Facebook Twitter

ბს-840(კ-18) 18 აპრილი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სს „…ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა 29.01.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სს „…ის“ მიმართ 126047,52 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „…ას“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 126 047,52 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „…ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სს „…ის“ მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ იგი უფლებამოსილი იყო მოეხდინა ურთიერთგაქვითვა, რადგან მოსარჩელესთან არსებული მომსახურების ხელშეკრულების მოქმედებისას სს „…ის“ ობიექტებზე დაფიქსირდა ქურდობა, რამაც გამოიწვია ზიანი. საექსპერტო დასკვნებით დასტურდება, რომ აღნიშნული ზიანის ოდენობაა 126048 ლარი. აღნიშნული ობიექტების დაცვა და ქურდობის გამორიცხვა იყო სწორედ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოვალეობა, რაც მან ვერ შეასრულა. შესაბამისად, მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო დადგა ზიანი, რაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს. ამდენად, მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის წინაპირობები სახეზეა. კასატორი თვლის, რომ მეორე მხარის თანხმობა გაქვითვასთან დაკავშირებით არ არის აუცილებელი. ერთობლივ აქტზე სსიპ დაცვის პოლიციის ხელმოწერის არარსებობით არ გამოირიცხება სს „…ის“ მოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული საქმის განხილვა ხდება არსებული დავის ფარგლების გათვალისწინებით. განსახილველ საქმეში მოსარჩელეა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც სს „…ისაგან“ ითხოვს მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა შეგებებული სარჩელი. ამდენად, მოცემულ დავაში სასამართლოს შეფასების საგანია მხოლოდ და მხოლოდ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მისი მართლზომიერება. კასატორი უთითებს მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის წინაპირობებზე, თუმცა არ ითვალისწინებს, რომ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვისას ორივე მოთხოვნა უნდა იყოს აღიარებული, სათანადო წესით დადასტურებული, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. სათანადო სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ზიანის ანაზღაურების შესახებ სს „…ის“ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რადგან აღნიშნული სცდება განსახილველი დავის საგანს. ამ ეტაპზე კასატორის მოთხოვნა არ არის სათანადო წესით დადასტურებული. ის, რომ ზიანი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბრალით დადგა და სწორედ იგია ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტი ამ ეტაპზე მხოლოდ კასატორის მოსაზრებაა, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების: მართლსაწინააღმდეგო ქმედების/უმოქმედობის, ბრალეულობისა და მიზეზობრივი კავშირის დადგენა სცდება განსახილველი დავის ფარგლებს, საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების გათვალისწინებით, მოკლებულია მათზე მსჯელობის შესაძლებლობას. ამასთანავე, კასატორის მითითებით, მას ცალკე სარჩელი აქვს აღძრული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, შესაბამისად, სასამართლო იხილავს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას. სწორედ აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების, სს „…ის“ მოთხოვნის სასამართლო წესით დადასტურების შემთხვევაში, წარმოიშობა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის პირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთანავე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1890,70 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „…ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინება;

3. კასატორს - სს „…ას“ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1890,7 ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი