ბს-613-613 (კ-18) 27 ივნისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ნ-ე
დავის საგანი – მიუღებელი პენსიის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2018წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
12.08.2016წ. გ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გ. ნ-ისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს აგრეთვე დაევალა 2013 წლის 1 დეკემბრიდან გ. ნ-ისათვის პენსიის ანაზღაურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ გ. ნ-ე (დაბ. ...წ.) 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, იმავდროულად იღებდა ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას, რომელიც შეუწყდა 2013 წლის დეკემბერში. გ. ნ-ემ 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის აღდგენა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებული იყო სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით და საკასაციო სასამართლოს №ბს-77-75(კ-15) 02.07.2015წ. განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე გ. ნ-ე საქმიანობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტაში“, რის გამოც მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მისთვის პენსიის შეწყვეტა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სზაკ-ის 53.4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გასაჩივრებული აქტის გამოცემას, რაც სზაკ-ის 6011 მუხლის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და გ. ნ-ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დავალების გამოცემის საფუძველი.
2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ აგრეთვე საფუძვლიანად მიიჩნია სზაკ-ის 207-208-ე მუხლების და სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1008-ე მუხლების შინაარსზე მითითებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიჩნეული იქნა უკანონოდ და ბათილად იქნა ცნობილი, აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ 2013 წლიდან გ. ნ-ისთვის პენსიის გაცემის შეწყვეტა აგრეთვე უკანონოა, რაც სასამართლოს აზრით მითითებულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ნ-ეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება იმ საფუძვლით, რომ იგი საქმიანობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს ,,დელტაში“, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ იყო სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება, სადაც დასაქმება არ უნდა მიჩნეულიყო საჯარო საქმიანობად. ვინაიდან გ. ნ-ეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მას სრულად უნდა ანაზღაურებოდა შეწყვეტილი პერიოდის პენსიის თანხა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებული იყო გ. ნ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის ზიანის სახით 2013-2016წ.წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილშიც.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს სუს ბს-481-478(2კ-17) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ზიანის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. მოსარჩელეს 2013 წლის დეკემბერში შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, აღნიშნული პერიოდიდან მისთვის ცნობილი იყო პენსიის შეწყვეტის შესახებ, რაც მას სადავოდ არ გაუხდია 2016 წლამდე. გ. ნ-ეს 2016 წლის ივლისის თვემდე არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსთვის პენსიის შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის და პენსიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. სზაკ-ის 177.2, 180-ე მუხლები ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რაც გ. ნ-ეს არ განუხორციელებია 2016 წლამდე. აღნიშნულის გამო არ არსებობდა 2016 წლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე, რაც სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად შეადგენს სამ წელს და ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებლობის გარდა გ. ნ-ის მოთხოვნა არის ხანდაზმულიც, რაც მართებულად გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორი თვლის, რომ დაუსაბუთებელია სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა. სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ არ არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თავდაცვის მინისტრის 15.08.2015წ. №25 ბრძანებით დამტკიცებული იქნა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ წესდება, რომლითაც არ არის გათვალისწინებული მისი სამეცნიერო ფუნქცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 09.02.2017წ. #04/8010 წერილით მიმართა „დელტას“ და 27.02.2017წ. #338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ მიჩნეული იქნა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რის გამოც გ. ნ-ეს სწორად ეთქვა უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
საკასაციო სასამართლოს 07.02.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის გ. ნ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. მითითებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2018წ. განჩინება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გ. ნ-ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში განსხვავდებოდა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუს ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ. განჩინება), რაც სასკ-ის 34.3 მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი გ. ნ-ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით არ დაკმაყოფილდეს გ. ნ-ის სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ნ-ე (დაბ. ...წ.) 2010 წლიდან მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ და იღებდა ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო გ. ნ-ეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა. 2016 წლის ივლისის თვეში მან განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.08.2016წ. წერილით გ. ნ-ის წარმომადგენლის ხ. ხ-ისადმი უარის თქმის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ გ. ნ-ე მუშაობდა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტაში“, სადაც საქმიანობა ითვლებოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის გ. ნ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან გადაწყვეტილების ამ ნაწილზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო სასამართლოს 07.02.2019წ. განჩინებით, რის გამოც საკასაციო პალატის შეფასების საგანია განჩინების კანონიერება მხოლოდ გ. ნ-ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (5.3 მუხ., 17 მუხ.). იგივე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (4.3 მუხ., 9.1 „ბ“ ქვეპ.). პენიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ინიშნება.
2013 წლიდან პენსიის გაცემის საფუძველს არ ქმნის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მითითება იმის თაობაზე, რომ თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილების უკანონოდ მიჩნევა ქმნის 2013 წლიდან პენსიის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება ქმნის 2016 წლის 1 აგვისტოდან პენსიის მიღების თაობაზე მოთხოვნის საფუძველს, რაც ავტომატურად არ გულისხმობს 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების უფლების მოპოვებას. საქმის გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ გ. ნ-ემ 2013 წლიდან იცოდა სამსახურის გამო მისთვის ასაკის პენსიის შეწყვეტის შესახებ, მას შეეძლო გადაემოწმებინა პირადი საპენსიო ანგარიში და შემდგომ მოეთხოვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეწყვეტილი პენსიის აღდგენა (პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეული იქნეს პენსიის შეჩერებად). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წერილობით ან ზეპირად. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თვლიდა საჯარო სამსახურის დაწყების გამო პენსიის შეწყვეტას მისი უფლების შეზღუდვად, მას უნდა მოეთხოვა აქტის წერილობითი გამოცემა და უნდა გაესაჩივრებინა აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს 2013 წლის დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია, გ. ნ-ეს პენსიის გაუცემლობა წლების განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია, მას არც ყოველთვიური სარგებლის გაუცემლობის სახით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს უმოქმედობა გაუსაჩივრებია, არ აღუძრავს შეცილებითი ან მიკუთვნებითი სარჩელი. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდა მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2013 წლის 01 დეკემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე გ. ნ-ისათვის ცნობილი იყო შემდეგ პერიოდში ყოველთვიური პენსიის შეწყვეტის გაუცემლობის ფაქტი (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელე არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე). წლების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელისათვის უთუოდ ცნობილი იყო პენსიის შეწყვეტის შესახებ, აღნიშნულს თავად მოსარჩელეც ადასტურებს, რომელიც სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ პენსიის 2013 წელს შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.07.16წ. მიმართა. თვით ის ფაქტი, რომ გ. ნ-ეს სადავოდ არ გაუხდია პენსიის შეწყვეტა 3 წლის განმავლობაში, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ. ნ-ემ იცოდა პენსიის შეწყვეტის შესახებ და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის პრეტენზია არ წარუდგენია 2016 წლის ივლისამდე. მანამდე პენსიის შეწყვეტა გ. ნ-ეს არ გაუსაჩივრებია როგორც უკანონო ადმინისტრაციული აქტი (სასკ-ის 22-ე მუხ.), როგორც ვირტუალური ადმინისტრაციული აქტი (სზკ-ის 177-ე მუხ.) ან როგორც უკანონო ქმედება (სასკ-ის 24-ე მუხ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. არ დასტურდება გ. ნ-ის სასამართლოსადმი მიმართვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. არ დგინდება, რომ 2016 წლის ივლისის თვემდე გ. ნ-ემ პენსიის შეწყვეტა ანუ მისი უფლებების ხელყოფა რაიმე ფორმით სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.
პენსიის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე საფუძვლით პენსიის დანიშვნა არ ნიშნავს პენსიის აღდგენას. პენსიის განახლება დასაშვებია პენსიის შეჩერების შემთხვევაში („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ე-16 მუხ.), შეჩერებული პენსიის განახლება მოხდება პენსიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა, გასული პერიოდის აუნაზღაურებლად.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით სასამართლომ ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ანალოგიურ ვითარებას აქვს ადგილი პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, არ დგინდება პენსიის ზიანის ანაზღაურების საფუძველის არსებობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება პენსიის აღდგენის შესახებ არ არის დასაბუთებული, ვინაიდან პენსიის შეწყვეტის შემდეგ ხდება არა პენსიის განახლება, არამედ ხელახალი დანიშვნა, შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად. აღნიშნულს არ უარყოფს სუს 02.07.15წ. #ბს-77-75 (კ-15) გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა და ამის შესაბამისად სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საქმიანობის საჯარო სამსახურად არ მიჩნევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განმარტებას დინამიური ხასიათი აქვს, ამასთანავე ახალ განმარტებას მნიშვნელობა აქვს სამომავლო ურთიერთობების გადაწყვეტისათვის, ის არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს (სუს 17.07.03წ., #3გ/ად-187-კ-02; 22.04.04წ., #ბს-1074-15-ა-03).
აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ პენსიის შეწყვეტაზე პრეტენზიის 2016 წლის ივლისის თვეში დასმით გ. ნ-ემ მოიპოვა პენსიის მიღების უფლება სააგენტოსადმი მიმართვის მომდევნო (2016 წლის აგვისტო) თვიდან („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 14.2 მუხ.) და არა 2013 წლის 01 დეკემბრიდან. პენსიის შეწყვეტას გ. ნ-ე დაეთანხმა, მას არ გაუსაჩივრებია პენსიის შეწყვეტა, რის გამოც 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის სახით თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს 01.12.2013წ.-01.08.2016წ. პერიოდში მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლები. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება მითითებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუს #ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ., ბს-887-883 (კ-17) 15.03.2018წ. განჩინებები).
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს პასუხებს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობილ ნაწილში სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რაც მოცემულ შემთხვევაში გასული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას ხანდაზმულად არ მიიჩნევს. ზემოთმითითებული საფუძვლების გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ნ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 -ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2018წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ნ-ის სარჩელი 01.12.2013წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. გ. ნ-ის სარჩელი 01.12.2013წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი