Facebook Twitter

საქმე Nბს-153(2კ-19) 23 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. გ-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 12 აპრილის NEL058026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 მაისის N13522 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის N4054/2/2017 გადაწყვეტილება. მოსარჩელემ ასევე, მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს დაევალოს ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

მოსარჩელის წარმომადგენელმა 2017 წლის 24 ივლისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, სსიპ შემოსავლების სამსახური და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 12 აპრილის NEL058026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 მაისის N13522 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ თითქოს ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ შეიძლებოდა კანონისმიერი მიზნების მიღწევა ავტომანქანის ჩამორთმევის გარეშე. კასატორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 12 ივნისის N71041-21-10 წერილით წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 12 აპრილს სგპ „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა რ. გ-ი. მნიშვნელოვანია, რომ ის პირველად არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საბაჟო პროცედურები, თუმცა მან არ დაადეკლარირა საქონელი, რაც მნიშვნელოვანი ალბათობაა მომავალში, რომ ავტომობილი გამოიყენოს არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ განზრახვას, რაც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, მის საზოგადოებრივ საშიშროებაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 3000 ლარამდე ღირებულების აქციზური საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. შესაბამისად, გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მკაცრი საგადასახადო სანქციის გამოყენებას აქვს არა მხოლოდ დასჯის, არამედ პრევენციის ფუნქციაც. კასატორს მიაჩნია, რომ მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმა ვერ შეასრულებს პრევენციის ფუნქციას, რათა იმავე ან სხვა სამართალდამრღვევმა იგივე არ გაიმეოროს.

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შეფასებას, რომ რ. გ-ისთვის შეფარდებული სანქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ვინაიდან ბოლო პერიოდში გახშირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. კასატორი მიიჩნევს, რომ რ. გ-მა საქონელი განზრახ გადმოიტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. კერძოდ, მას ჰქონდა ცოდნა იმისა, რომ მისი ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, აგრეთვე ამ ქმედების ჩადენის ნება და სრულად აცნობიერებდა მოსალოდნელ შედეგებს. სამართალდამრღვევს სურდა საქართველოს ტერიტორიაზე სიგარეტის შემოტანა საბაჟო კონტროლის და შესაბამისი დაბეგვრის გარეშე, რითაც არაკეთილსინდისიერ კონკურენციას გაუწევდა კეთილსინდისიერ მეწარმეს და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო ინტერესები აღემატება პირის კერძო ინტერესებს. შემოსავლების სამსახურმა სწორად შეაფასა საჯარო და კერძო ინტერსების ბალანსი, გაითვალისწინა რა როგორც ქმედების სახე, ისე მისი მნიშვნელობა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის, შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეთა მიერ სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 12 აპრილს სგპ „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ ...), რომელსაც მართავდა რუსეთის მოქალაქე რ. გ-ი. ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას ავტომობილის სალონსა და სათადარიგო საბურავებისთვის განკუთვნილ სათავსოში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი - 30 კოლოფი სიგარეტი GARNI, 480 კოლოფი სიგარეტი AKTAMAR და 19 ლიტრი არაყი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 12 აპრილს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ რ. გ-ის მიმართ შედგენილ იქნა NEL058026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მოსარჩელე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება. რ. გ-მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს და 2017 წლის 12 აპრილის NEL058026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 მაისის N13522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და საქონლის, ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებელი ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევისთვის კუმულაციურად და ალტერნატიულად განსაზღვრავს სახდელის სახით ჯარიმის, საქონლის და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლებლობას. საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია განსაზღვროს რომელი სახდელი ან სახდელები დაეკისროს სამართალდამრღვევს. განსახილველ დავაში, მოსარჩელე გასაჩივრებული აქტების გაუქმებას ითხოვდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 78-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება არის სამართალდამრღვევი პირის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა არა რ. გ-ის, არამედ ა. ა-ის საკუთრებას, რაც დასტურდება საქმეში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსისა და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა) მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე #ბს-1655-1627(კ-11) 11.04.2012წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. რამდენადაც, სადავო შემთხვევაში ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალება არც სამართალდამრღვევის პირის ქონებაა და არც სამართალდარღვევის ობიექტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე