ბს-1216(კ-18) 06 ივნისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „…იმ“ 04.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 22.07.2015წ. N1598950 ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 18.09.2015 წ. N704 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 18.09.2015 წ. N704 ბრძანება შპს „…ის“ 20.08.2015 წ. N1833811 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 22.07.2015წ. N1598950 ბრძანება დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი ითვალისწინებს კერძო დაცვითი ორგანიზაციიის ვალდებულებას, რომ ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა მოწესრიგდეს შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლით გაწერილია ის აუცილებელი რეკვიზიტები და შინაარსი, რომელსაც უნდა შეიცავდეს თითოეული ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში დ. ფ-თან დადებული კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებიდან ვერ დგინდება მისი მოქმედების ვადა და საქმიანობის დაწყების კონკრეტული თარიღი. შპს-ს დირექტორის ბრძანება ობიექტზე მცველის 2015 წლის 01 ივლისიდან დანიშვნის შესახებ ცალმხრივი დოკუმენტია, შრომით ხელშეკრულებაში არ ხდება მითითება მსგავს გარემოებაზე. სასამართლომ არ დაადგინა კონკრეტულად როდის დაიდო ხელშეკრულება, ასევე არ გაითვალისწინა, რომ მომსახურება, რომელსაც ეწევა მოპასუხე წარმოადგენს ლიცენზიით რეგულირებულ სფეროს და მისი საქმიანობა არ არის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობა. ლიცენზირებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში სახელმწიფო თავის როლს ასრულებს იმ ფორმით, რომ იგი დამატებით რეგულაციებს აწესებს და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს ლიცენზიის მფლობელის სამეწარმეო საქმიანობას, კერძო დაცვითმა ორგანიზაციამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას სპეციალური კანონით დაწესებული მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს დაცვითი საქმიანობის ლიცენზიით რეგულირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია კასატორის მოსაზრება, რომ კერძო დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის დადებული ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს გაფორმების თარიღს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 12.1 მუხლის მიხედვით დაცვით ორგანიზაციასა და მცველს შორის ურთიერთობა წარმოიშობა შრომითი ხელშეკრულებისა და კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში შპს-სა და დ. ფ-ს შორის 19.06.2015წ. 1 წლის ვადით დაიდო შრომითი ხელშეკრულება, შემდგომში თარიღის გარეშე დაიდო კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულება, ხოლო შემდგომ გამოიცა შპს-ს 01.07.2015წ. N190 ბრძანება, რომლის თანახმად, დ. ფ-ი დაინიშნა შპს-ს ოპერატიულ ჯგუფში დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე 2015 წლის 01 ივლისიდან. ამდენად, კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაზე თარიღის არარსებობის მიუხედავად კონკრეტულად იყო შესაძლებელი საქმიანობის დაწყების თარიღისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანგრძლივობის ვადის განსაზღვრა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ დ. ფ-ი 2015 წლის 03 ივლისიდან შეუდგა საქმიანობას და იღებდა შესაბამის შრომით გასამრჯელოს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტული დაცვის ობიექტის ხელშეკრულებაზე თარიღის მიუთითებლობით არ შექმნილა რაიმე დაბრკოლება შპს-ს ან მცველის მიერ საქმიანობის განხორციელებისას, რადგან სხვა დოკუმენტებით განსაზღვრებადი იყო როგორც შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, ასევე მცველის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების დაწყების თარიღი. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ არ შექმნილა მესამე პირთა უფლებებისათვის ზიანის მიყენების საფრთხე, რაც დაუსაბუთებელს ხდის აღნიშნული ფაქტის გამო შპს-სათვის სახდელის დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2018წ. განჩინება;
3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს.კ. 211350928) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.07.2018წ. N191322 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი