Facebook Twitter

საქმე №ბს-627(კ-19) 11 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ ... უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ვ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის დავალების გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ვ-ემ 2016 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხის - ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ... უნივერისტეტის 2016 წლის 25 იანვრის №2 ბრძანების ბათილად ცნობა და ... უნივერსიტეტისათვის ბრძანების გამოცემის დავალება სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ასევე - 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში მიღებული ლ. ვ-ის შეფასებების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის 2016 წლის 25 იანვრის №2 ბრძანება; მოპასუხე ა(ა)იპ ... უნივერისტეტს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ვ-ისათვის სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე; აღიარებულ იქნა ლ. ვ-ის 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში მიღებული შეფასებები.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ... უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ... უნივერისტეტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მითითებით, 2015 წლის 25 დეკემბერს ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის ოფისის კოორდინატორის - შ. თ-ის სამსახურობრივი ბარათის საფუძველზე მოსარჩელე ლ. ვ-ის მიმართ ... უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის 3.2.15 პუნქტების დარღვევის გამო დაიწყო დისციპლინური წარმოება, სამსახურობრივ ბარათში განმარტებული იყო, რომ ა(ა)იპ ... უნივერისტეტის ... ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა ლ. ვ-ემ დაარღვია სტუდენტის ეთიკის კოდექსის 3.2.15 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2015 წლის 18 დეკემბერს, უნივერსიტეტის ცენტრალურ ფოიეში განთავსებულ გარდერობში. ლ. ვ-ემ ლ. გ-ის ქურთუკიდან აიღო 30 ლარი, რაც დასტურდება უნივერსიტეტის ცენტრალურ ფოიეში განთავსებული ვიდეოკამერებით.

2016 წლის 25 იანვარს რექტორის №2 ბრძანებით ლ. ვ-ეს ეთიკის კოდექსის 3.2.15 პუნქტების დარღვევის გამო ეთიკის კოდექსის 4.10 პუნქტის მიხედვით პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა - სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

კასატორის მითითებით, ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებული აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტის უფლებას სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელებას, უნივერსიტეტში არსებული ეთიკის კოდექსის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი უნივერსიტეტს ავალდებულებს შექმნას სტუდენტის ეთიკის კოდექსი და მასში განსაზღვროს ის ქმედებები, რომლის ჩადენაც სტუდენტის მიერ ჩაითვლება არაეთიკურ ქმედებად. შესაბამისად, როდესაც სტუდენტი არღვევს სტუდენტის ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ წესებს, უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო ვალდებულია განიხილოს სტუდენტის არაეთიკური ქმედება და მისი დისკრეციის ფარგლებში დააწესოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, სტუდენტის მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებების პროპორციულად.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში საუბრობს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ უნივერსიტეტმა ლ. ვ-ის ქმედების გამო არ მიმართა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. სასამართლო არ განმარტავს იმ გარემოებას, რომ უნივერისიტეტის ეთიკის საბჭო მოქმედებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი სტუდენტის ეთიკის კოდექსისა და ეთიკის საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. უნივერსიტეტი და უნივერსიტეტში კანონმდებლობის სრული დაცვით, შექმნილი ეთიკის საბჭო არ შეიძლება დამოკიდებული იყოს საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაზე. უნივერისტეტი ვალდებული იყო, ლ. ვ-ის საკითხი განეხილა უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს, ემსჯელა ლ. ვ-ის ქმედება იყო თუ არა ეთიკური და მნიშვნელობა არ ჰქონდა მისი ქმედების სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვქვეშ არ არის დაყენებული ის ფაქტო, რომ ლ. ვ-ის ქმედება ნამდვილად იყო არაეთიკური და მსჯელობს მხოლოდ ფორმალურ პროცედურებზე.

კასატორის განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლ. ვ-ის ქმედების გამო უნივერსიტეტი თუ დაელოდებოდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, უნივერსიტეტს ეზღუდებოდა დისკრეციული უფლებამოსილება და ეთიკის საბჭოს არსებობა კარგავდა აზრს. უნივერსიტეტის დისკრეციულ უფლებამოსილებას განსაზღვრავს სტუდენტის ეთიკის კოდექსი. დისკრეციული უფლებამოსილება უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ემსახურება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გადაწყვეტილებით. დისკრეციის განხორციელების პროცესში უნივერსიტეტმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საჯარო და კერძო ინტერესებს, რადგანაც ლ. ვ-ის ქმედება წარმოადგენდა არაეთიკურ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა უნივერსიტეტის სახელს, რეპუტაციას და ასევე სხვა სტუდენტების უფლებებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლ. ვ-ის არაეთიკური ქმედება ცნობილი იყო უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებისათვის და ეთიკის საბჭოს მის დისკრეციის ფარგლებში, რომ არ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ეს იქნებოდა უნივერსიტეტის მხრიდან უმოქმედობა. სტუდენტებს ექნებოდათ განცდა, რომ უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას. სტუდენტისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა კი უნივერსიტეტის ავტორიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია.

კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. ვ-ისათვის ცნობილი იყო რა ითვლებოდა უნივერსიტეტში არაეთიკურ ქმედებად და რა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება დაკისრებოდა ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში. როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტში იწყებს სწავლას, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია სტუდენტის უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების მიხედვით, სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელ ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვრედზე. როდესაც ლ. ვ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა (სტუდენტი, ხელმოწერის დროს იყო არასრულწლოვანი) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, ლ. ვ-ემ აიღო ვალდებულება, რომ გაცნობოდა და შეესრულებინა უნივერსიტეტში მოქმედი ყველა წესი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი ლ. ვ-ის მიმართ დისციპლინური წარმოების დროს მოქმედებდა უნივერსიტეტში არსებული სამართლებრივი აქტების სრული წესის დაცვით და ეთიკის საბჭოს მიერ მიღებული 2016 წლის 25 იანვრის №2 ბრძანება შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებს და არ არსებობს 60(1) მუხლით გათვალისწინებული ბრძანების ბათილად ცნობის რომელიმე საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, მან საქმეში არსებული მტკიცებულებების, სხდომის ოქმების გათვალისწინებით არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ უნივერსიტეტს უფლება აქვს დაიწყოს დისციპლინური წარმოება უნივერსიტეტში არსებული ეთიკის კოდექსის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი, უნივერსიტეტს ავალდებულებს შექმნას სტუდენტის ეთიკის კოდექსი და მასში განსაზღვროს იქ ქმედებები, რომლის ჩადენაც სტუდენტის მიერ ჩაითვლება არაეთიკურ ქმედებად. შესაბამისად, როდესაც სტუდენტი არღვევს ეთიკის კოდექსით განსაზღბრულ წესებს, უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო ვალდებულია განიხილოს სტუდენტის არაეთიკური ქმედება და მისი დისკრეციის ფარგლებში დააწესოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, სტუდენტის მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედების პროპორციულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი გახდა ააიპ ... უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს 2016 წლის 21 იანვრის №01 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დაეყრდნო დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შესახებ ინფორმაციის შემცველ მოხსენებით ბარათს და ვიდეომასალას, რომლის თანახმადაც დადასტურებულად იქნა მიჩნეული 2015 წლის 18 დეკემბერს მომხდარი ფაქტი, კერძოდ, ლ. ვ-ის მიერ ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის 3.2.15 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიხატა მოსარჩელის მხრიდან უნივერსიტეტის ცენტრალურ ფოიეში განთავსებულ გარდერობიდან სტუდენტის ლ. გ-ის კუთვნილი თანხის ქურდობაში. ამდენად, უნივერსიტეტის მითითებით სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება - ქურდობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველ საქმეზე არ განხორციელდა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის 2016 წლის 25 იანვრის №2 ბრძანება გამოცემულია მისი გამოცემისათვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სახეზეა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რაც ასევე წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ლ. ვ-ის 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში მიღებული შეფასებების აღიარების საფუძველს, ვინაიდან, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება ან გამოძიების დასრულებისა და სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად, გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად იქნებოდა მიჩნეული. ასევე, ლ. ვ-ე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მას ლ. გ-ის ქურთუკი თავისი მეგობრის ქურთუკში აერია, რომელმაც ფულის ამოღება დაავალა. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოზე არ მომხდარა მითითებული გარემოების გამოკვლევა და მისი უარყოფა, კერძოდ, ეთიკის საბჭომ ისე მიიღო ლ. ვ-ისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ მომხდარა ლ. ვ-ისა და ლ. გ-ის გამოკითხვა, ასევე იმ პირის გამოკითხვა ვის ქურთუკზედაც მიუთითებდა ლ. ვ-ე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების დადასტურება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობაა.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ... უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორს - ა(ა)იპ ... უნივერსიტეტს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 25.02.2019წ. №191772873 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე