Facebook Twitter

საქმე Nბს-1299(კ-18) 15 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჯ. ნ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირები - გ. ნ-ი, მ. ნ-ი, ა. ნ-ა, ბ. ნ-ი, ს. ნ-ა, ი. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 6 მარტს ჯ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა გ. ნ-ის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში არსებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, 2003 წლის 17 თებერვალს განხორციელებული გ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა უძრავ ქონებაზე ს.კ ..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 დეკემებრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 16 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 15 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 5 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

მოსარჩელემ სარჩელთან ერთად წარადგინა შუამდგომლობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 05 იანვრის N... გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით, ჯ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებაზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განჩინებით, საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ გ. ნ-ი და მ. ნ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის საოქმო განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირებად ჩაებნენ ა. ნ-ა, ბ. ნ-ი, ი. ნ-ი და ს. ნ-ა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ჯ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ნ-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით ჯ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შესახებ და არასწორად შეფასა საქმის გარემოებები, რის შედეგადაც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო გზა ცენტრალურ სავალ გზასთან დამაკავშირებელი ჯერ კიდევ წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან და ის არასდროს ყოფილა მესამე პირების საკუთრება. ამდენად, საჯარო რეესტრს საარქივო მონაცემების შემოწმების შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მესამე პირებზე. აღნიშნული რეგისტრაციით საჯარო რეესტრმა ჯ. ბ-ს მოუსპო ცენტრალურ გზასთან მისასვლელი გზა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვიანიდან დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 1991 წელს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში გ. ნ-ის სახელზე აღირიცხა 2502,06 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე, მარნეულის რაიონი სოფელი ... . მიწის ნაკვეთზე შედგა ტექნიკური ინვენტარიზაციის გეგმა. დადგენილია, რომ 2015 წლის 12 დეკემბერს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო N... გადაწყვეტილება და უძრავ ქონებაზე ს.კ ... დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები მესაკუთრეები, კერძოდ, გ. ნ-ი მითითებულ იქნა 1125 კვ.მ მიწის ფართობისა და N1 შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ს. ნ-ი, ბ. ნ-ა, ა. ნ-ა, ი. ნ-ი და გ. ნ-ი ცნობა - დახასიათების (1991 წლის სააღრიცხვო მასალის) საფუძველზე 1377 კვ.მ მიწისა და N2 და N3 შენობა - ნაგებობების მესაკუთრეებად. ამდენად, საკადასტრო აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი შეესაბამება უფლების დამდგენ დოკუმენტში - ცნობა-დახასიათებაში (სააღრიცხვო მასალა 1991 წლის მდგომარეობით) მითითებულ ფართს. მარეგისტრირებელმა ორგანომ განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია და აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტები ძალაშია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ზემოხსენებული ძირითადი იურიდიული საფუძვლები ძალაშია მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ არ არსებობს მათ საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წინაპირობები.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. კასატორს - ჯ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 05.12.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე