Facebook Twitter

საქმე №ბს-435(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ. ვ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს მთავრობა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მ. ლ-ი, ნ. ლ-ი, ნი. ლ-ი, ნ. მ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ვ-ემ 2015 წლის 24 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 27 მაისის ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2015 წლის 7 სექტემბერს ბ. ვ-ემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, სარჩელში მოპასუხეებად მიეთითნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მ. ლ-ი, ნ. ლ-ი, ნი. ლ-ი, ნ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ბ. ვ-ის შუამდგომლობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 27 მაისის ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბ. ვ-ემ 2015 წლის 14 სექტემბერს კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ბ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინება.

2016 წლის 4 აპრილს ბ. ვ-ემ კიდევ ერთხელ დააზუსტა სარჩელი, კერძოდ, მოპასუხეთა წრეს დაემატა საქართველოს მთავრობა და ასევე მოითხოვა, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის №990 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ვ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით ბ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ვ-ემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომი მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ბ. ვ-ეს მიღებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულებით, ხოლო იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ ფლობდა და იხდიდა მიწის გადასახადს. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ ბ. ვ-ე დღემდე ფლობს და იხდის მიწის გადასახადს იმ ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცათ ლ-ებს.

კასატორის მითითებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ როდესაც ლ-ებს გადაეცათ მიწის ნაკვეთი, ამ დროს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა დავა, რომელიც დაწყებული იყო ჯერ კიდევ 2000- იანი წლებიდან. ასევე, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ ლ-ებმა სადავო მიწის ნაკვეთი მიიღეს მეტად საეჭვო დოკუმენტების საფუძველზე და ყურადღება არ მიექცა გასაცვლელი და გაცვლილი მიწის ნაკვეთების რეალურ ღირებულებებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2014 წლის 20 ნოემბერს N02/17372 განცხადებით მიმართა ბ. ვ-ემ ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. N64-ში მდებარე 3798 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. კომისიის 2015 წლის 11 ივნისის საოქმო გადაწყვეტილებით ბ. ვ-ეს ზემოაღნიშნულ მისამართზე მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ 1461 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გადაეცა საკუთრების უფლება.

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის N990 განკარგულების საფუძველზე გაფორმებულ 2015 წლის 27 მაისის ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადასცა, ხოლო ფიზიკურმა პირებმა საკუთრებაში მიიღეს სახელმწიფო ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. N64 (ნაკვეთი ...), ფართით - 1000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...), ხოლო ზემოთ მითითებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცეს მათ საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 2230 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...). ასევე, ხელშეკრულების შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.02.2015წ. N0011111915 დასკვნის თანახმად, სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 90 000 ლარს (1 კვ.მ. ღირებულება შეადგენდა 90 ლარს), ხოლო 27.01.2015წ. N000448815 დასკვნის მიხედვით, ფიზიკურ პირთა ქონების ღირებულება შეადგენდა 44 600 აშშ დოლარს - 89 030 ლარს, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა - 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარი უნდა გადაეხადათ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვეში.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის №990 განკარგულება შესაბამისობაშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბერის N1–1/1486 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესისა და პირობის“, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან, რაც ასევე წარმოადგენს 2015 წლის 27 მაისის ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების კანონიერად მიჩნევის საფუძველს, იმის გათვალიწინებით, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ტოლფასი ღირებულების მქონე ქონებათა გაცვლის ფაქტი და დაცულია ასევე, არსებული გარიგების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილი სავალდებულო ფორმა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, საიდანაც დადასტურდებოდა, რომ ბ. ვ-ეს ლ-ებსა და სახელმწიფოს შორის გაცვლილ ქონებაზე გააჩნდა საკუთრების ან თუნდაც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი და ამ უძრავი ქონების სხვა პირებზე გადაცემით მას მიადგა რაიმე სახის ზიანი, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე