Facebook Twitter

ბს-112(კ-19) 20 ივნისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ბ-ამ, გ. ლ-ამ, ლ. ლ-ამ, ჯ. ლ-ამ, ბ. ლ-ამ, ი. ლ-ამ, კ. ლ-ამ 20.04.2018წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდნ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 25.02.2016წ. N1070 ბრძანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 19.03.2018წ. N01-02/08/8164 წერილობითი პასუხის ბათილად ცნობისა და სამინისტროსათვის მოსარჩელეთა ოჯახის 85-100 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 19.03.2018წ. N01-02/08/8164 წერილობითი პასუხის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ბ-ას, გ. ლ-ას, ლ. ლ-ას, ჯ. ლ-ას, ბ. ლ-ას, ი. ლ-ას, კ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდნ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 25.02.2016 წ. N1070 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეთა ოჯახის შესაბამისი ფართით - 85-100 კვ.მ. საცხოვრებლით უზრულველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.10.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო 30.10.2018წ. განჩინებით - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში მართებულად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ. ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, თუმცა არასწორად განმარტა საკითხის მომწესრიგებელი ნორმები. „წესის“ მიხედვით თითოეული დევნილი ოჯახის განცხადების შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წრმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე, შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მოსარჩელეთა დევნილი ოჯახის მიერ შევსებულ იქნა განაცხადი ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით. ფართის გადაცემის პროცედურა იყო გამჭვირვალე, კენჭისყრას ესწრებოდა ფართის მიმღები ოჯახების წარმომადგენლები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სტანდარტები განსაზღვრულია „წესის“ მე-6 დანართით, რომლის თანახმად 7-8 სულიან ოჯახს გადაეცემა ოთხოთახიანი ბინა. მოსარჩელის ოჯახს, რომლის 5 წევრი არასრულწლოვანია, სახელმწიფოს მიერ გადაეცა ოთხოთახიანი, 72.60 კვ.მ.-ის ფართის ბინა. მოსარჩელის ოჯახის სრულწლოვანი, უფლებამოსილი პირის - ლ. ბ-ას მიერ განხორციელდა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე წერილობითი თანხმობის გაცემა, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერითა და მიღება-ჩაბარების აქტით. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეთა ოჯახს ფართის სარგებლობაში მიღებაზე უარი არ განუცხადებიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ დევნილი ოჯახის მიერ ფართის მიღება საჭიროებდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის წერილობით თანხმობას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა, რადგან საკითხის განხილვისა და ბინის გადაცემის დროისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი - გ. ლ-ა იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, რის გამო მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას გამოეხატა ნება ფართის მიღებასთან დაკავშირებით. ლ. ბ-ას ხელმოწერა არ ადასტურებს ოჯახის ორივე სრულწლოვანი წევრის მიერ ნების გამოხატვას, რადგან მას სათანადო წესით არ ჰქონდა მინიჭებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გ. ლ-ას წარმომადგენლობის უფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტის გამოცემისას და საკითხის განხილვისას აღნიშნული გარემოება არ გაუთვალისწინებია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 7-8 სულიანი ოჯახისათვის ნორმატიულად განსაზღვრულია არა მარტო ზოგადად ოთხოთახიანი ბინის გადაცემის ვალდებულება, არამედ დაკონკრეტებულია გადასაცემი ბინის სავარაუდო ფართი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 დანართით 7-8 სულიანი ოჯახისათვის დადგენილი იყო 85-100 კვ.მ. ფართის ოთხოთახიანი ბინის გამოყოფის საჭიროება, ასეთივე რეგულირებას ითვალისწინებს N320 ბრძანების მე-8 დანართის ამჟამად მოქმედი რედაქცია. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახს გადაეცა 72,60 კვ.მ. ფართის ბინა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეთათვის გადაცემული ბინა ოთხოთახიანია არ ადასტურებს სადავო აქტის მართლზომიერებას, რადგან გადაცემული ფართი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიულად დადგენილ საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი