება, რომ სააგენტოს მიერ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით იქნა მიღებული რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 30 მაისის N...გადაწყვეტილება.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ს. ჯ-ის და ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ქ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 05.10.2018წ. N12 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე