ბს-850(კ-18) 18 აპრილი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 09.02.2017წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: შპს „…ისა“ და ზ. გ-ის მიმართ მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.10.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ დირექტორის ზ. გ-ის მიერ მიღებული შემოსავლების მიმართვა პირად საკუთრებაში ქონების შესაძენად მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებების თავიდან არიდებას. დავალიანების წარმოშობის შემდგომ ზ. გ-ემ იყიდა 21 ავტომობილი და აქედან 8 დღემდე საკუთრებაში ერიცხება. შპს-ს ქონება მცირე ღირებულების გამო ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების დაფარვას. მოპასუხეებს შორის არსებობს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთდამოკიდებულება, კერძოდ, ზ. გ-ე არის დამფუძნებელი, დირექტორი და საწარმოს მმართველი. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ურთიერთდამოკიდებულება არ წარმოადგენს ცრუმაგიერ პირებად აღიარების უპირობო საფუძველს, კასატორს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებული ურთიერთობა ამ შემთხვევაში არის დამატებითი, მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის, რადგან ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად მიუთითებს მოპასუხეების ქმედებების მიზანზე - თავიდან აიცილონ მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორი ვერ ასაბუთებს შპს „...ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ხელისშემშლელი გარემოებების შექმნას მოპასუხეთა შეთანხმებული ქმედებით, არ დასტურდება მოპასუხეთა შორის მართლსაწინააღმდეგო შეთანხმება, გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ქმედებები, მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გამიჯვნის შეუძლებლობა, ქონების დავალიანებისგან განრიდება და სხვ.. ის, რომ შპს „...ის“ დამფუძნებელი და დირექტორი ზ. გ-ეა იმთავითვე არ ადასტურებს მათ ცრუმაგიერობას, რადგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად დაშვებულია შპს-ს ერთი პირის მიერ შექმნა, ამდენად, აღნიშნული ქმედება მართლზომიერია. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ შეზღდუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იურიდიული პირია და მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ მისი ქონებით, კომპანიის ვალდებულებებზე პასუხს არ აგებს საზოგადოების დამფუძნებელი, დირექტორი ან პარტნიორი (ნორმატიულად განსაზღვრული გამონაკლისების გარდა), კომპანია დამფუძნებლისაგან განცალკევებულ, დამოუკიდებელ სუბიექტს წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული გარემოება განასხვავებს იურიდიულ პირებს ინდივიდუალური მეწარმისაგან, რომელიც თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ზ. გ-ის, როგორც შპს „...ის“ დირექტორის არაკეთილსინდისიერ ქმედებას, შპს-ს ფინანსური აქტივების პირადი სარგებლობის მიზნით უკანონოდ გამოყენებას და სხვ.. მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს-ს საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდეგ ზ. გ-ემ შეიძინა ავტომობილები, არ ადასტურებს მოპასუხეთა ცრუმაგიერობას. მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე სწორედ აღნიშნული ხელშეკრულებიდან მიღებული თანხებით ავტომობილების შეძენაზე უთითებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი