Facebook Twitter

საქმე Nბს-441(კს-19) 21 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის დამატებით გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა 71070 (სამოცდათერთმეტი ათას სამოცდაათი) აშშ დოლარის ანაზღაურება მოსარჩელის ა. ა-ის სასარგებლოდ. მოსარჩელე ა. ა-ს უარი ეთქვა თანხის 71 070 (სამოცდათერთმეტი ათას სამოცდაათი) აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო საურავის _ გადაუხდელი თანხის ყოველთვიური 1% - ის მოპასუხისთვის დაკისრებაზე. მოსარჩელე ა. ა-ს უარი ეთქვა მოპასუხისთვის მატერიალური და მორალური ზიანის სახით თანხის - 10 000 (ათი ათასი) ლარის დაკისრებაზე. მოსარჩელე ა. ა-ი და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე ა. ა-ისა და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკურ განვითარების სამინისტროს დაეკისრა თანხის - 71 070 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსარჩელე ა. ა-ის სასარგებლოდ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ა-ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროზე მის მიერ გამოსყიდული აქციების ღირებულების - 71 070 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით ა. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის – 71070 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის – 4%-ის, სულ 2842 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილისა და 25 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება.

2018 წლის 14 დეკემბერს, ა. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გასწორება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით ა. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: N3ბ/1719-09 ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელე ა. ა-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს დავის საგნის ღირებულების - 71070 (სამოცდათერთმეტი ათას სამოცდაათი) აშშ დოლარის 4%-ის ანუ 2842 (ორი ათას რვაას ორმოცდაორი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა - სულ 5000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2019 წლის 7 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან განვლილი წლების მანძილზე მის მიერ გადახდილია დაახლოებით 3000 ლარი თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე და დაკისრებული განჩინებაში მითითებული თანხა (2842 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა - სულ 5000 ლარი) მიჩნეული უნდა იქნეს ტექნიკურ ხარვეზად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ა-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის თანახმად (გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით ა. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების – 71070 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის – 4%-ის, სულ 2842 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად 1 აშშ დოლარი შეადგენდა 1,78 ლარს (საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე https://www.nbg.gov.ge არსებული კურსის თანახმად). შესაბამისად, 2842 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 5058, 76 ლარს. დამატებით გადაწყვეტილებაში არ იქნა გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს. შესაბამისად, დამატებით გადაწყვეტილებაში არ მიეთითა სახელმწიფო ბაჟის გადახდის მაქსიმალური ზღვარი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესაძლებლობას, ვინაიდან ა. ა-ისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 2842 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, (5058, 76 ლარი) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროებდა დაკონკრეტებას, იმ სახით რომ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 5000 ლარს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ალექსადნდრე ახატნელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე