ბს-656-656 (2კ-18) 18 აპრილი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ჯ-მა 15.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.10.2015წ. N164433 და N164434 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 04.12.2015წ. N45898 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.05.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2016წ. გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ჯ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2016წ. გადაწყვეტილება 29.10.2015წ. N164433 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ე. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.10.2015წ. N164433 ოქმი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლომ უსაფუძლოდ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ მოსარჩელის ავტომობილის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა სახის ჩვეულებრივთან შედარებით დიდი რაოდენობის საქონელი, ხოლო ე. ჯ-ი არ დაემორჩილა ოფიცრების კანონიერ მოთხოვნას და არ მისცა მათ საშუალება ბოლომდე შეემოწმებინათ მანქანაში არსებული საქონელი. კასატორი სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ ე. ჯ-ის კუთვნილ ავტომობილში აღმოჩენილი საქონლის სახეობებისა და რაოდენობის გათვალისწინებით არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ აღნიშნული საქონელი გამიზნული იყო მხოლოდ პირადი საჭიროებისათვის. ის, რომ ძველი ზედნადებები გამოწერილი იყო სხვა კატეგორიის საქონელზე, არ გამორიცხავს განსახილველი საქონლის სამეწარმეო მიზნით გადაზიდვას.
კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ე. ჯ-ის შემოწმების ამსახველი ვიდეო ჩანაწერით აშკარად იკვეთება, რომ ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას, შესაბამისად, სავალდებულო იყო ზედნადების ქონა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. საკასაციო საჩივრები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, შედგება ნორმათა ციტირებისა და ფაქტობრივი გარემოებების აღწერისაგან. მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს საქონლის პირადი მოხმარების მიზნით ტრანსპორტირებას, არ არის წარმოდგენილი. შემოწმებისას ავტომანქანაში არსებული შერეული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით, ცხადი არ არის მათი სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირება. ამასთან, მართებულია კასატორთა მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი სამართალდარღვევის ჩადენის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით დასტურდება ე. ჯ-ის მხრიდან საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი არაერთგზის დაუმორჩილებლობა, თუმცა აღნიშნული ქმნის სხვა ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობას და იმთავითვე არ ადასტურებს საქონლის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირებას. სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება (საგადასახადო კოდექსის 286.1 მუხ.) და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა (საგადასახადო კოდექსის 277.1 მუხ.), სამართალდარღვევათა განსხვავებულ შემადგენლობას ქმნის, შესაბამისად თითოეული მათგანის არსებობა ინდივიდუალურ დადასტურებას საჭიროებს. კასატორები უტყუარად ვერ ადასტურებენ ე. ჯ-ის მიერ საგადასახადო კოდექსის 286.1 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენას.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი