Facebook Twitter

საქმე №ბს-297(2კ-19) 21 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ა. ჩ-ე, მ. ჩ-ე (მოსარჩელე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ 2018 წლის 12 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო სოციალური დახმარების შეწყვეტის გამო, მიუღებელი კომუნალური სუბსიდიის ანაზღაურების დავალება 2017 წლის 08 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მარტამდე პერიოდში, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სასარგებლოდ 1000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო სოციალური დახმარების შეწყვეტის გამო მიუღებელი 3 თვის კომუნალური სუბსიდიის ანაზღაურება 2017 წლის 08 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მარტამდე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, ასევე სსიპ სოციალური მომსახუების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომაზე ა. ჩ-ემ მოითხოვა მოსამართლის აცილება. ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების (საოქმო განჩინება) თანახმად, ა. ჩ-ის განცხადება მოსამართლე მერაბ ლომიძის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, ა. ჩ-ის, მ. ჩ-ისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათ სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორები ა. ჩ-ე და მ. ჩ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას, ან ახალი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილოს მოთხოვნა. ამასთან, მოითხოვენ მოსამართლის აცილებაზე უარის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის N04/9105 გადაწყვეტილებით საქმეზე დადგენილია, რომ ა. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი მისი ოჯახის მიმართ 2017 წლის 8 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ. ადმინისტრაციული საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეებისთვის კომუნალური სუბსიდიის მიღების შეწყვეტა განპირობებული იყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათი სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უკანონოდ გაუქმებით და აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი თავად მოპასუხის მიერ, არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სწორად იქნა დაკმაყოფილებული და მოპასუხეს მართებულად დაევალა ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელეების სასარგებლოდ სახელმწიფო სოციალური დახმარების შეწყვეტის გამო მიუღებელი 3 თვის კომუნალური სუბსიდიის ანაზღაურება 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც წარმოიშობა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უკანონო ქმედებებმა უშუალოდ გამოიწვია მორალური ზიანის დადგომა და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების გარეშე აღნიშნულს არ ექნებოდა ადგილი, შესაბამისად, მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორები დამატებით არ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე