საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-1090(2კ-18) 12 დეკემბერი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე);
2. შპს „...“, შპს „გ...“, დ. ც-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას მიმართ და მოითხოვა შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „...“, შპს „გ...“ და დ. ც-ა აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ც-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შპს "...ას" და შპს "გ..."-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება ფიზიკური პირის დ. ც-ას შპს "...ას" და შპს "გ..."-ის ცრუმაგიერ პირად აღიარების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და შპს „...ამ“, შპს „გ...“-მ და დ. ც-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს - შპს „...ას“, შპს „გ...“-ს და დ. ც-ას დაევალათ წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინათ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები), ასევე, დაევალათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ზემოაღნიშნული განჩინება მხარეებს ჩაბარდათ საქმეში მითითებულ მისამართზე. კასატორებისათვის - შპს „...ასა“ და შპს „გ...“-ისათვის გაგზავნილი ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინება 2018 წლის 26 ოქტომბერს ჩაბარდა დ. ც-ას, ხოლო კასატორის - დ. ც-ასათვის გაგზავნილი ხარვეზის შესახებ განჩინება მისი ოჯახის წევრს (ბიძაშვილს) 2018 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანხმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა შპს „...ასა“ და შპს „გ...“-ის შემთხვევაში 2018 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და 2018 წლის 2 ნოემბერს ამოიწურა, ხოლო დ. ც-ას შემთხვევაში ვადის დენა დაიწყო ი. ვ-ემ და ნ. ს-ემ ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 70-ე, 74-ე, 374-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ას“, შპს „გ...“-ისა და დ. ც-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე