საქმე №ბს-59(კ-19) 19 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ლ. ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, აქტების არარად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-ემ 2017 წლის 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, არარად აღიარებისა და აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. ასევე, ლ. ს-ის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს იმავე მოპასუხის მიმართ წარდგენილ იქნა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით, ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტარციული საქმე №3/6288-17 და №3/6633-17 და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა №3/6288-17.
საქმეთა გაერთიანების შემდეგ, საბოლოოდ ლ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აგვისტოს №... წერილის ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2017 წლის 04 აგვისტოს №... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბოლო აბზაცში მითითებული დასკვნის: „გაცნობებთ, ქალაქი თბილისში, ...ას (...ის)
ჩიხი №3-ში შესაძლოა იყოს დარჩენილი სარეგისტრაციო ფართობი, რომელზეც რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება ექნება სახელმწიფოს, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც უტყუარად დაადასტურებს სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვას,
ტექნიკური აღრიცხვის არქივში არ ინახება“, გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც გამოცემული იქნება უტყუარი და სარწმუნო ინფორმაცია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №... წერილის ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელისათვის წერილობითი ფორმით ინფორმაციის გადაცემის დავალება - ქ. თბილისში, ყოფილი ...ის (ამჟამინდელი ...ას) ჩიხი №3 მისამართზე არსებული უძრავი ნივთი 1940 წელს
რა სამართლებრივი საფუძვლით გადაეცა საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტს და გადავიდა სახელმწიფო საკუთრებად და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 სექტემბრის №... წერილის არარა აქტად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2018 წლის 31 აგვისტოს ლ. ს-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოთხოვა სააპელაციო საჩივრის განხილვის გადადება 4 თვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებით ლ. ს-ის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის 4 თვის ვადით გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინება, 2018 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებასთან ერთად საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, 01.09.2018 წლის და 01.10.2018 წლის საოქმო განჩინებების გამოტანისას, მოსამართლემ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლი,რომელიც უნდა გამოეყენებინა, მით უფრო, რომ 2018 წლის 19 ივნისის №... წერილით მოპასუხე ადასტურებდა 1940 წელს მოქმედი „საქართველოს სსრ ქალაქ-ადგილებში და მუშატა,საკურორტო და სააგარაკო დაბებში მიწების,შენობებისა და კომუნალური ნაგებობების ინვენტარიზაციის შესახებ“ 1935 წლის 08 დეკემბრის გამოცემული დებულებების მოთხოვნათ უცოდინარობას, ხოლო გასაჩივრებული 2017 წლის 20 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტით, პირიქით ადასტურებდა, რომ ამ ფაქტით გაცემული ინფორმაციის საფუძველი იყო 1940 წელს მიმდინარე ინვენტარიზაცია, რაც მოსამართლისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარება უნდა ყოფილიყო და თავისი ინიციატივით გამოეთხოვა 1940 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტი. კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მით უფრო უნდა დაეკმაყოფილებინა 2018 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე დაყენებული წერილობითი შუამდგომლობა 4 თვით საქმის გადადებასთან დაკავშირებით, თუმცა საქმის არსებითი განხილვა რეკორდულად მოკლე ვადაში დანიშნა მოსამართლემ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უნდობლობის საფუძველია. კასატორის მითითებით, საქმე იყო განსაკუთრებით რთული კატეგორიის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდწქსისი 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოსამართლე ვალდებული იყო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო ვადა განჩინებით გაეგრძელებინა 5 თვამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველ საქმეზე განხორციელდა. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ სააღრიცხვო მასალებზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აგვისტოს №... წერილით გაიცა ინფორმაცია, რომელიც შესაბამისობაშია სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან, კერძოდ ქ. თბილისში, ...ას (...ის) ჩიხი №3-ში მდებარე უძრავი ნივთი 1940 წლიდან აღრიცხულია საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის სახელზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოსთვის არქივის სახით გადაცემული, ტექნიკური აღრიცხვის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ...ას (...ის) ჩიხი №3-ში მდებარე უძრავი ნივთი 1940 წელიდან აღრიცხულია საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის სახელზე, თუმცა აღნიშნული აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი მითითებული არ არის და არც დაცული დოკუმენტებით ირკვევა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ტექნიკური აღრიცხვის არქივის მასალებით ვერ დგინდება რა სამართლებრივი საფუძვლით განხორციელდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის სახელზე აღრიცხვა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ გასცემდა იმ ინფორმაციას, რაც საარქივო მასალებში არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, დგინდება, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მათი გამოცემისათვის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს №... და 2017 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების არარა აქტად აღიარებას იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული აქტების გამოცემულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნა არ ემყარება შესაბამის სამართლებრივ საფუძველს და ისინი გამოცემულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე