ბს-1260(2კ-18) 16 მაისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. შ-ემ 17.05.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 17.05.2012წ. N17/05/01 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ. შ-ეს შორის 21.05.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნ. შ-ის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.05.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. შ-ე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. შ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 17.05.2012წ. N17/05/01 განკარგულება, ნ. შ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ. შ-ეს შორის 21.05.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2018წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ნ. შ-ე სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს რეგისტრირებული იყო …ში, ი. …ის ქ. N102-ში, …ის შენობაში და ითვლებოდა გ. შ-ის ოჯახის წევრად. საქართველოს პრეზიდენტის 17.05.2012წ. N17/05/01 განკარგულების საფუძველზე სამინისტროსა და გ. შ-ეს შორის გაფაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და გ. შ-ეს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება ...ში მდებარე ბინაზე. ამ ხელშეკრულებით გ. შ-ემ აიღო ვალდებულება, რომ ნ. შ-ე უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით გადაცემულ ქონებაში. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მიხედვით, ოჯახის ცნების ქვეშ მოიაზრება ნათესაური კავშირის მქონე პირთა ერთობლიობა, რომელთაც ნათესაური კავშირის გარდა აერთიანებთ საცხოვრებელი ადგილი და შინასამეურნეო საქმიანობა, ამასთან, დევნილი ოჯახი სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ერთ ოჯახად უნდა იყოს რეგისტრირებული და მინიჭებული უნდა ჰქონდეს ერთი საოჯახო ნომერი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. საქმეზე არ არის წარმოდგენილი სადავო პერიოდში მოსარჩელის ცალკე ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე სამინისტრო მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან პრივატიზების დავებთან დაკავშირებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სადავო გარიგების დადების თარიღიდან.
კასატორი საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. პრეზიდენტის სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების დაცვით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პრივატიზების პროცესში დაინტერესებული პირის მოწვევისა და ჩართვის საჭიროებას. დევნილი ოჯახის შემადგენლობის საკითხის განსაზღვრა წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომპეტენციას. კასატორი თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან ბინის პრივატიზებას მოჰყვებოდა გასაცემი შემწეობის გაზრდა 22 ლარიდან 28 ლარამდე, შესაბამისად დევნილ პირს უნდა სცოდნოდა პრეზიდენტის განკარგულების გამოცემისა და ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. არასწორია მოსაზრება ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის წერილობითი თანხმობის საჭიროების არარსებობის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (2.4 პუნქტი), რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.).
არასწორია კასატორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსაზრება სადავო ხელშეკრულების დადებისას გ. შ-ის ოჯახის შემადგენლობაში ნ. შ-ის ყოფნის შესახებ, რადგან საქმის მასალებით: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 11.05.2017წ. ცნობით, ი. ა-ისა და ნ. ბ-ის განცხადებით, ბმა „…ის“ თავმჯდომარის ფ. მ-ას ცნობით, ქორწინების მოწმობით, შვილების დაბადების მოწმობებით, შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, რომ ნ. შ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2010 წლიდან, რა დროიდანაც ის ცხოვრობს …ში, სოფ. …ში მეუღლის - ო. ა-ის ოჯახში, მოსარჩელის შვილები 23.05.2012წ. და 24.07.2015წ. დაიბადნენ ...ში და მათი საცხოვრებელი ადგილი ასევე ..., სოფ. …ია. ამდენად, დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას ნ. შ-ე არ შედიოდა მამის გ. შ-ის ოჯახის შემადგენლობაში და არ ცხოვრობდა ქ. …ში, …ის ქ. N102-ში. აღნიშნულ გარემოებას არ გამორიცხავს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ. შ-ე მამის ოჯახის შემადგენლობაში იყო რეგისტრირებული, რადგან რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შინაარსის შესახებ მოსარჩელისათვის ინფორმაციის მიწოდება. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. ამდენად, ვარაუდი, რომ ნ. შ-ეს უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, არ დასტურდება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემის პროცედურული წესების დაცვა იმთავითვე არ ადასტურებს აქტის მართლზომიერებას, რადგან ადმინისტრაციული აქტი კანონიერი უნდა იყოს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახის შემადგენლობის დადგენა არ შედიოდა არც ერთი კასატორის უფლებამოსილებაში, არ ასაბუთებს სადავო აქტების კანონიერებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი